ეტიკეტზე რძის „მსგავსის“ და „ებრის“ გამოყენება იკრძალება

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება „რძის ტექნიკური რეგლამენტის“ ნორმა, რომელიც რძის შემცვლელი პროდუქციის დასახელებაში „მსგავსის“ და „ებრის“ გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.

რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, თუმცა, ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის, მწარმოებლებს დაუდგინდათ ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენებას სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი;

2016 წლის პირველი აგვისტოდან კი რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდება და ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, 2016 წელს 1770 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 11 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში აღებული 87 ნიმუშიდან დარღვევა 12 ნიმუშში გამოვლინდა.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

თქვენი რეკლამა