გერმანელ მევენახეებს ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიები გააცნეს

ბიომეღვინეობა

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სპეციფიკისა და ტრადიციული ტექნოლოგიების გერმანული მხარისთვის გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ჩიჩუასთან და მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის თანამშრომელთან, მაია მირველაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში იმყოფებოდა.

ბიომეღვინეობის გერმანული კავშირის „ეკოვინ ბადენ“ მიერ ორგანიზებულ სემინარზე „ახალი გზები ბიომეღვინეობაში“, ქართულმა მხარემ ქართული ღვინის ტრადიციული ტექნოლოგიების შესახებ მოხსენება გააკეთა.

სემინარის მონაწილეებს, სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული (მათ შორის ქვევრის) ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, შეხვედრები ნოიშტატის და ფრაიბურგის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამართეს. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და კვლევითი საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრები გაიმართა გეილვეილერჰოფის მევენახეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთანაც. აღნიშნულ ინსტიტუტთან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს. შეხვედრებზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ვაზის ჯიშების იდენტიფიცირების საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა შვეიცარიელ სელექციონერებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დაიგეგმა სელექციონერთა ჯგუფის საქართველოში ვიზიტი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ვაზის რეზისტენტული-დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშების გაუმჯობესებაზე ერთობლივი სამუშაოების განხორციელება.

თქვენი რეკლამა