რძის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 24 ოპერატორი დაჯარიმდა

2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან 424 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, მათ შორის:

  • 373 ინსპექტირება;
  • 51 დოკუმენტური შემოწმება.

გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან.

→ ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 24 ბიზნესოპერატორი.

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსაზღვრაზე აღებულია 105 ნიმუში; Listeria monocytogenes-ის კვლევაზე – 120 ნიმუში, სალმონელაზე – 255 ნიმუში. მნიშვნელოვანია, რომ დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა.

რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დასახელება „ყველი“ შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს.

→ სხვა შემთხვევაში, მაგ.: რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ მითითება დაუშვებელია.

ცვლილებები შეეხო ასევე „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელია კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% – ს შეადგენს.

დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

თქვენი რეკლამა