ევროკავშირი მხარს უჭერს ქართული ქვევრის ვისკის წარმოებას

721 Views

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ქვევრი ტრადიციულად ღვინის დასაყენებლად და მარცვლეულის შესანახად გამოიყენება. თუმცა თიხის უნიკალურ ჭურჭელს უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებული ძირითადი დანიშნულების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია. დღეს უკვე ENPARD-ის ბენეფიციარი ალექსანდრე კვერნაძის გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა ამტკიცებს, რომ ქვევრის გამოყენებით, არც მეტი, არც ნაკლები, ვისკის დამზადებაც შესაძლებელია.

ვისკი მაღალაკოჰოლური, არომატული სასმელია, რომელიც მარცვლეულის გამოხდით მიღებული სპირტის მუხის კასრებში დაძველებით მიიღება. ვისკის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ჩვენთვის აღსანიშნავია პირველი ქვევრში გამოხდილი ქართული ვისკის შექმნის პროცესი და აღნიშნული გამოგონების ავტორი, ლექსანდრე კვერნაძე, რომელიც ვისკის წარმოებისთვის უპირატესობას ანიჭებს სწორედ ქვევრს, როგორც დისტილაციის (გამოხდის) აპარატს.

ალექსანდრე კვერნაძე დამკვიდერებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ალექსეევკაში. დღეს მის ძირითად საქმიანობას სწორედ ექსკლუზიური ვისკის წარმოება წარმოადგენს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მისი ბრენდი „ალექსანდრე დისტილერი“ ასევე აერთიანებს რამდენიმე სახეობის ღვინის, შარბათისა და ჭაჭის წარმოებას. ამასთან, ალექსანდრე კვერნაძე მეგობრებთან ერთად ხელმძღვანელობს სოფელ ალექსეევკაში მდებარე ტურისტულ ობიექტს, ღვინისა და აგრო ტურიზმის განვითარებას კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ENPARD-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გამარჯვების შედეგად მიღებული დაფინანსებით გეგმავს.

ალექანდრე კვერნაძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ფიზიკოსი მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე ინსტიტუტში მუშაობდა; გამოქვეყნებული აქვს აკადემიური ნაშრომები სხვადასხვა სფეროში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ალექსანდრე კვერნაძემ ახალი პროფესია შეითავსა და გახდა იურისტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. 35 წლის ასაკიდან აქტიურად მუშაობს როგორც პატენტრწმუნებული და კომპანიებსა თუ ინდივიდებს პატენტებისა თუ სასაქონლო ნიშნების დაცვაში ეხმარება.

ალექსანდრე კვერნაძის შეხება სოფელთან ყოველთვის მინიმალური იყო – წელიწადში ერთხელ, ერთი თვით თუ ჩავიდოდა აგარაკზე სოფელ ალექსეევკაში. დროთა განმავლობაში, ეტაპობროვად ითვისებდა ამავე სოფელში მდებარე სახლს, ერთ დღეს კი მისი გონება გარდამტეხი ცვლილების სურვილმა შეიპყრო და სოფელში დაფუძნება გადაწყვიტა.

„არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ მიწამ დამიძახა. ფაქტია, რომ ქალაქში ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემთვის ახლაც გაუსაძლისია ქალაქში ყოფნა“ – აღნიშნავს ალექსანდრე კვერნაძე.

ალექსანდრე კვერნაძემ ცვლილების ინიციატივა მეუღლეს გაუზიარა და დაითანხმა კიდეც. 2005 წლიდან ოჯახმა ალექსეევკაში შეძენილი სახლის კეთილმოწყობა აქტიურად დაიწო, 2011 წელს კი ალექსანდრე კვერნაძე მეუღლესთან – წარმატებულ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან და პროფესორთან ერთად საცხოვრებლად თბილისიდან ალექსეევკაში საბოლოოდ გადავიდა.

„უსაქმოდ ხომ არ გავჩერდებოდი?! მე და ჩემმა მაუღლემ მეურნეობის გაძღოლა დავიწყეთ. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ სახლის გარემონტებასა და ეზოს კეთილმოწყობაში. პარალელურად, ვაგრძელებდი უირიდიულ საქმიანობას“ – იხსენებს ბატონი ალექსანდრე.

ღვინის დაყენება ალექსანდრე კვერნაძისთვის უცხო არასდროს ყოფილა, შესაბამისად, სოფელში ამ საქმიანობასაც მიჰყო ხელი, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონია, აქ ყურძენი არ ხარობს. ალექსანდრე ბარში დამკვიდრებულ მევენახესა და დღეს უკვე მის მუდმივ მომწოდებელს წლის განმავლობაში ყურძნის, კერძოდ, ასურეთული შავის მოყვანასა და მოვლაში ეხმარებოდა, შემდეგ ყიდულობდა და ღვინოს აწარმოებდა. დროთა განმავლობაში ეს ჰობი მის საქმიანობად გადაიქცა და ალექსეევკაში მდებარე სახლში გაჩნდა მარანი, ჩაიდო ქვევრები…

ღვინის წარმოების პარალელურად, ალექსანდრე კვერნაძემ ჭაჭის გამოხდაც დაიწყო, თუმცა დარწმუნდა, რომ მეურნეობაში დამკვიდრებული სახდელი­ ქვაბებით კარგი დისტილატის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღების სურვილით, ალექსანდრე კვერნაძემ ექსპერიმენტებს მიმართა და საბოლოოდ მივიდა ინოვაციური ტექნოლოგიის აღმოჩენამდე, რაც ტრადიციული ქართული ქვევრის სრულიად ახალი დანიშნულებით, არყის გამოხდისთვის გამოეყენებას გულისხმობს. აღნიშნული გამოგონება უკვე დაპატენტებულია საქართველოში.

სწორედ ინოვაციურმა გამოგონებამ მიიყვანა მეწარმე ვისკის ექსკლუზიურ წარმოებამდეც. ალექსანდრე კვერნაძე მარცვლეულის დისტილატის მიღებითაც დაინტერესდა – სიმინდის, ქერისა თუ ჭვავის გამოხდა და სპირტის მუხის კასრებში დავარგება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიით ძალიან კარგი და გემრიელი სპირტი მიიღება, შესაბამისად, შეიქმნა ვისკი, რომელმაც დიდი მოწონება და საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა ვისკის მოყვარულებისგან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

დღეს ალექსანდრე კვერნაძე საფერავსა და თეთრ ღვინოსაც აწარმოებს. მისი ექსკლუზივი ამ სფეროშიც მოიძებნება – ეს არის შარბათი, ანუ არომატიზირებული და შემაგრებული ღვინო. შარბათიც უნიკალური ტექნოლოგიითა და რეცეპტით მზადდება, მე-11 საუკუნის ქართული სამედიცინო წიგნის, „უსწორო კარაბადინის“ საფუძველზე.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია არ იყოს ჩვეულებრივი. თითოეული პროდუქტი უნდა იყოს არაჩვეულებრივი. თითოეული ბოთლი ჩვენთვის განსაკუთრებულია, თითოეულის შექმნაში ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. სხვა ასეთი ღვინო საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, მას სათანადო შეფუთვა სჭირდება. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევარჩიეთ დიზაინი, უნიკალური ხელნაკეთი ეტიკეტები. ჩვენი პროდუქცია არის ექსკლუზიური, ასე გვხედავს ჩვენ მომხმარებელი“ – ამბობს ალექსანდრე კვერნაძე.

„ალექსანდრე დისტილერი“ არის კრაფტული, ანუ მცირე საოჯახო წარმოება, წელიწადში მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 200 ხელმისაწვდომი ბოთლით. ყოველწლიურად იწარმოება 145 ბოთლი შარბათი. ასურეთული შავის წარმოება მოსავლიანობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, თუ 2016 წელს ხელმისაწვდომი იყო 200, 2017 წელს კი 100, წელს 250 ბოთლის წარმოებას ვარაუდობენ. ჭაჭა, ისევე როგორც ძირითადი პროდუქტი – ვისკი – არ არის დიდი რაოდენობით.

ჯერ კიდევ 2011 წელს, როცა ალექსანდრე კვერნაძემ ღვინის წარმოება დაიწყო, აქტიურად ფიქრობდა ტურისტული საქმიანობის განვითარებაზეც. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობის გამოჩენისთანავე, მეწარმემ რესურსი გამოიყენა და სოფლის ტურიზმის განვითარებისკენ აქტიური ნაბიჯები მეგობრებთან ერთად გადადგა. სამმა მეგობარმა მოაწყო საოჯახო ტიპის სასტუმრო და მარანი, რომელიც დღეს ტურისტებს სთავაზობს „ალექსანდრე დისტილერის“ პროდუქციის დეგუსტაციას, სადილსა და ღამისთევას. ამჟამად ტურისტულ ობიექტს 10 ადამიანის განთავსების რესურსი აქვს. სტუმრები მოისვენებენ სწორედ მეგობრების სახლებში, რომლებიც საოჯახო სასტუმროებად გადაკეთდა. ასევე სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია ალექსანდრე კვერნაძის 2000 კვ. მეტრზე გადაჭიმული ეზო 130-მდე ძირი ულამაზესი ვარდითა თუ სხვადასხვა ყვავილებით, ფანჩატურთ, ჰამაკებითა და სხვა მოსასვენებელი აქტივობებით. ადგილს სტუმრობენ ტურისტები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან. ტურისტულ ვებ-გვერდებზე სასტუმრო ფიქსირდება როგორც „ალექსანდრე დისტილერი“, რაც უფრო მიმზიდველს და გასაგებს ხდის მის საქმიანობას.

კარგი დასასვენებელი ადგილი, სადაც სტუმრებს რამდენიმე დღით გაჩერება შეუძლიათ, სამი მეგობრის მიერ იმართება. ერთ-ერთი მათგანი სოფლის მეურნეობითაც არის დაკავებული და სასტუმროს ყველა საჭირო პროდუქტით ამარაგებს. ამასთან, ტურისტული ობიექტის საქმიანობაში მნიშვნელოვნად არის ჩართული ალექსანდრე კვერნაძის მეუღლეც, დაწყებული სამზარეულოთი თუ სტუმრების გამასპინძლებით, დამთავრებული ვარდების მოვლით, ეზოს მოთოხვნითა და დაბარვით. მისი ინტელექტუალური საკუთრებაა „ალექსანდრე დისტილერის“ ბოთლების დიზაინიც.

„ჩვენი ტურისტული ობიექტი ფაქტობრივად გზაზეა, შესაბამისად, მისი აღმოჩენა მარტივია. პირველად ოთხი ადამიანი მოვიდა პარიზიდან და რომ მითხრეს, ღამე შენთან უნდა დავიძნოთო, ძალიან შემეშინდა, თუმცა მაინც დავთანხმდი. მას შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და დღეს უამრავ ადამიანს ვუმასპინძლდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან“ – აღნიშნავს ალექსანდრე კვერნაძე.

ტურისტული ობიექტის შექმნის პარალელურად, ალექსანდრე კვერნაძის ცხოვრებაში ჩნდება ევროკავშირი და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომელიც პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში შეიქმნა.

პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს კონსორციუმი, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ხელმძღვანელობით.  ოთხწლიანი პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ბიუჯეტი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს.

ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მხოლოდ მოსარგებლეები და ამ მიდგომით ხელი შეუწყოს სოფლის სამომავლო განვითარებას.  სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, 2017 წლის აგვისტოში, თეთრიწყაროში შეიქმნა „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ (LAG), როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის. ჯგუფი თეთრიწყაროს ოცივე თემს აერთიანებს. მისი წევრები არიან სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობები, ასევე თეთრიწყაროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები. აღსანიშნავია, რომ LAG-ის წევრთა 40%-ს ქალები, 30%-ს კი ახალგაზრდები წარმოადგენენ.

თეთრიწყაროს LAG-მა შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები აისახა. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე გაიცემა გრანტები სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.

ალექსანდრე კვერნაძე LAG-ში თავიდანვე გაწევრიანდა. „LAG-ი ბევრ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სხვანაირად დაინახოს თავისი საქმიანობა და გაიაზროს, რომ წინსვლისა და განვითარების პერსპექტივა არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ სოფლის მაცხოვრებლებისთვის. თან, შემთხვევითი სპონსორი ხომ არ გიბიძგებს განვითარებისკენ?! – ეს ევროკავშირია, რაც ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა და ტრენინგი გვქონდა, განვიხილავდით ადგილობრივ საჭიროებებს. ჩვენი თანამონაწილეობით შეიქმნა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაც“ – ამბობს ბატონი ალექსანდრე.

სწორედ LAG იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იმისა, რომ ალექსანდრე კვერნაძეს საკუთარი საქმიანობა გაეფართოებინა. მან, ისევ მეგობრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, დაწერა პროექტი და გაიმარჯვა კიდეც.

„თავიდანვე მივხვდი, რომ ENPARD ჩვენი ბიზნესის გაფართოების საშუალებას გვაძლევდა. ეს იყო ჩემი ძირითადი ინტერესი, თუმცა, თავისთავად, მნიშნელოვანია ჩვენი საქმიანობის მიერ მოტანილი სიკეთე რეგიონის განვითარებისთვის. პროექტის წერის პროცესში ძალიან მაღალკვალიფიციურ ადამიანებთან ერთად გავიარეთ ტრენინგები სათანადო განაცხადის გაკეთებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების შესახებ. სხვათა შორის, ეს არ იყო მარტივი. საკმაოდ რთული და შრომატევადია პროექტის სწორი მიმართულებით წერა. მიუხედავად იმისა, რომ ამის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, LAG-ის ტექნიკური შინაარსის შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის ისევე, როგორც სხვა კონკურსანტებისთვის“ – აღნიშნავს ალექსნდრე კვერნაძე.

ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით, ალექსანდრე კვერნაძის საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებით განვითარდება. პირველ რიგში, მეწარმე ვისკის წარმადობის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ეკოლოგიურად მართებულ ენერგეტიკულ დანადგარს შეიძენს. თუ დღეს 1000 ლიტრი ვისკი იწარმოება, ENPARD-ის მხარდაჭერით, აღნიშნული რაოდენობა 3-ჯერ უნდა გაიზარდოს. მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მარნის სრულყოფა, ქვევრების დამატება და ღვინის წარმოების გაზრდა. მარანი აშენდება ინოვაციური ტექნოლოგიით, რაც კვლავ ხელს შეუწყობს ალექსეევკაში ღვინისა და აგროტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას,  რაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერა ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც ბაღის სათანადოდ მოწყობასა თუ ინვენტარის შეძენას გულისხმობს. ამასთან, ალექსანდრე კვერნაძის ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირისგან მიიღებს ტრაქტორს, რომელიც ხელს შეუწყობს მას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ეფექტურ წარმოებასა და ტურისტული ობიექტის უკეთესად მომარაგებაში.

უდაოა, რომ „ალექსანდრე დისტილერის“ პროდუქცია რეალიზაციის პრობლემას არ უჩივის. პროდუქტი საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა მასზე მოთხოვნა ყოველთვის არის. საქართველოში მისი რეალიზაცია ხდება ღვინის რამდენიმე მაღაზიაში ან ტურისტულად დატვირთულ ობიექტებში, ასევე, რა თქმა უნდა, ალექსეევკაში მდებარე ტურისტულ ობიექტში.

„ალექსანდრე დისტილერის“ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ევროპის, აზიისა თუ ამერიკის მასშტაბით. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში შარბათის თითქმის სრული პროდუქცია ჰონგ-კონგში მიემგზავრება – პირველ წელს 100, მეორე წელს კი 150 ბოთლი. ვისკიზე დიდი მოთხოვნა ფიქსირება ამერიკაში. „ალექსანდრე დისტილერის“ პროდუქციამ ამერიკის ცენტრალური ბაზრის აკრედიტაციაც კი გაიარა, თუმცა პროდუქტის ექსპორტს ხელს უშლის მცირე წარმოება, რაც ტრანსპორტირების ხარჯებს მნიშვნელოვნად აძვირებს.

„ჩვენს პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, თუმცა ჩვენი რესურსი ყველაფერს ვერ სწვდება. ახლა, ENPARD-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, გავზრდით წარმოებას, წარმადობის ზრდასთან ერთად კი ექსპორტიც გაუმჯობესდება. ევროკავშირის მხარდაჭერით, შევალთ როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ ბაზარზე“ – აღნიშვანს ბატონი ალექსანდრე.

ალექსანდრე კვერნაძე კვლავ აგრძელებს იურიდიულ საქმიანობას და რამდენიმე კარგ კომპანიასთან თანამშრომლობას, თუმცა აღნიშნული საქმიანობისთვის დიდი დრო არ რჩება. ძირითადად, ალექანდრე დაკავებულია ტურისტული ობიექტის მართვით, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს სოფლად ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაში, სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვასა და განვითარებაში.

„სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის ინერცია დამღუპველია. ENPARD-ის მიდგომა ეხმარება სოფელს ამოქმედებასა და მუშაობის დაწყებაში. სოფლად მცხოვრებ ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ მას საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის დააფინანსებენ და უკან არაფერს მოთხოვენ. როცა ჩვენ ეკონომიკური საქმიანობა დავიწყეთ, სერიოზულად არავინ გვიყურებდა, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერა რეალურია. ახლა, ჩვენს მაგალითზე,  სოფლის სხვა მცხორებლებიც ფიქრობენ, რომ თავადაც გააქტიურდნენ. ჩვენს სოფელში ჯერ არ არის ბევრი მსგავსი ობიექტი, თუმცა თეთრიწყაროში ტურისტული მიმართულება ნამდვილად ვითარდება. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ერთდროულად გაკეთდეს, თუმცა ეტაპობრივი განვითარება საჭირო და მნიშვნელოვანია“ – ამბობს ალექსანდრე კვერნაძე.

დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB