ჯავახური ბატი

ჯავახური, ბატი, ჯიში

საზოგადო სახელი: ბატი; ლათინური დასახელება: Anser anser; ჯიში: ჯავახური ბატი.

წარმოშობა: საქართველოში შინაური ბატის წარმოშობაზე მკვლევრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მათ შორის უფრო პოპულარულია ჰიპოტეზა, რომლის მიხედვით ჯავახური ბატი ამ მხარეში მობინადრე გარეული ნაცარა ბატისგან შეიძლება იყოს წარმოშობილი.

შინაური ბატი ჩვენში, ძირითადად წარმოდგენილია ორი ნაირსახეობით: ჯავახური ჭრელი და ჯავახური ნაცარა (რუხი), თუმცა ზოგიერთი მკვლევარი გამოყოფს მესამე- ჯავახური თეთრი ბატების ჯგუფსაც.

ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიული მხარის პოპულაციებში ამ ნაირსახეობათა ხვედრითი წილი განსხვავებულია: აღმოსავლეთ საქართველოში საერთო რაოდენობის 55-62% ჭრელია, 20-25% ნაცარა და 18-20% თეთრია, დასავლეთში კი ეს მაჩვენებელი ასეთია: 45-55, 25-30 და 20-25%.

ნიშანდობლივია, რომ ბუმბულის ფერთან არის დაკავშირებული თვალის ფერიც: ჭრელ ბატს აქვს მუქი ნაცრისფერი თვალები, რუხს – ყავისფერი, თეთრს კი – ცისფერი. ბუმბულის სხვადასხვა შეფერილობის ბატებში განსხვავება აღინიშნება ნისკარტის შეფერილობაშიც.

მოკლე აღწერა

ჯავახური ბატის სხეული მკვრივი, ფართო, მოკლე და ჰორიზონტალურად მდგომია; ფეხები მოკლე აქვს. კისერი საშუალო სიგრძისაა, თავი – მოკლე და მსუბუქი, ნისკარტი – მრგვალი, სწორი და საშუალო ზომის. გაზაფხულზე დედალ ბატს მუცელზე ნაკეცები აღენიშნება.

ერთი წლის ასაკის ბატის სხეულის სიგრძე კისრიანად 45-47 სმ-ია, მკერდის ძვლის სიგრძე – 13,5-15,0 სმ, მკერდის სიღრმე 9,0-11,0 სმ, ტერფის ძვლის სიგრძე 6,5-8,0 სმ, გულმკერდის ირგვლივა 38,0-41,5 სმ. ამავე ასაკის დედლების ცოცხალი მასა 4,0-4,2 კგ-ია, მამლების კი – 4,4-4,6 კგ.

დასავლეთ საქართველოს ბატები რამდენადმე უფრო მცირე წონისაა. დედალი ბატი კვერცხის დებას იწყებს 10-12 თვის ასაკში. პირველ წელს დებს 18-30 ცალ კვერცხს, მეორე წელს კვერცხმდებლობა იზრდება 20-25%-ით, მესამე წელს 30-50%-ით, ხოლო მეოთხე წელს კლებულობს.

კვერცხის მასა კვერცხდების I, II და III წელს შეადგენს 140-142, 145-158 და 150-152 გ-ს. კვერცხდების პერიოდის მიხედვით განსხვავებულია გამოჩეკის %-იც; ეს მაჩვენებელი I წელს არის 68-73%, II წელს – 70-76%, III წელს – 72-78%, მოთხე წელს 60-62%.

ბატის ჭუჭული ხასიათდება მაღალი ცხოველმყოფელობით: 2 თვემდე ასაკის მოზარდის შენარჩუნების პროცენტია 95-96, ხოლო 2-დან 10 თვემდე – 93-94%.

ჯავახურ ბატში მონოგამურობა ჩვეულებრივზე დაბალია და 10-15% შეადგენს; ბუმბულის საფარში ძვირფასი ნედლეულის – ღინღლის ხვედრითი წილი, 35-40%-ის ფარგლებშია, რაც ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ჯიშებში.

დღევანდელი მდგომარეობა

გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევლითი ინსტიტუტის სასწავლო-ექსპერიმენტულ ფერმაში ჰყავდათ 2500 ფრთა ჯავახური ბატი.

დღეისათვის ის მხოლოდ საოჯახო მეურნეობებში ჰყავთ დმანისის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, ლაგოდეხის, თელავის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.

წყაროები: ა. ჩაგელიშვილი, ჯავახური ბატი. „ვეტერინარია“, № 2, 1998; ა. ჩაგელიშვილი, ლ.ჯიქია, ადგილობრივი ფრინველის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ჩაგელიშვილი, რ. მიტიჩაშვილი, ადგილობრივი ჯავახური ბატი.

სტატია მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“;

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: თიანეთური ჩალისფერი ინდაური

თქვენი რეკლამა