თამბაქოს აგროტექნოლოგია

თამბაქო, აგროტექნოლოგია, ჩითილი, გაშენება, თესვა

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში დღეისათვის პრიორიტეტულ კულტურებად ითვლება ჩაი, ციტრუსები, თხილი და კენკროვანი კულტურები, თუმცა მათ გვერდით ასევე უნდა კულტივირებდეს ეთერზეთოვანი და ტექნიკური კულტურები. უკანასკნელ პერიოდში იმატა მოსახლეობის მომართვიანობამ თამბაქოს კულტურის გაშენების, მოვლა-მოყვანისა და ექსპლუატაციის საკითხებზე.

ვაანალიზებთ რა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოციალურად ეფექტური, მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობაზე, მოვლა მოყვანის ტექნოლოგიაზე მათი სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით.

გასულ საუკუნეში საქართველოში სამრეწველო მეთამბაქოების ძირითად წამყვან რეგიონებს წარმოადგენდა აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ, აღმოსავლეთ საქართველოში კი ლაგოდეხის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები. 1976 წლისათვის საქართველოში თამბაქოს ნათესების ფართობი 12,5 ათას ჰექტარს შეადგენდა საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 2-4 ტონის ფარგლებში მერყეობდა. ეს დარგი კოლმეურნეობათა ფულადი შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო იყო.

წარსულში საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად თამბაქო მცირე მასშტაბით მოყავდათ აგრეთვე სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გორაკ-ბორცვიან ზონებში. დღეისათვის ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირებულია თამბაქოს წარმოება, თუმცა გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში ამ კულტურით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება.

თამბაქო ეკუთვნის ძაღლღურძენასებრთა ოჯახს, რომელიც უმთავრესად სუბტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. გვარი – Nicotianaაერთიანებს მრავალ სახეობას, მაგრამ სამრეწველო მნიშვნელობა და გავრცელება მოიპოვა მხოლოდ ორმა: ჩვეულებრივმა თამბაქომ (Nicotiana tabacum) და წეკომ (Nicotiana rustica). ჩვეულებრივი თამბაქო ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მისი ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, რომელიც უხვად იტოტება და ფუნჯა ფესვის სახეს ღებულობს. ფესვთა სისტემის ძირითადი ნაწილი ნიადაგში 30-40 სმ სიღრმის ფენაში ვრცელდება. ღერო-სწორი, ცილინდრული, საკმაოდ მსხვილი, სიმაღლით 3 მეტრამდე. ფოთოლი კიდემთლიანი, დიდი ზომის, სიგრძე 10-50 სმ. სიგანე 8-30 სმ-მდე

წეკო – ღერო სწორად მდგომი, დაკუთხული, უხეში, სიმაღლით 60 სმ, მუხლთაშორისები გრძელი, ფოთოლი დიდი, მომრგვალებული ფორმის, ახასიათებს იღლიებიდან ნამხრევების განვითარება.

მცენარის აგროკლიმატური მოთხოვნილება

ხარისხიანი თამბაქოს ნედლეულის მისაღებად ყველაზე უკეთესია სუბტროპიკული კლიმატი. დაბალი ხარისხის თამბაქო- წეკო გაცილებით ნაკლებ სითბოს საჭიროებს და ამიტომ მისი გავრცელების ფარგლები და შესაძლებლობებიც გაცილებით მეტია.

ხარისხიანი თამბაქო თავისი განვითარებისათვის ხანგრძლივ თბილ პერიოდს მოითხოვს. სითბო განსაკუთრებით საჭიროა ივლის-აგვისტოში, როდესაც ფოთლების მომწიფება მიმდინარეობს. სავეგეტაციო პერიოდში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი უნდა უდრიდეს 2000 – 35000 -ს. თამბაქო მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურებისადმი, კერძოდ გაზაფხულისა და შემოდგომის სიცივეებისადმი -2-30 ტემპერატურაზე ფოთლები და ღერო იღუპება.

თამბაქოს მაღალი მოსავლის მისაღებად, მთელი ვეგეტაციის მანძილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლით. წყლის სიმცირის პირობებში მცენარე წვრილფოთლიანი და უხეში ხდება. ამასთან წყლის ნაკლებობა ხელს უწყობს ნიკოტინის მეტი რაოდენობით დაგროვებას, ამიტომ გვალვიან წლებში თამბაქოს ნარგაობის მორწყვა აუცილებელია, ასევე უარყოფითად მოქმედებს ზედმეტი ტენი, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ფესვების სიდამპლით დაავადებას.

თამბაქო- სინათლის მოყვარული მცენარეა, არასაკმარისი განათების პირობებში თამბაქო დაბალი ხარისხის ნედლეულს იძლევა, ამიტომ პლანტაციების გასაშენებლად ყველაზე კარგია სამხრეთ ფერდობები. საქართველოში გავრცელებული მაღალხარისხოვანი საპაპიროსე ნედლეულის მისაღებად საუკეთესოა სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამრეთ-დასავლეთის მიმართულების ფერდობების, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ეწეროვანი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ასეთ ფერდობებზე ნიადაგი უფრო თბილია, ბუნებრივი დრენაჟის გამო არ ჭაობდება. თამბაქოსათვის გამოუსადეგარია დაჭაობებული მლაშე და ქვიშა ნიადაგი.

მინდვრის სხვა კულტურებთან შედარებით თამბაქო განსაკუთრებულ მოთხოვნას უყენებს, როგორც კულტურულად დამუშავებულ, ისე ადვილად ასათვისებელ საკვებ ნივთიერებათა დიდი რაოდენობით შემცველ ნიადაგებს. ერთსა და იმავე ადგილზე რამოდენიმეჯერ მოყვანა ამცირებს მოსავლიანობას და აუარესებს ხარისხს, იწვევს დაავადებებისა და მავნებლების მასობრივ გავრცელებას. მისი საუკეთესო წინამორბედი კულტურებია ერთწლიანი პარკოსანი ბალახები მარცვლოვნებთან ერთად, შერეული სახით. აღმოსავლეთ საქართველოში მისი ძირითადი წინამორბედია საშემოდგომო ხორბალი, დასავლეთში კი სიმინდი.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნიადაგის ძირითადი მოხვნის (22-25 სმ) შემდეგ ნიადაგი მთელი შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში ხელუხლებელი რჩება. საგაზაფხულო წაყინვების თავიდან აცილების მიზნით თამბაქოს ნერგს შედარებით გვიან აპრილის მეორე ნახევრიდან რგავენ, ამიტომ ადრე გაზაფხულზე ჩატარებული გაფხვიერების შემდეგ სასურველია დარგვამდე 8-10 დღით ადრე ნაკვეთის ზედაპირული დარგვისწინა კულტივაცია. შემოდგომის მზრალად ხვნის დროს თამბაქოს პლანტაციაში შეტანილი უნდა იქნას 20-25 ტონა გადამწვარი ნაკელი. მეთამბაქოებაში უმაღლესი ეფექტის მომცემია ნაკელთან ერთად ფოსფორიანი სასუქების გამოყენება.

ადგილობრივი სასუქებიდან არანაკლები მნიშვნელობისაა ნაცარი, კომპოსტი, ტორფი, ფრინველის ნაკელი და სხვა.

ტორფი ადგილობრივი სასუქებიდან დასავლეთ საქართველოს მეთამბაქოების ზონებში პერსპექტიული სასუქია. ტორფის გამოყენებით არამარტო ნიადაგს ვამდიდრებთ აზოტითა და სხვა ნივთიერებებით, არამედ ვაუმჯობესებთ მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. მწვანე სასუქებიდან, წინამორბედი კულტურების აღებისთანავე რეკომენდირებულია ერთ ჰექტარზე ლურჯი ხანჭკოლის  100 კგ; ან ადგილობრივი ხანჭკოლის 200კგ-ის, ან 150 კგ ცერცვისა და შვრიის შერეული თესვა. თამბაქოს დარგვამდე 20-25 დღით ადრე გაზაფხულზე  უნდა მოხდეს მწვანე მასის ნიადაგში 18-20 სმ. სიღრმეზე ჩახვნა. მწვანე სასუქები მინერალურ სასუქებთან ერთად უზრუნველყოფს ნიადაგში წყლისა და საკვების თანაბარი რაოდენობით განაწილებას და აძლევს თამბაქოს არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობისა და გვალვის ადვილად ატანის უნარს.

თამბაქოს კულტურა განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს მინერალური სასუქების დიფერენცირებულ შეტანა-გამოყენებას. მრავალწლიანი კვლევებით დადგენილია, რომ ქლორკალიუმის მთელი წლის ნორმა შეტანილ უნდა იქნას შემოდგომაზე ნიადაგის ძირითადი მოხვნის დროს, სუპერფოსფატის მიღებული ნორმის 50 % მზრალად ხვნის დროს, 25% დარგვისწინა დამუშავების დროს და 25 % – მწკრივებში დარგვის დროს. აზოტიანი სასუქების სრული ნორმის 50 % გოგირდმჟავა ამონიუმის სახით მწკრივში დარგვის დროს და დანარჩენი 50% ამონიუმის გვარჯილის სახით მწკრივში თამბაქოს მეორედ გათოხნის დროს. მინერალური სასუქების დოზები კი ერთ ჰექტარზე ასე გადაანგარიშდება: ნაყოფიერ ნიადაგებზე აზოტი სუფთა ელემენტის სახით 90 კგ, კალიუმი 100 კგ; ფოსფორი 200 კგ; გამოფიტულ – ჩამორეცხილ ნიადაგებზე დოზები ასეთია: აზოტი – 120 კგ; კალიუმი 200 კგ; ფოსფორი 400 კგ.

მარტივ სასუქებთან ერთად შესაძლებელია გამოყენებული იქნას რთული კომპლექსური სასუქები NPK (ამოფოსკა, დიამოფოსკა), თუმცა მათი გამოყენება უნდა მოხდეს თამბაქოს კულტურის მიერ ცალკეულ ელემენტებზე მოთხოვნილების გადაანგარიშებით.

ჩითილების გამოყვანა

მეთამბაქოებაში მეტად მნიშვნელოვანია ჩითილების გამოყვანის აგროტექნოლოგია.  უვირუსო ჯანსაღი ნერგების გამოყვანა ძირითადად განსაზღვრავს კულტურის მოსავლიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდას. ჩითილების გამოყვანა როგორც წესი თესლის თესვით მიმდინარეობს. თამბაქოს თესლი ღია მიხაკისფერი, წვრილი, ოვალური ფორმისაა. თესლის აბსოლუტური წონა 0,06 – 0,08 გრამს უდრის, ერთ გრამში 10-15 ათასი თესლია.

აღსანიშნავია, რომ თესლის სრული სიმწიფე იწყება მოსავლის აღებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ამიტომ დასათესად უკეთესია წინა წელს აღებული თესლი. შესაფერის პირობებში შენახული თესლი, თუ იგი ნორმალურად მომწიფებულია და 8-9 %-ზე მეტ ტენს არ შეიცავს გაღივების უნარს 5-6 წლის მანძილზე ინარჩუნებს.

ხარისხოვან თამბაქოს ჯიშებს ჩვეულებრივ გრძელი სავეგეტაციო პერიოდი ახასიათებს, ამიტომ საჭიროა თამბაქოს თესლი დაითესოს თებერვალში ან მარტში, რათა გადარგვა არ დაგვიანდეს. პრაქტიკაში ნერგების გამოსაყვანად რეკომენდირებულია, როგორც კვალსათბურებში ისე ღია კვლებზე მისი გამოყვანა, თუმცა კვალსათბურებში თესლის თესვა უზრუნველყოფს ნერგების ადრეულ (აპრილისათვის) გამოყვანას. საქართველოს მეთამბაქოების ზონებში ამ მიზნით რეკომენდირებულია ნახევრად თბილი და ცივი კვალსათბურების გამოყენება.

ნახევრად თბილი კვალსათბურების სიგრძე უნდა იყოს 10,4 მეტრი, სიგანე 1,5 მეტრი. კვალსათბურის სამხრეთ მხარეზე ნიადაგის ზედაპირიდან კოლოფის სიმაღლე უნდა იყოს 10-12 სმ. კოლოფის სიღრმე მინიმუმ 50 სმ. კვალსათბური უნდა მომზადდეს შემდეგნაირად: სასურველია მსხვიფეხა რქიანი პირუტყვის ახალი ნაკელის და ცხენის ნაკელის 1:1 შეფარდებით შერევა. ნარევი ქვეშსაგებთან ერთად (ნამჯა, ბზე, ხის ფოთლები) უნდა ჩაიყაროს სიღრმეში და დაიტკეპნოს 20 სმ-სისქეზე.

ახალი ნაკელის ქვეშსაგებით დატკეპნის შემდეგ კვალსათბური ჩარჩოებით უნდა დაიხუროს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნაკელი შეხურდება დაახლოებით 30-350 -მდე კვალსათბურში დატკეპნილი ნაკელის ზედაპირი განმეორებით უნდა მოსწორდეს, ნაკელი უნდა დაემატოს ჩადაბლებულ ადგილებს და სატკეპნით დაიტკეპნოს. მოტკეპნილ ზედაპირს დავამატოთ მეორე ფენა კორდის მიწა 10 სმ. სისქით და მოვასწოროთ. ყოველივე აღნიშნულს ზემოდან ეყრება ხელოვნური საკვებნარევიანი მიწა 5-7 სმ სისქეზე. მოვასწოროთ ჰორიზონტალურად, რადგან ოდნავ დაქანების შემთხვევაშიდაც კი ადგილი აქვს რწყვის დროს თესლის ქვედა კიდეზე ჩამოტანას. ამის შემდეგ ნიადაგისა და მკვებავი ნარევის გათბობისათვის კვალსათბურს მჭიდროდ ახურავენ ჩარჩოებს და ჭილოფს. როდესაც ამჯერად მომზადებული კვალსათბურის მკვებავ ნარევში ტემპერატურა 120 -ს მიაღწევს, იწყება თესვა.

ცივი კვალსათბური – ნახევრად თბილი და ცივი კვალსათბურის ზომა ერთიდაიგივეა, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ცივ კვალსათბურებს გამთბობი ფენა არ აქვს. მომზადების პროცესი კი ასეთია: კვალსათბურის კოლოფში წინა წელს გამოყენებული ძველი საკვები ფენის ზედაპირს 5-7 სმ. ვფხეკავთ, გამოგვაქვს კვალსათბურებიდან და ვაგროვებთ ცალკე. თესვის წინ მიწას გადავბარავთ, გავაფხვიერებთ , ზედაპირს მოვაყრით 5-7 სმ-ს სისქის საკვებ ფენას და ვასწორებთ. თესლს ვუმატებთ ნაცარს ან ქვიშას და თანაბრად ვანაწილებთ ჩარჩოს ზედაპირზე, შემდეგ ვაყრით ოდნავ საკვებ ფენას და სატკეპნით სუსტად ვტკეპნით, რათა თესლსა და საკვებ არეს შორის კონტაქტი დამყარდეს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ნათესს წვრილ დისპერსიული წყლის ჭავლით ვრწყავთ და ვახურავთ შემინულ ჩარჩოებს. წლობით დაგროვილი საკვები ფენა შეიძლება გამოვიყენოთ განმეორებით, ასეთ შემთხვევაში ერთ კუბურ მეტრ მიწას უნდა დაემატოს 50 გრ. სუპერფოსფატი, 15-20 გრ. გოგირდმჟავა ამონიუმი და 30 გრ. ამონიუმის გვარჯილა. სასუქები კარგად უნდა აირიოს სუბსტრაქტთან ერთად და გატარდეს 10 მმ-იანი დიამეტრის საცერში.

ცივ კვალსათბურებში უმჯობესია თამბაქო დაითესოს 15 იანვრიდან და დავტოვოთ ღიად 2 თებერვლამდე. ამ პერიოდში ნათესზე ხვდება ნალექები, თესლი ემზადება აღმოცენებისათვის. 2 თებერვლიდან ვხურავთ კვალსათბურს შემინული ჩარჩოებით და საჭიროების მიხედვით ვრწყავთ. კვალსათბურებში ერთ მეტრ კვადრატ ფართობზე ზამთარში უნდა დაითესოს 0.8 გრ. გაზაფხულზე – 0,4 გრ. ხოლო ღია კვლებზე – 0,6 გრამი თესლი, თუმცა ეს უკანასკნელი პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება.

თამბაქოს ჩითილების მოვლის პირობები სხვადასხვაა: ა) როცა კვალსათბურები დახურულია შემინული ჩარჩოებით და ბ) როცა კვალსათბურების კარკასი დახურულია სინთეზური აფსკით.

პირველ შემთხვევაში საჭიროა მინას გაუკეთდეს საგოზავი., რომ კვალსათბურში დამყარდეს მაღალი ტემპერატურა. კოლოფის ირგვლივ უნდა შემოეყაროს მიწა, რათა კარგად დავათბუნოთ კვალსათბური. კვალსათბურს წინა მხარეზე უნდა გაუკეთდეს წყალსაწრეტი, რათა ჩარჩოებიდან ჩამომდინარე წყალი ავირიდოთ. ყინვების დროს გამოვიყენოთ ჭილოფები ჩარჩოებზე დასახურავად.

რაც შეეხება კარკასების ქვეშ თამბაქოს თესვის და სინთეზური აფსკით დახურვას – ეს მეთოდი რამდენადმე აიოლებს შრომას, ასევე შესაძლებელია თავის ახდა ორივე მხრიდან მორწყვისა და უკეთესი ჰაერაციისათვის.

თამბაქოს ჩითილის განვითარებაში გამოირჩევა 3 ფაზა: პირველი – თესლის დათესვიდან მესამე წყვილი ნამდვილი ფოთლების წარმოქმნამდე, რომელსაც ეწოდება ,,ჯვრის ფაზა“ მეორე – მესამე წყვილი ნამდვილი ფოთლების წარმოქმნიდან ჩითილის გადასარგავად მომზადებამდე.

ჩითილის მომზადება გადასარგავად

ჩითილების განვითარების პირველ ფაზაში ნიადაგი ნორმალურად ტენიანი უნდა იყოს, ამ მიზნით რწყვა წარმოებს დილა-საღამოს. რწყვის ნორმა ერთ კვ. მეტრზე შეადგენს 1 ლიტრა წყალს. ფოთლებზე წყლის შეშრობის შემდეგ შეიძლება ჩარჩოებისა და სინთეზური აფსკის დახურვა. მეორე ფაზაში თუ ჩითილების არეში სისველეა მორწყვა აუცილებელი არაა. კვალსათბურებში ზედმეტი წყლის შეტანა მავნებელია, რამაც შეიძლება ღეროს სიდამპლე გამოიწვიოს. ზედმეტი ტენიანობის შემთხვევაში დასაშვებია ჩარჩოების აწევა აერაციის ჩატარებისათვის; სინთეზური აფსკი კი ცალ მხარეს გადავწიოთ გარეთ არსებული პირობების გათვალისწინებით.

მესამე ფაზაში რწყვის რაოდენობა მცირდება დღეში ან 2-3 დღეში ერთხელ, რადგან ამ პერიოდში აორთქლება ნაკლებად ხდება. ზრდის დაჩქარებისათვის მიზანშეწონილია წუნწუხის გამოყენება, თუმცა არასწორად მომზადებულმა ხსნარმა შეიძლება ჩითილების დაზიანება გამოიწვიოს. ამ მიზნით ერთ ვედრო ახალ ნაკელს უნდა დაემატოს 8-10 ვედრო წყალი, ვურიოთ ხშირად, დადუღების (10 დღე) შემდეგ მორწყვის წინ ხსნარს ემატება იმავე რაოდენობის წყალი. სასურველია წუნწუხის ფესვის არეში მიწოდება. მინერალური და ორგანული ხსნარით ჩითილების კვების შემდეგ აუცილებელია ფოთლების სუფთა წყლით ჩარეცხვა. ჩითილის მინდვრად გატანამდე 10 დღით ადრე უნდა შეწყდეს დამატებითი კვება, რათა მომაგრდეს ჩითილები და მეტი გამძლეობა ჰქონდეს გარემო პირობებისადმი.

გადასარგავად მხოლოდ ჯანსაღი და კარგად განვითარებული ნერგი უნდა შეირჩეს. მომწიფებულ ნერგს უნდა ჰქონდეს 5-6 ფოთოლი, 6-8 სმ-ის სიგრძისა და 3-4 მმ. დიამეტრის ღერო. სოკოვან ავადმყოფობათაგან დაცვის მიზნით ნერგი გადარგვამდე ორი დღით ადრე 1 %-იანი ბორდოს სითხით უნდა შეიწამლოს. ამასთან დარგვის წინ სასურველია ფესვების 1 %-იანი ბორდოს სითხით დამუშავება, რისთვისაც ნერგები იკვრება კონებად, კონას ფესვის ყელამდე ჩაუშვებენ ადრევე მომზადებულ ბორდოს ხსნარში და უმალვე ამოიღებენ, აღნიშნული პროცედურის დროს დაუშვებელია წვრილი ფესვების დაწყვეტა.

თამბაქოს გაშენება და მოვლა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თამბაქოს ნერგის დასარგავად ნაკვეთი უნდა იყოს ყოველმხრივ მომზადებული – სარეველებისაგან გასუფთავებული, ხნულის ზედაპირი გასწორებული და ფხვიერი. თამბაქოს მიერ გარემო პირობების სრულად გამოყენებისათვის კვების არეს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მეჩხრად, შორი-შორს დარგული მცენარეები ლაღად იზრდებიან, ივითარებენ დიდი წონისა და ზომის ფოთლების, მაგრამ ასეთი მცენარეები ფართობის ერთეულზე ნაკლებ მოსავალს იძლევიან, ამასთან თამბაქოს ფოთლები მეტი რაოდენობით შეიცავს ცილებსა და ნიკოტინს, ამიტომ ნაკლები ხარისხის ნედლეულს იძლევა. ხშირი ნარგავის ფოთლები კი პირიქით უფრო თხელი და ნაზია, ამასთან ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილასა და ნიკოტინს, რაც უკეთესი ხარისხის მაჩვენებელია. კვლევებით დადგენილია რომ თამბაქოს თითოეული ჯიში, მისი ზრდა განვითარების ხასიათის მიხედვით, საჭიროებს შესაფერის კვების არეს. პატარა და საშუალო ფოთლიანი ჯიშებისათვის (დიუბეკი, სამსუნი) ყველაზე ნაკლები კვების არე საჭიროა (55X18 სმ), ხოლო ფართოფოთლიანი ჯიშებისათვის (ტრაპზონი და სასიგარე) – 65X18 სმ. ამასთან კვების არე იცვლება, რეგიონის, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ფერდობის ქანობის გათვალისწინებითაც. თამბაქოს ჩარგვა ხდება, როგორც მანქანური წესით ისე ხელით. ხელთ დარგვა მიზანშეწონილია მხოლოდ 8-10 გრადუსის მეტი დაქანების მთაგორიან და პატარა ზომის ნაკვეთებზე. დარგვის წინ ნაკვეთზე გაყავთ 5-6 სმ. სიღრმის კვლები მწკრივში. ხელით რგვის დროს გამოიყენება 18-25 სმ. სიგრძის სარგავი კავ-პალოები. მარჯვენა ხელით კავ-პალოების დახმარებით აკეთებენ ორმოებს, ხოლო მარცხენა ხელით ნერგს ორმოში ფრთხილად ჩაუშვებენ, იგივე პალოთი გვერდიდან მიწას მიატკეპნიან და ფხვიერი მიწით შეავსებენ.

თამბაქოს პლანტაციის მოვლა დარგვის დროიდან იწყება. ნერგის ფესვთა სისტემის ნიადაგთან დაკავშირებას 10-12 დღე სჭირდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი თოხნა-კულტივაციის დროულად და წესიერად ჩატარებას. პირველ თოხნა-კულტივაციას 5-6 სმ . სიღრმეზე ატარებენ, ამასთან აწარმოებენ მცენარეთა ძირებზე მიწის შემოყრას . მესამედ აფხვიერებენ მეორიდან დაახლოებით 15-20 დღის შემდეგ 7-10 სმ. სიღრმეზე, მწკრივთაშორისების შემდგომი გაფხვიერება , როგორც წესი საჭიროა ყოველი მორწყვის, წვიმისა და სარეველების წამოზრდის შემდეგ.

თამბაქო ზრდა-განვითარების სხვადასხვა პერიოდში წყლის სხვადასხვა რაოდენობას საჭიროებს. განვითარების პირველ პერიოდში ნარგავები წყლის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია ვიდრე დაკოკრებისა და ყვავილობის ფაზაში. დასავლეთ საქართველოში ნორმალური ნალექებიანი წლის პირობებში მორწყვა სულ ორჯერ პირველად გაზაფხულზე დარგვისას და მეორეჯერ კოკრების გამოტანის პერიოდში წარმოებს, თუმცა გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და გვალვიანი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში რწყვის ჯერადობა იზრდება. აღმოსავლეთ საქართველოში პლანტაციების მორწყვა მინიმუმ 3-5 ჯერ ხორციელდება.

პლანტაციაში მცენარეებზე თავების წატეხვა და ფურჩქვნა მნიშვნელოვანი აგროღონისძიებაა. როგორც წესი ყვავილედის გამოტანის შემდეგ თამბაქო წყვეტს სიმაღლეზე ზრდას და პლასტიკური ნივთიერებების დიდ რაოდენობას ყვავილედის და ნამხრევების განვითარებაზე ხარჯავს. ეს ანელებს ფოთლების ზრდას, ფოთლებში მცირდება ნიკოტინისა და არომატულ ნივთიერებათა შემცველობა, საიდანაც დაბალი ხარისხის ნედლეულს ვღებულობთ. თავების წატეხვა და ფურჩქვნა ხელს უწყობს პლასტიკური ნივთიერებების დაგროვებას ფოთლებში, რის შედეგადაც ფოთლები მკვრივი და ელასტიკური ხდება, თანაბრად ვითარდება და მწიფდება, რაც მაღალი ხარისხის ნედლეულის წინაპირობაა. ყვავილობისას თავის წატეხვა უნდა ჩატარდეს სასხლავით, ხოლო ნამხრევების გაფურჩქვნა ხელით, დაგროვებული მასა გამოაქვთ ნაკვეთიდან და წვავენ.

თამბაქოს მოსავლის აღება

თამბაქო უნდა ავიღოთ ფოთლის ტექნიკურ სიმწიფეში, როცა ფოთოლი ყველაზე ხარისხოვანია, მდიდარია მშრალი ნივთიერებებით. ტექნიკური სიმწიფის ნიშნებია: ფოთლის ნაპირებზე ყვითელი ლაქების გაჩენა, მთავარი ძარღვის გაფერმკრთალება, ფოთლის მოთენთვა და ღეროდან ყუნწის ადვილად მოტეხვა. საადრეო ჯიშები უფრო ადრე იწყებს მომწიფებას, ადრე მწიფდება თამბაქო, აგრეთვე, სამხრეთ ფერდობებზე, მსუბუქ და ღორღიან ნიადაგებზე. ადრე მომწიფებას ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი, ხოლო ცივი, ტენიანი ნიადაგი და წვიმიანი გრილი ზაფხული, პირიქით აგვიანებს მას.

ფოთლების შეტეხვა ხდება ცალკე იარუსების მიხედვით ექვს (სამსუნი, ტრაპიზონი) ან რვა (დიუკები) ჯერად. შეტეხვა უმჯობესია საღამოს საათებში, როდესაც ფოთოლში მშრალი ნივთიერება მეტია. შეტეხილი ფოთლები უნდა გადაიზიდოს ფარდულში და აიკემსოს. აკემსვის დროს ფოთლები წინასწარ უნდა დახარისხდეს ზომის, სიმწიფისა და დაზიანების მიხედვით. აკემსილი ფოთლები ერთმანეთისგან დაცილებული უნდა იქნეს დაახლოებით ყუნწის დიამეტრის მანძილით. მჭიდროდ აცმული ფოთოლი ადვილად ჩახურდება და დაავადდება სოკოთი.სანამ ფაბრიკას გადავცემდეთ, შეტეხილი ფოთოლი უნდა ჩაყვითლდეს, გაშრეს, დახარისხდეს, გაიაროს ფერმენტაციის პროცესი. ჩაყვითლება თამბაქოს ფოთლის დამუშავების პირველი ოპერაციაა, რომელიც მას გამოშრობისათვის ამზადებს. ჩაყვითლების მიზანია თამბაქოს ხარისხის, არომატისა და ფერის გაუმჯობესება. ჩაყვითლებისას ნიკოტინის ოდენობა საწყისი რაოდენობის 35%-მდე ეცემა, რასაც უაღრესად დადებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნიკოტინის დიდი რაოდენობა ამცირებს მის გემოვნებით ღირსებას. ოპტიმალურ პირობებში ჩაყვითლების პროცესი სულ 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება.

ჩაყვითლების შემდეგ თამბაქოს ფოთოლი უნდა გაშრეს. არჩევენ თამბაქოს შრობის ორ ძირითად სახეს. ჰაერზე შრობას და ცეცხლით – ხელოვნური გათბობით შრობას. ჰაერზე შრობა თავის მხრივ იყოფა 1) მზეზე- ღია ცის ქვეშ შრობად, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და 2) ჩრდილში (ფარდულში) შრობად. ეს წესი უმთავრესად სასიგარე თამბაქოსა და წეკოს მოყვანის რაიონებშია გავრცელებული. ცეცხლით შრობა შეიძლება მილებიან საშრობში და ხელოვნური კლიმატის პირობებში. არსებობს შრობის მესამე კომბინირებული მეთოდიც.

გაშრობის შემდეგ თამბაქოს ჩამოხსნიან ჩარჩოებიდან და  შეკრავენ ჰავანგებად (სამ-ოთხ აცმას ერთად). გამშრალ ჰავანგებს ჩვეულებრივ საშრობ ფარდულებში ინახავენ. მზის სხივების მოქმედებისაგან დასაცავად ჰავანგები უნდა მოათავსონ ბნელ შენობაში, რადგან მზის სხივების ხანგრძლივი მოქმედება აუარესებს ფოთლის საგემოვნო და სასაქონლო თვისებებს, ასევე ფარდულებში დაცული უნდა იქნას 60-70 % ფარდობითი ტენიანობა, ჭარბი ტენიანობა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ობის განვითარებისათვის.

თამბაქოს მშრალი ფოთოლი სტანდარტის მიხედვით ხარისხდება დასტებად ეწყობა და ცალებად იკვრება, რის შემდეგ იგზავნება დამამზადებელ პუნქტებში. თამბაქოს ფოთლის საბოლოო დამუშავება ხდება საფერმენტაციო ქარნხნებში, შემდეგ კი იგზავნება თამბაქოს ფაბრიკებში. ფერმენტაცია თამბაქოს ნედლეულის დამუშავების საქმეში მეტად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია. ფერმენტაციის დროს თამბაქოს ფოთლის შედგენილობაში ღრმა ცვლილებები მიმდინარეობს. ფერმენტაციის დროს ნიკოტინის რაოდენობა მცირდება 10-20 %-მდე, რაც დადებითად მოქმედებს თამბაქოს გემურ თვისებებზე. თამბაქოს ფერმენტაცია მიმდინარეობს საფერმენტაციო ქარხნებში ე.წ. ,,კლიმატური“ დანადგარებით. ფერმენტირებული ნახევრადფაბრიკატი, რომლის ტენის შემცველობა 14-16 %-ია იგზავნება თამბაქოს ფაბრიკაში საბოლოო მზა პროდუქციის გამოსაშვებად.

(გამოყენებული ლიტერატურა: ა. ჯაფარიძე – ტექნიკური კულტურები – 1979; ა. ჩავლეიშვილი – ჩაის, ეთერზეთოვანი ნედლეულისა და თამბაქოს გადამუშავების ტექნოლოგია – 1975; გ. მელაძე – სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების აგროკლიმატური პირობები და პროგნოზირება – 1971; სახელმძღვანელო ცნობარი ფერმერებისათვის (ავტორთა ჯგუფი) ბათუმი 2008 წ.)

ავტორები: ზაურ გაბრიჩიძე. ს.მ.მ. დოქტორი. პროფესორი.
იოსებ ბასილია ს.მ.მ. დოქტორი
ნიკა გუნთაძე – მაგისტრანტი.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი

თქვენი რეკლამა