ბოტანიკურ ბაღში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა. ღონისძიება საქართველოს ბოტანიკურ ეროვნულ ბაღში გაიმართა.

მისასალმებელ სიტყვაში ნოდარ კერესელიძემ დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვის მსოფლიო დღე მიულოცა და ვრცლად ისაუბრა აღნიშნული თარიღის და საზოგადოების გარემოსდაცვითი თვითშეგნების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს საქართველო პლასტიკის გამოყენების შემცირების ინიციატივით აღნიშნავს.

„მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რა ზიანს ვაყენებთ გარემოს პლასტიკის ნარჩენებით. ჩვენ როგორც პოლიტიკის შემმუშავებელი უწყება, აღნიშნული საკითხის რეგულირებას პრიორიტეტად მივიჩნევთ. არსებობს სამთავრობო ინიციატივა „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ შემუშავების შესახებ და სამინისტრო უახლოეს მომავალში წარმოადგენს ტექნიკური რეგლამენტის პროექტს. ჩვენი მიზანია, ერთად ვიცხოვროთ უკეთეს გარემოში“- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ აღნიშნა, მსოფლიოში მიმდინარე აქციებს შორის, საქართველოს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღმნიშვნელი აქცია ერთ-ერთი მათგანია და ყურადღება ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ და ვმონაწილეობთ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში. გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა“ -განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილემ შამენა გალიმ.

საქართველოს ბოტანიკურ ეროვნულ ბაღში გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

მოზარდებთან ერთად ღონისძიებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თქვენი რეკლამა