დუგლაძეების ღვინის კომპანიამ ტოჩინოშინს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტიტულოვან ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ დირექტორ ზაზა დუგლაძესთან ერთად უმასპინძლა.

ლევან დავითშვილმა ტოჩინოშინთან ერთად იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ტრადიციული ქვევრის ღვინის დაგემოვნების პარალელურად, ტოჩინოშინმა და ლევან დავითაშვილმა იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში, ქართული ღვინის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

პირველ ქართველ ოძეკს ლევან დავითაშვილმა არაერთი წარმატებული ორთაბრძოლა მიულოცა და მომავალში კიდევ ბევრი ბრწყინვალე გამარჯვება უსურვა.

„2017 წლიდან ჩვენ იაპონია გამოვაცხადეთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სამიზნე ბაზრად, როგორც ქართული ღვინისთვის, ასევე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის. თუმცა, ყველაფერ ამას სჭირდება ცნობადობა და ამისთვის მნიშვნელოვანია, იაპონელებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ, რაზეც მიმდინარეობს რეგულარული მუშაობა. ვფიქრობ, ქართველი სუმოს მოჭიდავეების მიერ შეტანილი წვლილი საქართველოს ცნობადობის შესაქმნელად შეუფასებელია, ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლევან გორგაძეს ტოჩინოშინს და ლევან ცაგურიას, რომელმაც თავის დროზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის განსაკუთრებული როლი ითამაშა და საქართველოს სახელი გაუთქვა. ეს ნამდვილად დაეხმარება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას“ , – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველო-იაპონიის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა იაპონიის ელჩმა საქართველოში, რომელიც ცნობილ ქართველ სუმოისტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ტადაჰარუ უეჰარამ ხაზი გაუსვა ასევე, საქართველოს პოპულარობის ზრდას იაპონიაში, რაშიც მისი თქმით, დიდი წვლილი ტოჩინოშინმაც შეიტანა.

„ეს კვირა არის მნიშვნელოვანი იაპონელი ხალხისთვის. ჩვენ ვმასპინძლობთ ტოჩინოშინს საქართველოში. მსურს მას მადლობა გადავუხადო. მისი დამსახურებით, საქართველო უფრო და უფრო პოპულარული ხდება იაპონიაში. აღსანიშნავია, ქართული ღვინო, რომელიც საუკეთესოა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ფანტასტიური პიროვნებაა. ვარ ძალიან ბედნიერი, მივიღე უამრავი ელექტრონული შეტყობინება იაპონელი მეგობრებისგან, სადაც ნათლად ჩანდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტოჩინოშინი და საქართველო იაპონიისთვის“ ,- აღნიშნა ტადაჰარუ უეჰარამ.

სტუმრებმა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს და ქართული სუფრის ტრადიციებით აღნიშნეს ქართველი სუმოისტის სტუმრობა საქართველოში. ტოჩინოშინმა ჩურჩხელებიც ამოავლო და თავად დააცხო შოთის პურები.

თქვენი რეკლამა