რა ღონისძიებები გატარდება 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

183 Views

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განახორციელებს;

ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური საშუალების მობილიზება შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება, რათა არსებული გამოწვევიდან გამომდინარე – საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებები და სპეციალური ტექნიკის დროული უზრუნველყოფა მოვახდინოთ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შემუშავებულია, რომელიც 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება. იგი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიური საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიანი მონიტორინგს და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (წამლობა).

მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის გატარების შედეგად, ჩვენ შევძელით მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნული მავნებლის ბიოლოგიისა და მასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. მოსახლეობას სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ მათი ჩართულობის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებით შედეგს ვერ მივიღებთ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტით, 2017 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით გამოიყო 35 მლნ ლარი, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, სურსათის ეროვნულმა საგენტომ განახორციელა ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურები და გამარტივებული შესყიდვის პირობებში, სამი მომწოდებლისგან (აღსანიშნავია, რომ პროცესში ჩაერთო პრეპარატის მომწოდებელი ფაქტობრივად ყველა კომპანია) შეიძინა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ქიმიური პრეპარატები, რომლისთვისაც 15 მლნ ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, 2018 წელს გაძლიერდება აზიური ფაროსანას მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახელმწიფო შეიძენს 100 ათასზე მეტ ფერომონს, რომლებიც განთავსდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლა. ამ მიზნით, გათვალისწინებულია 360 ტონა პრეპარატის გამოყენება.

გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია 120 ერთეული სპეციალური მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ტექნიკის შეძენა, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

გარდა ამისა, საერთაშორისო დახმარების ფორმატში, USAID-ის მიერ, გათვალისწინებულია 17 ერთეული სატრაქტორე აგრეგატის შესყიდვა, ევროკავშირის მიერ 17 შესაწამლი აპარატის შეძენა, 37 მაღალი გამავლობის მანქანის შეძენა ჩინეთის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

სოფლის მეურნეობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ხშირად დგება სხვდასხვა გამოწვევის წინაშე. გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე ჩნდება ახალი მავნებლები. მაგ. ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა ამერიკული თეთრი პეპელას და იტალიური კალიის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად დღეს მათი პოპულაცია რეგულირებადია და ეკონომიკური ზარალი მინიმუმამდეა შემცირებული.

აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად არ კონტროლდება, ანუ მას არ ჰყავს ბუნებრივი მტერი და, სწორედ ამიტომ, გამრავლების შესაჩერებლად, საჭიროა ქიმიური და მექანიკური გზებით ბრძოლა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნას, სადაც მავნებლის ბუნებრივი მტრებისა და პარაზიტების შესწავლა-დაკვირვება მოხდება.

2018 წელს, იმუშავებს უწყებათა-შორისი საკოორდინაციო სამუშაო შტაბი, სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლები.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს და რომლის წინააღმდეგ ბრძოლას, სამწუხაროდ, დასჭირდება არაერთი წელი და ადამიანური და ტექნიკური რესურსის სრული მობილიზება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016-2017 წლებში, საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებისა და ღონისძიებების შემუშავების პროცესში, სამინისტრომ ითანამშრომლა შემდეგ ორგანიზაციებთან და კვალიფიციურ სპეციალისტებთან:

  • ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი მარტინ ვორდი;
  • მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივანი ჯინიუენ შია;
  • პენსილვანიის უნვერსიტეტის პროფესორი გრეგორი კავჩუკი.

მავნებელთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების მიზნით, კომპანია „აგრიჯორჯიას“ ორგანიზებით საქართველოში გაიმართა წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის:

  • კაკლოვანი კულტურების საბჭოს კვლევითი და სახელმწიფო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კალკანი;
  • ბიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი შვეიცარიაში ტიმ ჰეი;
  • ენტმოლოგი (კანადა) ტარა გარიეპი.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, სამინისტრო მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს ყველა კომპეტენტურ მხარესთან, მათ შორის, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერებთან.

სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შექმნილია სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფი და უწყება მზად არის, წარმოდგენის შემთხვევაში განიხილოს ახალი წინადადებები მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.

ინფორმაცია მოგვაწოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

46Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB