საჯარო სკოლაში ნარჩენების დახარისხება დაიწყო

ნარჩენები

2 თებერვალს ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლაში, ნარჩენების დახარისხების კუთხე გაიხსნა.

ამიერიდან სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს  შესაძლებლობა ექნებათ დახარისხებული ნარჩენი (ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი) მიიტანონ და განათავსონ დახარისხების კუთხეში, შესაბამის ურნებში, ნარჩენების შემდგომი გადამუშავების მიზნით.

ნარჩენების შეგროვებას და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს სუფთა სამყარო, რომელიც ნარჩენებს შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადასცემს.

ნარჩენების დახარისხების კუთხის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლეს №54–ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჩოქურმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კავკასიაში USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის ხელმძღვანელმა ვერონიკა ლიმ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ფლეშმობი და ნარჩენების თემატიკაზე მომზადებული პოსტერების გამოფენა–კონკურსი. პოსტერების გამოფენას წინ უძღოდა, ორკვირიანი მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც სკოლის მოსწავლეებს უნდა შეემუშავებინათ პოსტერები ნარჩენების მართვის თემატიკაზე.

კონკურსში გამარჯვებული პოსტერები დაიბეჭდება, WMTR II პროგრამის დაეხმარებით, და გავრცელდება სკოლებში, ნარჩენების შემცირებისა  და გადამუშავების პოპულარიზაციის მიზნით. კონკურსის ყველა მონაწილეს ვერონიკა ლიმ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ნარჩენების დახარისხების კუთხე გაიხსნა USAID–ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) ფარგლებში.

პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.

ამავე ინიციატივის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით დახარისხებული ნარჩენების განთავსება უკვე რვა ლოკაციაზეა შესაძლებელი. ნარჩენების დახარისხების ადგილების სანახავად, გთხოვთ, იხილოთ რუკა: ნარჩენების დახარისხების კუთხეები.

ნარჩენების დახარისხების ვალდებულება საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული და ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, 2019 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დაიწყოს.

WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.

თქვენი რეკლამა