ვაზის დამბლა (ესკა) და მის წინააღმდეგ ბრძოლა

ვაზის, დამბლა, ესკა

ვაზის დამბლა (ესკა) ტრაქეომიკოზული დაავადებაა და მისი გამომწვევია სოკო – Stereum hirsitum (wild) Fr. გამოკვლევით დადგინდა, რომ დაავადება გავრცელებულია, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. ვაზის სხვადასხვა ჯიშები ამ დაავადებისადმი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გამძლეობით.

ვაზი ერთ-ერთი უძველესი და სახალხო მეურნეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი კულტურაა, რომლის დაავადებისა და მავნებლების შესწავლას, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი ყურადღება ჰქონდა დათმობილი.

ვაზის ისეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომელსაც დაავადებები საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. ამ დაავადებების რიცხვი და მათი გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა: სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, ფუნქციონალური ხასიათის დაავადებები და სხვა.

დაავადების აღნიშნული მიზეზებიდან, როგორც რაოდენობის მხრივ, ისე გავრცელების თვალსაზრისით და მცენარისადმი ზიანის მიყენებით, პირველ რიგში დგას პათოგენური სოკოები, განსაკუთრებით დიდი მავნეობით გამოირჩევა ისეთი სოკოები. რომლებიც მცენარის ხმობას იწვევენ, სხვა დაავადებების შემთხვევაში, დაცვითი ღონისძიებების გატარებით მოსავალი მიიღება, ხმობის დროს კი, უმეტეს შემთხვევაში მცენარე მთლიანად იღუპება და, რა თქმა უნდა, მოსავალი არ მიიღება.

სწორედ ისეთი – დიდი მავნეობის მქონე დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის ვაზის დამბლა ანუ “ესკა”. დაავადება ტრაქეომიკოზულია და მისი გამომწვევია გვარი Stereum – ის ერთ-ერთი წარმომადგენელი სოკო – Stereum hirsitum (wild) Fr.

მეცნიერებაში არ არსებობს ერთიანი აზრი დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ.  ზოგიერთი მკვლევარები ვაზის დამბლის მიზეზად მიიჩნევენ ერთის მხრივ ნიადაგის შეუფერებლობას, მაგალითად მძიმე თიხნარი ნიადაგი, რომელიც თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით ხელს უშლის ფესვების ნორმალურ განვითარებას და აერაციის ძნელი პირობების გამო, ფესვების დახშობას იწვევს.

მეორეს მხრივ კი დამბლის მიზეზად მიიჩნევენ ფესვების მიკოფლორის ტოქსიკურ მოქმედებას. მათი მონაცემებით მიკოფლორის ზოგიერთი წარმომადგენლები საპროფიტები არიან, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში პარაზიტულ ცხოვრებას იწყებენ. მათი აზრით ნიადაგის და მიკოფლორის ერთდროულ მოქმედებას, შესაძლებელია შედეგად ვაზის დამბლა მოჰყვეს.

ზოგიერთი ავტორი კი ვაზის დამბლის მიზეზად კლიმატურ პირობებს თვლის მათი მონაცემებით ვეგეტაციის პერიოდში ტემპერატურის ძლიერი და სწრაფი ცვალებადობა ტრანსპირაციის წონასწორობის დარღვევას იწვევს. ძლიერ მაღალი ტემპერატურა ინტენსიურ აორთქლებას ახდენს ფოთლებიდან, აორთქლებული წყლის დანაკლისი ვერ ივსება, ფესვების მიერ შეთვისებული წყლის რაოდენობით. ამის შედეგად ირღვევა წყლის ნორმალური მიწოდება ფოთლებში და წყლის დეფიციტი ვაზის უეცარ დაღუპვას იწვევს. სხვა მკვლევარები კი აღიარებენ ვაზის დამბლის ინფექციურ ბუნებას და, მათი მონაცემებით, დაავადების გამომწვევია Stereum hirsitum (wild) Fr.

დაავადების ხასიათის დასადგენად, ჩვენ მიერ ჩატარდა სოკო – Stereum hirsitum (wild) Fr.– ით ვაზის ხელოვნური დასენიანება, ვაზის შტამბზე მექანიკურ ჭრილობაში სოკოს მიცელიუმის შეტანით. მიღებულ იქნა დაავადების ისეთივე სიმპტომები, როგორიც არსებობს ბუნებაში, გარდა ამისა მოხდა ამ სოკოს რეიზოლაცია სუფთა კულტურებში. ყოველივე ამით დადასტურდა, რომ დამბლა ინფექციური ხასიათისაა და მისი გამომწვევი ნამდვილად არის სოკო – Stereum hirsitum (wild) Fr.

დაავადების გავრცელების დასადგენად ჩატარდა მარშრუტული გამოკვლევები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში, კერძოდ გურჯაანის, სიღნაღის, ზესტაფონისა და ამბროლაურის რაიონებში. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დაავადება ფართოდ არის გავრცელებული, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

ასევე დადგინდა, რომ დამბლით ვაზის სხვადასხვა ჯიშების დაავადების ხარისხი არ არის ერთნაირი, კერძოდ აღმოსავლეთ საქართველოში დაავადებისდმი მიმღებიანია საფერავი, შედარებით გამძლეა ხიხვი. დასავლეთ საქართველოში კი დაავადებისადმი მიმღებიანი ციცქა და შედარებით გამძლეა ცოლიკაური.

ვაზის პათოგენეზის პროცესი მიმდინარეობს ხანგრძლივად, პირველ ეტაპზე ის ფარულია, რადგან ინფექცია შტამბის გულში იჭრება და იწვევს მერქნის ნეკროზს. უკანასკნელი ვრცელდება, როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური მიმართულებით. დაავადების გარეგნული სიმპტომები ჩნდება ინფექციის მოხდენიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

დაავადების პირველი სიმპტომია ვაზის ფოთლებზე ყვითელი ლაქების წარმოქმნა, რომლებსაც მთავარი ძარღვებს შუა მოთავსებული არე უკავიათ. სიყვითლე თანდათან მატულობს, იკავებს ფოთლის მთელ ფირფიტას, განსაკუთრებით ზაფხულის მეორე ნახევარში, დიდი სიცხეების დადგომის პერიოდში და საბოლოოდ ვაზი ხმება.

ვაზი, დამბლა, ესკა

მართალია ავადმყოფობის პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ მცენარის დაღუპვა უცბად ხდება, რის გამოც დაავადებას დამბლას უწოდებენ.

დამბლის გარეგნული ნიშნებია: გარეგნულად თითქოს სრულიად საღი ვაზი უცბად ხმება, ფოთლების მწვანე ფერი, მოყვითალო – მწვანით იცვლება, რომლებიც იჭმუჭნება, ჭკნება და ბოლოს ცვივა. ჭკნება და ხმება ასევე მტევნის მარცვლები, რომლებიც ხშირად ცვივა ფოთლებისა და მტევნების ჭკნობასთან ერთად, ხმება ასევე ერთწლიან ტოტებიც.

არის შემთხვევები, როდესაც ვაზს ნაწილობრივ დამბლა ემართება, კერძოდ ტოტების ერთი ნაწილი ხმება, ხოლო ერთი ნაწილი სრულიად საღი რჩება და ნორმალურად განაგრძობს განვითარებას.

ვაზის შტამბზე მექანიკურ ჭრილობაში მოხვედრილი სოკოს სპორი მიცელიუმი იჭრება მერქნის სიღრმეში, ცენტრში. მიცელიუმი იწყებს ზრდა-განვითარებას და ვრცელდება, როგორც შტამბის სიგრძეზე, ასევე ჰორიზონტალურადაც პერიფერიისაკენ კონცენტრულად. რაც დრო გადის, მით უფრო მეტ წლიურ რგოლებზე ვრცელდება იგი, იწვევს გულის ნეკროზს, შლის მერქანს და აფუტუროებს მას.

დაავადებული შტამბი, რომ გაიჭრას სიგრძეზე, მასში კარგად ჩანს დაავადებული და საღი ნაწილები. ცენტრში მოთავსებულია ღია _ მუქი ფერის მთლად დაშლილი და დაფუტუროვებელი მერქანი, რომელიც შედგება სოკოს მიცელიუმისა და დაშლილი ჭურჭელ-ბოჭკოვანი კონებისაგან.

მას შემდეგ მოსდევს მურა ფერის არშია, რომლითაც გამიჯნულია დაავადებული ნაწილი, გარეთა საღი ნორმალური მერქნისაგან. მურა ფერის არშია წარმოადგენს სოკოს პექტოლიტური ფერმენტების მოქმედების არეს. ფერმენტების მოქმედება გამოიხატება, მერქნის ქსოვილებში შემავალი ტანინის შენაერთების დაჟანგვაში, რის შემდეგაც სოკო ადვილად შლის თვით ქსოვილებსაც.

სოკოს გავრცელება შტამბის მერქნის პერიფერიისაკენ ხდება წლიური რგოლების თანდათანობითი დაშლით. როდესაც მისი მოქმედება კამბიუმის რგოლამდე მიაღწევს, მცენარეში უკვე წყლის მოძრაობა წყდება და ამის შედეგად ვაზი სწრაფად იღუპება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ავადდება შტამბის მხოლოდ ზედა ნაწილი, სოკოს მიცელიუმი ფესვებში ვერ აღწევს და შესაბამისად მათი დაავადებაც არ ხდება.

დაავადების გამომწვევი სოკოს გამრავლება ხდება უმთავრესად მიცელიუმის ნაწილებით, დაფუტუროვებული შტამბი ხმება და ბოლოს სკდება, შიგნიდან ფუტურო დაფხვნილი მტვრის სახით ვრცელდება ჰაერის საშუალებით, ხვდება საღი ვაზების დაზიანებულ ადგილებში ან ნაპრალებში და იწვევს მათ დაავადებას.

მარშრუტული გამოკვლევებით დადგინდა, რომ უფრო ხშირად ავადდება 20-30 წლის ვაზი. შედარებით იშვიათად გვხვდება ის ახალგაზრდა (5-15 წლიან) ვენახებში.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დაავადება არის ქრონიკული ხასიათის და გრძელდება რამდენიმე წელს. ძლიერი ვაზი დაავადების დღიდან 4-5 წლის შემდეგ იღუპება. ასევე დადგინდა, რომ მწირ, ქვიშიან და კირიან ნიადაგებში დაავადება ნელა მიმდინარეობს, ხოლო ნესტიან მძიმე ნიადაგებში კი პირიქით, ვაზი სწრაფად იღუპება.

ვაზის დამბლას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ვაზის დამბლას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ძირითადად პროფილაქტიკური ხასიათისაა. ერთ-ერთი მათგანია ვაზის სწორად გასხვლა. გასხვლის დროს მერქანზე არ უნდა რჩებოდეს მექანიკურად დაზიანებული ადგილები.

დახეთქილი ადგილები უნდა ამოივსოს ბაღის მალამოთი, რაც ვაზს დაზიანებისაგან დაიცავს. გარდა ამისა, ვაზის გაშენების დროს უნდა დაირგოს კარგად შეზრდილი ნამყენები, ვინაიდან ცუდი შეზრდის ადგილიდან შესაძლებელია სოკოს მიცელიუმი შეიჭრას მერქანში.

ვაზის დამბლის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ღონისძიებაა მისი შტამბზე გადაჭრა, ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ფესვთა სისტემა მთლიანად საღია.

შტამბის გადაჭრა უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულზე ხერხით, დამრეცი კუთხით, გადანაჭერი ადგილი უნდა დაიფაროს ბაღის მალამოთი ან ჩვეულებრივი საღებავით, გადაჭრა უნდა მოხდეს მიწის ზედაპირიდან 20-25 სმ სიმაღლეზე, ხოლო გადანაჭერი გატანილ იქნას ნაკვეთიდან და დაიწვას.

თუ ვაზის ხმობა გამოწვეულია ნიადაგის სოკოებით, რომლებიც იწვევენ ფესვთა სისტემის ხმობას, მაშინ აუცილებელია ვაზის მთლიანად ამოძირკვა. უნდა გაკეთდეს 50X50 სმ ზომის ორმო და ღიად დარჩეს რამდენიმე დღე, შემდეგ უნდა ჩაიყაროს მიწა და ორმოები შეიწამლოს რომელიმე ქიმიური ან ბიოპრეპარატ “ბიოკატენას” 3%-იანი სამუშაო ნაზავით.

ავტორები: შაქრო ყანჩაველი _ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ზურაბ ხიდეშელი _ ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

/სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე/

თქვენი რეკლამა