დამტკიცდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი, რომლის საფუძველზეც ფიზიკური პირები სოციალურ შეღავათებს მიიღებენ.
►სტატუსის მინიჭების პროცესისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საბჭოს სხდომების ოქმები იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
►მუნიციპალიტეტები ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ:
• 2016 წლის 1 იანვრამდე მხოლოდ თავისი ინიციატივით;
• 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 იანვრამდე, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე, ფიზიკურ პირთა განცხადების საფუძველზე;
• 2016 წლის 15 იანვრიდან მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებების საფუძველზე.
►ფიზიკური პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;
• ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
►იმისათვის, რომ დადასტურდეს მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრება შესაძლოა, წარდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტები: დოკუმენტები, ან მასალები, მათ შორის, ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს;
• სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, განცხადების წარდგენის დროისათვის არანაკლებს 15 დღით ადრე ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;
• ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;
• ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების თაობაზე;
• იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;
• მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.