მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

ვენახი, ვაზი, კოოპერატივი

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების შეძენაში თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის შინაარსობრივი ცვლილებები მიზნად ისახავს პროგრამის  პირობების გამარტივებას, რაც გულისხმობს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი მასტიმულირებელი გარემოს  შექმნას, რაც სამომავლოდ განაპირობებს უფრო მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩართვას პროგრამაში.

ცვლილებების თანახმად პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს, ნაცვლად 20 მეპაიესი, ინდივიდუალურად საკუთრებაში უნდა ქონდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახისა.

ამასთან, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროგრამას განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შემცირდება 10 მეპაიემდე, ნაცვლად 20 მეპაიესი, რომელთაგან, არანაკლებ 7 მეპაიეს  ინდივიდუალურად საკუთრებაში ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახისა.

ახალი პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უზრუნველყოფენ საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების 90%-იან თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.

აღნიშნული ცვლილება უფრო გაამარტივებს და მოქნილს გახდის  პროგრამის შესრულების პირობებს სააგენტოს მხრიდან.

თუ პროექტის განხორციელება დაგეგმილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების,  არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას.

აღნიშნული ცვლილებით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მაქსიმალურად  ხელი შეეწყოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტის დაწყებიდან დღემდე, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყურძნის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო დაფინანსდა, 12 კახეთის რეგიონში და 1 იმერეთში. კოოპერატივებმა, 100 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის, სახელმწიფოსგან ჯამურად 6 მილიონ ლარამდე ღირებულების საჭირო აღჭურვილობა მიიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია.

თქვენი რეკლამა