ბუზა – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ბუზა, ვაზის, ჯიში, ქართული, ვენახი

ბუზა წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, მისი სინონიმებია: საბუზე, ბუზის ყურძენი, ,,ჭანჭუდოღი“.

წარმოშობა: ქართლი

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ზღვის დონიდან 650-1000 მეტრ სიმაღლეზე უკეთესი ხარისხის პროდუქციით ხასიათდება. ბუზა, როგორც შედარებით საადრეო სიმწიფის პერიოდის ვაზის ჯიში, მიზანშეწონილია გაშენდეს მევენახეობის მაღალ ზონაში. მცირე სახით იყო გავრცელებული ქართლის ვენახებში. ჯიში საშუალო ზრდით ხასიათდება.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, წაგრძელებული, იშვიათდ მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა შებუსული.

მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საკმაოდ კუმსი, გვხვდება მეჩხერი მტევნებიც. მარცვალი მცირე ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი. კანი თხელი და უხეში აქვს, რბილობი რბილი კონსისტენციისაა, გემო სასიამოვნო და ტკბილია.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 155 დღეა. სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 100-150 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 20.5 – 23% -ს, მჟავიანობა 5.8 გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

თქვენი რეკლამა