მატიტელა ჩვეულებრივი – სამკურნალო მცენარე, რეცეპტები

მატიტელა, ხალხური, მედიცინა

ჩვეულებრივი მატიტელა (Polygonum aviculare) განეკუთვნება მატიტელასებრთა ოჯახს. იგი ერთწლიანი პატარა მცენარეა წვრილი ფესვებით და დატოტვილი, მიწაზე გართხმული ღეროთი. სხვა მცენარეებს შორის ზრდის დროს მისი ღერო შესაძლებელია იყოს სწორმდგომი, 30-35 სმ სიმაღლის.

ღერო მრავალმუხლიანია, როგორც ამ გვარის სხვა წარმომადგენლებისა, მაგრამ ბოსტნის წალიკასაგან განსხვავებით მოთეთროა, სიფრიფანა, განკვეთილი ფოთლები მორიგეობითია, პატარა, მთლიანკიდიანი, ოვალური ბლაგვი წვერით.

ყვავილები წვრილია, შეუმჩნეველი, სხედან 1-5 ცალი ფოთლების უბეებში და არ ქმნიან ყვავილედებს. ნაყოფი – მუქი ნაცრისფერი კაკლურაა და მოთავსებულია ყვავილსაფარში. ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში.

ქართლში მას მამალ მატიტელას ეძახიან, ბორჯომის რაიონში – ჩიტიპურას, თუშეთში – ჭიმჭიკს, რაჭა-ლეჩხუმში – თიათეთრას.

ჩვეულებრივი მატიტელა ფართოდ გავრცელებული სარეველაა. გვხვდება გზის პირებში, ეზოებში, დანაგვიანებულ ადგილებში და არ ეშინია ფეხით დატკეპნისა.

მატიტელა, სამკურნალო, მცენარე

აგროვებენ მთელ მცენარეს, ფესვის გარეშე, ყვავილობის დროს. ნედლეულის შენახვის ვადა 3 წელია. მის შემადგენლობაში აღმოჩენილია ფლავონოიდური გლიკოზიდი, ხსნადი სილიციუმმჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები (3-4%).

მატიტელა ხელს უწყობს დიურეზს, გამოაქვს შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის ჭარბი იონები, ხელს უშლის შარდის ბუშტში კენჭების წარმოშობას, რაც დაკავშირებულია მასში სილიციუმმჟავას ხსნადი შენაერთების არსებობით.

მატიტელას ბალახსა და ნარევებს, რომლებშიც მატიტელა ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადებების, თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის შესუსტების და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით მჟაუნმჟავას მარილების არსებობის დროს.

როგორც დამატებით საშუალებას უნიშნავენ ავადმყოფს შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციისა და კანის დაავადებების (ძირმაგარა, ფერიმჭამელა, ზოგიერთი დერმატიტი) დროს.

მცენარეს იყენებენ აგრეთვე ღვიძლის ფუნქციონალური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად. აგრეთვე, როგორც ანტისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.

მატიტელა, სამკურნალო, მცენარე

მატიტელას ხმარობენ გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტების, პნევმონიის, პლევრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს.

მატიტელას გამოყენება არ შეიძლება თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთებების დროს.

სასუნქი ორგანოების დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზისა და ყივანახველის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მატიტელა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ თავდახურული 15 წთ-ის განმავლობაში წყლის აბაზანაში.

გააცივეთ 1-2 სთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თთო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის დროს 1 სუფრის კოვზი მატიტელა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, 10 წუთის განმავლობაში.

გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (0,5 ლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

მატიტელა, სამკურნალო, მცენარე

ავტორები: ს.ჩაგელიშვილი; მ.გოგორიშვილი.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა