ჩინური თუ ჩინებული?

ჩინური, ჩინებული, კასპური, ვაზის, ჯიში

საქართველოს ისტორიული ცნობილ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩინური განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში.

თავისი ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებით ჩინური ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება და ამ მხარის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის როგორც ძირითად სტანდარტულ ასორტიმენტს სამართლიანად უჭირავს წამყვანი ადგილი.

ქართლის მოსახლეობაში ჩინურის დამატებით სახელებად ცნობილი იყო კასპური და კასპური თეთრი (კასპის რ-ნი). ამავე სახელებს ვხვდებით აგრეთვე მევენახეობის რიგ სპეციალურ ლიტერატურაშიაც.

თუ როდის წარმოიშვა ჩინური ქართლის ტერიტორიაზე ან როგორი ევოლუცია განიცადა მან საუკუნეთა მანძილზე, ამის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება.

ჩვენი ღრმა რწმენით იგი მსგავსად საქართველოს სხვა მრავალ აბორიგენულ ჯიშებისა წარმოშობილია ველური ვაზის ფორმათა ნაირსახეობიდან ბუნებრივი გამრავლების გზით, ხოლო შემდგომ პერიოდში მევენახეობის განვითარების შესაბამისად ადამიანის უშუალო ჩარევით მოხდა შერჩევის საშუალებით ჯიშის საბოლოო გაკულტურება და ლოკალიზება ქართლის ზონაში.

ამაზე მიგვითითებს, პირველ ყოვლისა, მისი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებები როგორიცაა: ყლორტის აღნაგობა, ფოთლის ფორმა და მოყვანილობა, ყვავილის ტიპი და მტვრიანების რაოდენობა (ხუთზე მეტი), მტევნის აღნაგობა, მარცვლის ფორმა, ფერი და კონსისტენცია, წიპწების რაოდენობა მარცვალში და აღნაგობა.

აგრეთვე ვაზის ზრდის სიძლიერე, ბიოლოგიური ფაზების მსვლელობა, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა და ყურძნის დაგვიანებით დამწიფება, რაც საერთოდ დამახასიათებელია ქართლური ვაზის ჯიშებისათვის.

ჩინურის აბორიგენობის დამადასტურებელია აგრეთვე მისი წმინდა ქართული სახელწოდება ჩინური.

უდიდესი ქართველი მეცნიერის ივ. ჯავახიშვილის მიხედვით მისი სახელი ყურძნის ამ ჯიშის მარცვლების ფერის მაუწყებელი უნდა იყოს და მართლაც, სრული მწიფობის პერიოდში ჩინურის ყურძენი იღებს რა მომწვანო_მოქარვისფრო ლამაზ შეფერვას, იგი ამ ფერით წააგავს ზეთისხილის ფოთლის ფერს, რომელიც ძველ ქართლში ჩინის სახელწოდებით იყო ცნობილი.

ამრიგად, ქართველმა მევენახემ საქართველოს წიაღში წარმოქმნილ მკვიდრ ჩინურს მსგავსად სხვა ადგილობრივი ჯიშებისა, რომელთაც ფერის მაუწყებელი სახელები აქვთ შერქმეული (შავყურძენა და წითლანი-გურიაში; ფერადი-ქართლში, ფეროვანი-რაჭაში, ჭითაშე -სამეგრელოში და სხვ.), უეჭველია, მისი მარცვლის ფერის აღმნიშვნელი სახელი ჩინი დაუდო საფუძვლად და აქედან მიაკუთვნა მას სახელი ჩინური.

ქართლის მოსახლეობა მას ჩინებულსაც უწოდებს, რადგან დასახელებულ ჯიშს ახასიათებს მთელი რიგი დადებითი ნიშნები (ძლიერი ზრდა, უხვი მოსავალი, ლამაზი აღნაგობის მტევანი და მარცვალი, ყურძნის შენახვის კარგი უნარი და ტრანსპორტაბელობა), სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ საკმაო გამძლეობა, ხოლო მისგან დამზადებულ ღვინოს კი მაღალი ხარისხი.

ყველა ამ თვისებათა გამო შეარქვეს მას ჩინებული. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე ჩინური ფართო მასივების სახით იყო წარმოდგენილი შუა ქართლში, ძირითადად კი გორისა და კასპის რაიონებში.

ჩინური, ჩინებული, კასპური, ვაზის, ჯიში

სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მოქმედებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საერთოდ ქართლის ვენახების ფართობი, რის შედეგადაც ჩინურის გავრცელების არეალიც მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, იგი უფრო მეტი რაოდენობითაა შემორჩენილი საკუთარ ძირზე ქართლის მევენახეობის რაიონებში, რაც უეჭველია გამოწვეულია ამ ჯიშის შედარებით გამძლეობით სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ.

ქართლის რაიონებს გარდა იგი გავრცელებულია აგრეთვე კახეთში გურჯაანის და თელავის რაიონებში; აგრეთვე ვანში (იმერეთი) და გუდაუთაში. დასახელებულ რაიონებში ჩინური ძირითადად დაბლარადაა წარმოდგენილი, ხოლო ზოგიერთ მიკროუბნებში ხეივნებად.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.
ფოტო – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

იხილეთ: ჩინური – ქართული ვაზის ჩინებული ჯიში

თქვენი რეკლამა