რუსეთის თაფლი რად გვინდა, ჩვენი ვერ გაგვიყიდია

209 Views

საქართველოს მთავრობა 1 მლნ ლარად რუსული თაფლის ყიდვას გეგმავს – ქარველი მეფუტკრეები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

საქართველოს მთავრობამ შეიძლება 1,024,800 ლარი ღირებულების 73,200 კგ რუსული თაფლი იყიდოს.

საქმე ეხება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2018 წელის 18 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ვ.ტ“ მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კომპანიამ 73,200 კგ თაფლს სახელმწიფოს 14 ლარად მიჰყიდის.

„ვ.ტ“- ს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია შპს „აპიდეი“-სგან იყიდის თაფლს, რომელიც რუსეთშია წარმოებული.

თაფლი

სააგენტოს საიტზე ასევე განთავსებულია ის დოკუმენტი თუ რომელი სახელმწიფო უწყებები გაინაწილებენ რუსეთიდან იმპორტირებულ თაფლს:

თაფლი

შპს „ვ.ტ.“ -ს დირექტორი იუზა ჯოგლიძე „კომერსანტთა“ საუბარში აცხადებს, რომ შეიძლება დოკუმენტი დაკორექტდეს და რუსული თაფლი ქართული წარმოებით ჩანაცვლდეს. აღსანიშნავია ის, რომ კომპანიის დირექტორი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველოში რუსული თაფლის იმპორტი განხორციელდეს.

„რუსეთთან დაკავშირებული არ ვარ, ჯერ არ არის გარკვეული რუსეთიდან შემოვიტან თუ არა თაფლს, უბრალოდ წარდგენილი მაქვს ნიმუში. შემიძლია, როგორც ქართული პროდუქტის, ასევე რუსულის შემოტანა, რა მნიშვნელობა აქვს საიდან შემოვიტან თაფლს?“, — ამბობს  იუზა ჯოგლიძე.

კომერსანტის კითხვაზე —  მაშინ, როდესაც ქართველი მეფუტკრეები თაფლს ვერ ყიდიან, ხოლო რუსული საოკუპაციო ძალები ყოველ დღე ახალ მავთულხლართს ავლებენ, არ აქვს მნიშვნელობა საიდან შემოიტანთ თაფლს? — იუზა ჯოგლიძე გვპასუხობს:

„რამდენი პროდუქტი შემოდის რუსეთიდან? ამჟამად რომელი თაფლიც მქონდა ლაბორატორიულად შემოწმებული, დოკუმენტებში ის მივუთითე. მიუხედავად ამისა, ქართველ მეფუტკრეებთან გვაქვს მოლაპარაკება და თუ მოვიძიე საკმარისი რაოდენობა, რუსული თაფლი შეიძლება ქართული თაფლით ჩანაცვლდეს“.

აღნიშნული ტენდერის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მეფუტკრეთა კავშირში. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ თავართქილაძე ამბობს, რომ თუ სახელმწიფო რუსულ თაფლს შეისყიდის, მათი მხრიდან ეს საქციელი მავნებლობად ჩაითვლება. მეფუტკრეთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშულ ფაქტს მეფუტკრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვება.

„რუსეთის თაფლი რად გვინდა, ჩვენი თაფლი ვერ გაგვიყიდია. ჩვენთან დაახლოებით 30 000 ტონა თაფლი იწარმოება, ათობით ტონა თაფლი ჩაწოლილია და მთავრობამ რუსეთიდან შემოტანილი თაფლი უნდა იყიდოს? ეს არის უბედურება და დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან. უკვე აუტანელია ის ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. მეფუტკრეთა  კავშირს 600 -მდე წევრი ჰყავს, მე გაძლევთ პირობას, რომ 600 ისევ წევრი აჯანყდება ამ საშინელი ფაქტის წინააღმდეგ“ , – განაცხადა რამაზ თავართქილაძემ.

სახელმწიფო რუსულ თაფლში იმაზე მეტს იხდის ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე ღირს. მეფუტკრე გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ ერთი კილოგრამი ქართული თაფლის საბითუმო ფასი 10 ლარიდან იწყება, სახელმწიფო კი რუსულ თაფლის შეძენაში 14 ლარის გადახდას გეგმავს.

წელიწადში დაახლოებით 10- 12 ტონა თაფლს ვაწარმოებ. მე პირადად თაფლი გასაყიდი არ მრჩება. მიუხედავად ამისა ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ თაფლი რუსეთიდან უნდა ვიყიდოთ, ეს მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ თაფლი ექსპორტზე გაიტანოს. დარწმუნებული ვარ, რომ სინამდვილეში თაფლი ნაყიდი იქნება მაქსიმუმ 7 ლარად, ბიუჯეტიდან კი ერთი კილოგრამის შესაძენად  14 ლარი გამოიყოფა. ჩემგან მაქსიმუმ 12 ლარად იყიდიან, უფრო უკეთესიც შეიძლება იყოს ჩემი თაფლი. ამას სახელი რომ დავარქვათ, კორუფცია ჰქვია.

საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო პაპავა კომერსანტთან აცხადებს, რომ ხვალ თაფლის შემომტან ორგანიზაციასთან შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი ქართული თაფლის შეგროვება-მოძიების  დახმარება იქნება.

„მაშინ, როცა რუსები ყოველდღიურად მოცოცავენ და ამ ე.წ. მავთულხლართებს ჩვენს ტერიტორიებზე ავლებენ, ამ დროს ზოგ ჩვენს წარმომადგენელს ყოფნის თავხედობა და რუსებთან ხელშეკრულებას დებს. ტონობით თაფლი კიდევ სახლებში გვიწყვია გაუყიდავი. როცა მეფუტკრეობის დარგი საქართველოში სულს ღაფავს, ამ დროს რუსულ მეფუტკრეობაში ვაპირებთ თურმე 1 000 000 -მდე ლარის ჩადებას. ტენდერი ბოლომდე დასრულებული არ არის, ამიტომ გვინდა, რომ მწარმოებელს გავესაუბროთ, რათა რუსეთიდან არ მოხდეს თაფლის შემოტანა. — აცხადებს ალეკო პაპავა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ შესყიდვების სააგენტოს დაუკავშირდა, რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით. შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ.ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.

ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.

მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან.“

კომერსანტმა“ ასევე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის პოზიციასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ბაჩო ადამია
წყარო: https://commersant.ge

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB