ბუნების უნიკალურ ძეგლს საფრთხე ემუქრება

განამარხებული, ტყე

ბუნების უნიკალური ძეგლი – გოდერძის განამარხებული ტყე საფრთხის წინაშეა. „თუ გავითვალისწინებთ ფერდობების დახრილობასა და ქანების გამოფიტვის ხარისხს, განამარხებული ტყე დიდი საფრთხის და განადგურების წინაშეა. შეიძლება დაკარგოს პირვანდელი იერსახე. “- აცხადებს გეოლოგი გიორგი ბერიძე.

გოდერძის განამარხებული ტყე კავკასიის რეგიონში ერთადერთი და უნიკალურია. ბუნების ძეგლი, რომელიც ვულკანოგენურ ქანებში მდებარეობს, იწყება ადიგენის რაიონიდან და მოიცავს ზემო აჭარასაც.  განამარხებული ტყესთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარზმაა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 მილიონი წლის წინ ტყე განადგურდა და გაქვავდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ტერიტორია დაიფარა ვულკანური ფერფლით და  ქვეშ მოექცა ტყე – ხეების ტოტები, ღეროები და ფოთლები გაქვავდა.

ბუნების ამ უნიკალური ძეგლს საფრთხე ემუქრება. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გასულ წლებში ჩამოწოლილია  მეწყერი და სწორედ ამ მეწყრის ზონაში გამოყოფილია ტყეკაფი. გარდა ამისა, იმავე ტერიტორიაზე გაყვანილია ადიგენი-ხულოს დამაკავშირებელი გზაც.

გიორგი ბერიძის თქმით, მეწყრულ ზონაში ხეების ჭრა და სატყეო გზების გაყვანა აზიანებს ნიადაგის საფარს და საფრთხეს უქმნის როგორც გზას ისევე ტყეს:

„საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში თითქმის ყველგან შეინიშნება მეწყრები და მცირე ზომის მეწყრული საფეხურები. სატყეო გზები აზიანებს ნიადაგის საფარს და აჩენს ეროზიულ ნაღვარევებს. სატყეო გზები ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ელემენტია აღნიშნული პროცესების. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე შიშვლდებიან ძირითადი ქანები, რომლებშიც გვხვდება განამარხებული ხის მორები და ფრაგმენტები.“

გეოლოგის რეკომენდაციით, საჭიროა განამარხებული ტყის ფრაგმენტების მონაკვეთების ტერიტორიის გამაგრება და დამცავი ზღუდეების შექმნა.

2017 წლის 15 სექტემბერს, Global Forest Watch-ის პროექტის ფარგლებში, CENN ტყეების მდგომარეობის შესაფასებლად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა.  მეტყევე სპეციალისტმა გიორგი კირკიტაძემ და გეოლოგმა გიორგი ბერიძემ ადგილზე გასვლით შეაფასეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტყეები და მოამზადეს შესაბამისი ანგარიშები. აღნიშნული პროექტი ხორციელდება მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მიერ,  UNEP/GEF-ის ფინანსური მხარდაჭერით.

საფრთხის ქვეშ მყოფი განამარხებული ტყის გარდა, ადიგენის მუნიციპალიტეტში ექსპერტებმა სხვა მრავალი გარემოსდაცვითი პრობლემა აღმოაჩინეს: მეწყერსაშიში ზონები, დაზიანებული ნიადაგი, პირწმინდად გაჩეხილი მონაკვეთები, ხეტყის უკანონო ჭრის ფაქტები,  ტყეში დატოვებული ნარჩენი, საძოვრებად ქცეული ტყეები და სხვა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გარემოსდაცვითი დანაშაულის რიცხვი ძალიან მაღალია. მაშინაც კი, როდესაც მთელი საქართველო ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული, ადგილობრივები  ხე-ტყის უკანონო ჭრას მაინც აგრძელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19-31 აგვისტოს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოავლინეს.

აღნიშნულ რეგიონში ბრაკონიერობა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემად რჩება. მეტყევე სპეციალისტ გიორგი ბერიძის თქმით, ადამიანის ზემოქმედების გამო, ტყის აღდგენის პროცესი შეფერხებულია. ხეების ჩეხვის გამო, ზოგიერთი მონაკვეთი, სადაც გასულ წლებში ტყე იყო,  ახლა მინდვრად არის ქცეული.

„არსებული მოზარდი ვერ უზრუნველყოფს ტყის აღდგენას, რასაც ასევე ხელს უშლის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძოვება. ფართობის ირგვლივ დიდი რაოდენობით ვხვდებით ახლო წარსულში განხორციელებულ უკანონო ჭრებს, რის დასამალადაც ბრაკონიერები კუნძებს ფარავენ მკვდარი საფარით, რაც ართულებს შორიდან მათ შემჩნევას.“- აცხადებს გიორგი კირკიტაძე.

სპეციალისტები ტყის აღსადგენად გარკვეული ზომების მიღების საჭიროებაზე საუბრობენ. გეოლოგის რეკომენდაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ზოგიერთ მონაკვეთზე საჭიროა, თიბვისა და ძოვების აკრძალვა. მეტყევე სპეციალისტის თქმით კი, სასურველია, რომ ტყეში დატოვებული ნარჩენი მოსახლეობას უფასოდ გადაეცეს.

„ჭრაგავლილ ფართობებზე, მოზარდ-აღმონაცენის განვითარების ხელშეწყობისათვის, აუცილებელია თიბვისა და ძოვების აკრძალვა. ასევე, შემდეგ წლებში ჭრების წარმოება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ტყეში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის კი, ჭრაგავლილი ფართობებიდან გამოტანილი უნდა იქნას მსხვილი ზომის ხეტყე, რომელიც მრავლად გვხვდება ტყის მთელ ტერიტორიაზე.“

GFW–ის ფარგლებში CENN ახორციელებს პროექტს – „ახალი სატყეო ტექნოლოგიები ტყის მდგრადი მართვისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის მხარდაჭერას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.

წყარო: environment.cenn.org

თქვენი რეკლამა