სურსათის ფასების მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა

ფერმერებისათვის და აგრო-პოლიტიკის წარმმართველებისათვის საქართველოში, უკვე ხელმისაწვდომია ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტი – ფასების მონიტორინგის ონლაინ რესურსი.

ინტერნეტ რესურსი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ფასების მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 100 დასახელების სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტისათვის.

სტატისტიკური მონაცემების ონლაინ პლატფორმა შემუშავებული იქნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ადგილობრივ ნაწარმზე ფასების განახლებული სტატისტიკა (ყველაფერი –  დაწყებული სიმინდით და თხილით, დამთავრებული კამით და იმერული ყველით) დაეხმარება სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და ფერმერთა გაერთიანებებს, შეუთავსონ საწარმოო პროცესი საბაზრო ტენდენციებს.

მცირე ზომის ფერმერული მეურნეობები, როგორც წესი, შეზღუდული რესურსებითა და ზრდის შეზღუდული პოტენციალით, მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ მათთვის უაღრესად  ღირებულ ინფორმაციაზე წვდომით, რაც განვითარების ახალი შესაძლებლობების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნისათვის, 2015 წელს სათანადოდ მომზადდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერსონალი რეგიონებში – საერთო ჯამში სამინისტროს 100 თანამშრომელი.

მომზადებული პერსონალის მიერ საქართველოს მასშტაბით სურსათით მოვაჭრეების გამოკითხვა ხორციელდება, პროდუქტებზე ყოველდღიური და ყოველკვირეული საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. მიღებული ინფორმაცია იტვირთება მონაცემთა ონლაინ ბაზაში.

მონაცემები უკვე სრულიად საჯაროა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ფასების შესახებ – http://farmer.gov.ge/Statistics/Price

ფოტო: ©FAO/Vano Shlamov

თქვენი რეკლამა