კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის ახალი ინიციატივა

კლიმატი, ცვლილება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) იწყებენ ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია საქართველოს ძალისხმევის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.

2017 წლის 4 ივლისს გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, და ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის დაწყების შესახებ.

ოთხწლიანი (2017-2021) ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 850 ათას აშშ დოლარს აღემატება, ითვალისწინებს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებების შესახებ და სათბური აირის ემისიების ინვენტარიზაციას.

ამ ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობა მოამზადებს ანგარიშებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეთანხმებაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ძალისხმევაში.

საქართველო შეუერთდა გაეროს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ  1994 წელს, ხოლო 2015 წელს ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას. ეს საერთაშორისო დოკუმენტები ავალდებულებს საქართველოს გაატაროს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის, შეამციროს სათბური აირის გაფრქვევა 15 პროცენტით.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) მხარს უჭერენ საქართველოს ამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, კლიმატის ცვლილების მონიტორინგში და შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება ქვეყნის გადასვლას მწვანე განვითარების გზაზე.

თქვენი რეკლამა