კანადაში ქართულ ქვევრებში ღვინოს დააყენებენ

საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა, რომელიც ვანკუვერში განთავსდება. კანადელი რესტორნის მეპატრონე პასკალ როის (Pascal Roy) საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა.

ქვევრები დასავლეთ საქართველოშია დამზადებული და ამჟამად გზაშია. მილორავას განცხადებით, ქვევრები კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. ქვევრების მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა. ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ მანდაეთში მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა.

პასკალ როი პირველ ეტაპზე ქვევრებში, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დააყენებს ღვინოს, თუმცა იგი სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს.

პასკალ როი გასული წლის შემოდგომაზე სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში. მას მასპინძლობა კახეთში ღვინის კომპანიამ „მარანი მილორაული“ გაუწია, სადაც კანადელმა სტუმარმა რთველის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში აწარმოებენ.

თქვენი რეკლამა