ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი

237 Views

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნას შერჩეული.

მოკლედ პროექტის შესახებ

„ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“ არეგულირებს ფერმათა/ფერმერთა ერთიანი რეესტრის სისტემას, რითაც მოხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაცია.

მიზნები

მოკლევადიანი მიზანი – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის” (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დაახლოებით 100 000 -მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაცია;

გრძელვადიანი მიზანი – აღრიცხულ იქნეს საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა პირი (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირ(ებ)ის დაკვეთით ან/და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე).

ეს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს ფლობდეს მათ შორის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც გამოყენებული იქნება სამიზნე ჯგუფების სწორი შერჩევისათვის და მათთვის სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტების/პროგრამების საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

ამოცანები

სასოფლო-სამურნეო საქმიანობით დაკავებული იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთა შესახებ პირველადი ინფორმაციის მოძიება ხდება სხვადასხვა სახელმწიფოს უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ;

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული იდენტიფიცირებული პირების და მათი საქმიანობის შესახებ მოძიებული პირველადი ინფორმაციის სისტემატიზაცია, კლასიფიკაცია და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანა;

ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანილი პირველადი ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტით“ დადგენილი წესის შესაბამისად;

ელექტრონული, დინამიური და ინტერაქტიული სისტემის შექმნა.

პროექტის ბიუჯეტი 1,300,000 ლარს შეადგენს.

პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდ ისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.  პროექტის მოკლევადიანი მიზნის მიღწევა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია:

საიტი: apma.ge;
ტელ: 1501;
ელ. ფოსტა: info@apma.ge.

26Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB