სამხრეთ კორეის მილიონ ტირაჟიან ჟურნალში ქართულ ღვინოზე სტატიები დაიბეჭდება

ღვინო

საქართველოს ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ცნობილი სამხრეთ კორეელი ენოლოგი, პროფესორი ბანგ ჯინ-შიკი ეწვია, რომელიც თავის საიუბილეო მე-100 სტატიას ქართულ ღვინოს მიუძღვნის.

ბანგ ჯინ-შიკი წლების მანძილზე საფრანგეთში მოღვაწეობდა და ამჟამად კორეის უმსხვილესი ავია კომპანიის ,,Korean Air”-ს საბორტო ჟურნალის პროფესიონალი მიმომხილველია. სტატიები ქართულ ღვინოზე სწორედ ,,Korean Air”-ის საბორტო ჟურნალში დაიბეჭდება.

ვიზიტის ფარგლებში ბანგ ჯინ-შიკი ეწვია ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სადაც საქმიანი შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილთან და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან გამართა,  დაათვალიერა სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი.

როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, სამხრეთ კორეაში ქართული ღვინის იმპორტი ბოლო წლებში მზარდია და ქართული ღვინოზე დაწერილი სტატიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას აღნიშნულ ქვეყანაში.

„ქართული ღვინის შესახებ სტატიის მომზადების გადაწყვეტილება ავიაკომპანია ,,Korean Air”-ის ხელმძღვანელობამ მიიღო. მიმდინარე წლის აგვისტოდან წლის ბოლომდე ქართულ ღვინოზე სტატიები ჟურნალის ოთხ ნომერში დაიბეჭდება. მათ შორის ერთ-ერთი – ბანგ ჯინ-შიკის საიუბილეო, მე-100 სტატია იქნება. აღნიშნული საბორტო ჟურნალი, რომლის ტირაჟი თითქმის 1 მილიონს აღწევს, ავიაკომპანიის  კუთვნილ ყველა თვითმფრინავში და მსოფლიოს 130 ქვეყანაში ავიაკომპანიის ფილიალებში გავრცელდება“ – აღნიშნა მან.

საქართველოში სტუმრობის დროს სამხრეთ კორეელმა ღვინის პროფესიონალმა მოინახულა ქართული ღვინის კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „საწნახელი“, „თელიანი ველი“, „მარანული“, „შატო მუხრანი“, კახეთში ეწვია ასევე მექვევრე ზაზა კბილაშვილს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნო.

სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ეს ბანგ ჯინ-შიკის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში.

თქვენი რეკლამა