ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში

40 Views

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენის ,,FOODEX JAPAN 2017”-ის ფარგლებში, ქართული ღვინის სემინარი-პრეზენტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის სემინარს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა და მას ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაცია მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 6 დასახელების ქართული ღვინო.

როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, იაპონელი ექსპერტები დიდად დაინტერესდნენ ქართული ღვინით, განსაკუთრებით – ქვევრის ღვინით.

„იაპონიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია. იაპონელი მომხმარებელი და ღვინის პროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული აქტივობები ამ ქვეყანაში მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების საქმიანი ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას„ – აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

გამოფენის ოფიციალურ გახსნასა და ქართული ღვინის პრეზენტაციას, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.

კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2017” ტოკიოში 7-10  მარტს ტარდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, აღნიშნულ გამოფენაზე სულ 11 ქართული, მათ შორის 6 ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი – “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კომპანი“ და „შუხმანის ღვინოები“.

„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ათეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB