მეტი ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე!

43 Views

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა დადებით სავაჭრო დინამიკაზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს. მისი განცხადებით, ევროკავშირი, როგორც ქვეყანათა ჯგუფი, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 28 პროცენტი.

ევროკომისარ სესილია მალმსტრომის განცხადებით, მხარეები ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის გატანის მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ.

მხარეებმა ისაუბრეს იმ აგროპროდუქციაზე, რომლის ექსპორტიც უახლოეს მომავალში იგეგმება ევროკავშირი ბაზარზე. მათ შორის, დასახელდა თევზი და თაფლი.

ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, არსებობს არაერთი წარმატებული შემთხვევა, როდესაც ცალკეულმა კომპანიებმა საწარმოები სხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოიტანეს, რათა ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო მეტი პროდუქციის ექსპორტი განეხორციელებინათ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად ახორციელებს.

მათ შორის, საუბარი წარიმართა DCFTA-ის ხელშეწყობის ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრანტის შემცველი სესხის გაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამა ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღების მიმართულებით დაეხმარება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეს აღნიშნული სესხის და გრანტის მეშვეობით მოახდინოს ადაპტაცია DCFTA-ის მოთხოვნებთან და შესაბამისად განავითაროს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.

შეღავათიან სესხს ბიზნესი კომერციული ბანკებისგან მიიღებს. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიმართულებით, საქართველოს ბანკების პარტნიორები იქნებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს ხვალ დატოვებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2146 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB