ბოტანიკურ ბაღში ქართული ნუშის ორწლიანი ნერგები დარგეს

149 Views

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, მცენარეთა კონსერვაციის საკოლექციო ნაკვეთზე დაირგო საქართველოს ენდემის, წითელი ნუსხის სახეობის – ქართული ნუშის Amygdalus georgica Desf. ორწლიანი ნერგები, რომლებიც მიღებულია ბუნებრივი პოპულაციებიდან შეგროვილი დოკუმენტირებული თესლიდან.

საგრანტო პროექტი „ქართული ნუშის კონსერვაცია“, რომელსაც აფინანსებს ბოტანიკური ბაღების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭო – (Botanic Gardens Conservation International (BGCI) საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2014 წლიდან ხორციელდება.

მის ფარგლებში შესწავლილი იქნა ქართული ნუშის ბუნებაში მოძიებული პოპულაციების თვითგანახლების პოტენციალი, განისაზღვრა თესლის სიცოცხლისუნარიანობა, გაღივებისა და აღმოცენების პროცენტი, შემუშავდა თესლით გამრავლების პროტოკოლები. მომზადდა სახეობის არეალის GIS-სისტემაზე დაფუძნებული რუკები.

პროექტის საბოლოო მიზანია ბუნებაში ქართული ნუშის პოპულაციების აღდგენა, რასაც ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (2015-2020) წლებისათვის, და მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგია – 2020 წლისათვის.

წლის ბოლომდე განხორციელდება ქართული ნუშის პოპულაციის აღდგენის სამუშაო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთის მიდამოებში, საიდანაც ქართული ნუში პირველად იქნა აღწერილი, მაგრამ დღეისათვის ეს პოპულაცია მთლიანად არის გამქრალი.

დაცულ ნაკვეთზე დაირგვება ქართული ნუშის 100-მდე ნერგი და შეითესება ლაბორატორიულად შემოწმებული 500 თესლი.

95Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB