ზეთისხილის მოსავლის აღება და გადამუშავება სოფელ საქობოში

ზეთისხილი, ბაღი, ზეთი, საქართველო

სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ზეთისხილის ბაღები და გადამმუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და სახელმწიფო პროექტის „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ მხარდაჭერით შეიქმნა.

საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია. დღეისათვის, ბაღი 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული; სამომავლოდ, ფართობების გაორმაგება კომპანიასთან „კახური ტრადიციული მეურნეობა“ ერთადაა დაგეგმილი.

ზეთისხილის საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

ცივი გამოხდის მეთოდით მიღებული ზეითუნის ზეთი და საპონი კომპანიის ძირითადი პროდუქციაა, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ხდება.

ზეთისხილი, ზეთი, საქართველო

„მსოფლიოში ჯანსაღ კვებაზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად იზრდება ზეთისხილის პოპულარობა. ამ პროდუქტს დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში, საქართველოში ზეთისხილის პლანტაციები უკვე გაშენებულია. ვფიქრობ, მომავალში ამ აგრარული კულტურის წარმოება კიდევ უფრო განვითარდება. ზოგადად, საქართველოში აგრარული დარგის ძლიერი მხარეა მეხილეობა; ზეთისხილის კულტურა, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს მეხილეობის განვითარებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზეთისხილი, ზეთი, საქართველო

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარაკეშში, მიმდინარე წელს გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომაზე ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2020 წელს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და საბჭოს სხდომას თბილისი უმასპინძლებს.

ინფორმაცია მოგვაწოდა „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ“.

თქვენი რეკლამა