სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა – დავიცვათ ბაღ-ბოსტანი პრობლემებისგან

სიდერატები, საუწი, ბაღი, ბოსტანი, სიდერაცია

საჭიროა თუ არა ბოსტანში მწვანე სიდერატების თესვა და როდის არის ამისთვის საუკეთესო დრო? ამდიდრებენ თუ არა ეს კულტურები ნიადაგს და რა ვუყოთ მათ ყვავილობის შემდეგ?

სიდერატებს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. ევროპელებმა ეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩინელებისგან გადმოიღეს და უკვე ძველი საბერძნეთის დროს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გავრცელდა.

ორგანული მეურნეობის აღორძინებასთან ერთად, რომელშიც მინერალური სასუქები სრულიად არ გამოიყენება (ან სტანდარტებით გათვალსიწინებული მცირე დოზებით არის დაშვებული, მაგ: სპილენძის შემცველი პრეპარატები). სიდერატებისადმი ინტერესი ისევ დაბრუნდა.

რატომ სიდერატები?

მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მცენარეს ნიადაგიდან სხვადასხვა რაოდენობის საკვები გამოაქვს, ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობის და მოსავლიანობის შენარჩუნებისთვის, სხვა აგროტენიკურ ღონისძიებებთან ერთად საჭირო მისი გამოკვება. მწვანე სასუქები ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით და აზოტით ამდიდრებენ.

ნუ დაუშვებთ ნიადაგი გამოფიტვას – დაიცავით ბაღ-ბოსტანი პრობლემებისგან.

ბუნებრივ ან ორგანულ მეურნეობაში არსებობს კანონი: მიწა არასოდეს უნდა დარჩეს მცენარეების გარეშე. იმისათვის, რომ ნიადაგის ზედაპირი მუდმივად იყოს დაფარული, თესავენ მწვანე სასუქებს, რომლებსაც ეწოდება სიდერატები, ხოლო ამ პროცესს სიდერაცია.

სიდერაციისთვის გამოიყენება კულტურები, რომლებიც ერთმანეთს ხელს არ უშლიან (შეთავსებადი არიან) და სწრაფად იზრდებიან. სიდერატები ითესება გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე – ანუ, ნებისმიერ დროს.

სიდერატები თესვა სხვადასხვა დროს

სიდერაციისთვის საჭიროა სწრაფად მზარდი მცენარეები, რომლებიც ასწრებენ მწვანე მასის განვითარებას ბოსტნეულის თესვამდე ან მოსავლის აღების შემდეგ, აგრეთვე კულტურებს შორის შუალედში.

ამ მიზნებისათვის შესაფერისი ზოგიერთი კულტურა:

ზამთრის წინა თესვა – საკვები პარკოსნები, რაფსი, ცერცველა, ჭვავი. ამ კულტურებს, რომლებიც დათესეს ზამთარამდე, ადრე გაზაფხულზე ბოსტნეულის თესვამდე, ჩითილების ან კარტოფილის გადარგვამდე უკვე განვითარებული აქვთ მწვანე მასა.

ადრე საგაზაფხულო თესვა – მინდვრის ბარდა, ცერცვი. განსაკუთრებით შესაფერისია გაზაფხულის თესვისთვის ფოთლოვანი მდოგვი. ამ ყინვაგამძლე კულტურის თესვა შესაძლებელია დაუყოვნებლივ ზამთრის გასვლის შემდეგ, რამდენიმე საგაზაფხულო კვირის განმავლობაში, რომლებიც ბოსტნეულის თესვამდე/დარგვამდე რჩება, მდოგვს ექნება დრო, რომ გაეზარდოს სრულყოფილი ფოთლები და აყვავილდეს. ამ მდგომარეობაში მისი ჩახვნა ნიადაგს მნიშვნელოვნად გაამდიდრებს აზოტით.

გაზაფხულის შუა პერიოდში წიწიბურა ითესება. კულტურას ახასიათებს სწრაფი ზრდა, იგი მყისიერად აყალიბებს განშტოებულ და ღრმა ფესვებს, ამიტომ, განსაკუთრებით რეკომენდებულია, მძიმე ნიადაგებზე გაშენებისთვის. თუ წიწიბურას გაზაფხულზე თესავთ, მისი ჩახვნა მოგიწევთ არა უადრეს შემოდგომისა, ასე რომ, მეტწილად ამ კულტურას რიგთაშორისებში ნიადაგის გასაუმჯობესებლად იყენებენ.

ზაფხულის დასაწყისში ითესება მრავალწლოვანი სამყურადა ხანჭკოლა: ყვითელი, ლურჯი და თეთრი. ხანჭკოლას დათესვა შესაძლებელია არა მხოლოდ ივნისში, არამედ ივლის-აგვისტოში, ისევე როგორც გაზაფხულზე, თუ კლიმატი რბილია. ეს მცენარე ითვლება მარწყვის პლანტაციების საუკეთესო წინამორბედებად, რადგან ის აქტიურად თრგუნავს ნიადაგის ნემატოდებს. ამიტომ, ყოველთვის აქვს აზრი გაზაფხულის ადრეულ თესვაში მის გამოყენებას.

რომელი მცენარეები გამოიყენება სიდერატებად

პარკოსნებიდან სიდერატებად ხშირად შემდეგ კულტურებს იყენებენ: ბარდას, ოსპს, ძიძოს, ცერცვს, ცულისპირას, ესპარცეტს, სამყურას, იონჯას და სხვ. არაპარკოსანი კულტურებიდან ამ მხრივ საინტერესოა წიწიბურა, მდოგვი, შვრია, რაფსი, ჭვავი, ფაცელია და სხვ.

რამდენიმე სიდერატის შესახებ

ხანჭკოლა

ხანჭკოლა შეიძლება გაიზარდოს ქვიშაზე და თიხნარზე, მლაშე ნიადაგებზეც, მდელოებზე, კარგად უძლებს გვალვას.

ხანჭკოლა (ლათ. Lupinus) – მოჰყავთ ძირითადად, როგორც მწვანე სასუქი, რადგანაც ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აგროვებს აზოტს და ნიადაგში ტოვებს ორგანულ ნივთიერებებს.

ხანჭკოლა ერთ ჰექტარზე (საშუალო მოსავალი 5-6 ტონა მწვანე მასა) 180-200 კგ ორგანულ ნივთიერებებს აგროვებს.

ხანჭკოლას 200-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, მაგრამ მათგან ძირითადად გავრცელებულია:

ლურჯი ანუ ვიწრო ფოთლიანი ხანჭკოლა – ერთწლოვანი, მაღალმოზარდი მცენარეა. ფესვები ღრმად ჩადის ნიადაგში, კოჟრები უხვად აქვს განვითარებული, 1000 მარცვლის მასა 160-200გრ. მწვანე მასის მოსავალი 50 ც/ჰა-ზე, თესლისა 2 ც/ჰა-ზე.

ყვითელი ხანჭკოლა – ერთწლოვანია, კარგად შეფოთლილი, მეტწილად ჯვარედინდამამტვერიანებელია. 1000 მარცვლის მასა 120-150 გრ. მწვანე მასის მოსავალი 60-80 ც/ჰა-ზე, თესლისა 3ც/ჰა.

თეთრი ხანჭკოლა – მაღალმოზარდია (1-1,5მ) 1000 მარცვლის მასა 350-450 გრ. მწვანე მასის მოსავალი 30 ც/ჰა, თესლის 5,1 ც/ჰა.

მრავალწლოვანი ანუ მრავალფოთლიანი ხანჭკოლა მწვანე მასის მოსავალს იძლევა 30 ტ/ჰა, თესლისა 0,4-0,6ტ/ჰა. ერთ ადგილზე მას შეუძლია 8-10 წელი იცოცხლოს და მოსავალი მოგვცეს. სამხრეთის რეგიონებში წელიწადში 3-4 განათიბს იძლევა.

იხილეთ:  ხანჭკოლა – მწვანე სასუქი მოსავლიანობის გასაზრდელად

ფაცელია

ფაცელია დათესვიდან სამი დღის შემდეგ უკვე ამოდის, კულტურა ძალიან სწრაფად იზრდება, ეგუება ნებისმიერ ნიადაგს. ფაცელიას ღერო და ფოთლები ნაზია, ადვილად იშლება ნიადაგში და ამდიდრებს მას აზოტით.

გარდა ამისა, ფაცელია კარგი თაფლოვანი მცენარეა და ფუტკრებს იზიდავს. ითესება გაზაფხულზე და ზაფხულში და 6 კვირის შემდეგ ყვავილობს. თესვის ნორმა – კვადრატულ მეტრზე 5-10 გრამი. კარგი წინამორბედია ნებისმიერი კულტურისთვის.

მდოგვი

ორგანული მეურნეობის აღიარებული ოსტატები – გერმანელები – მდოგვს საუკეთესო მწვანე სასუქად მიიჩნევენ. მის ფესვებს აქვთ უნარი ნიადაგში არსებული ფოსფორი და გოგირდი  გადაიყვანონ მცენარეებიისთვის ადვილად ასათვისებელ მდგომარეობაში.

გარდა ამისა, მდოგვი არის აზოტის შესანიშნავი წყარო, რადგან მისი მწვანე მასა სწრაფად იზრდება და მოგვიანებით დარგული მცენარეების გამოკვებას ემსახურება.

უმჯობესია, მდოგვის ჩახვნა ამოსვლიდან 8-10 კვირის შემდეგ მოხდეს, ამ დროს ის იწყებს ყვავილობას. თუ 10 კვირა არ გვაქვს, მდოგვის დათესვა მაინც მიზანშეწონილია, ამ შემთხვევაში, მას არ ექნება დრო, რომ მაქსიმალური მცენარეული მასა მოგვცეს, მაგრამ ნიადაგისთვის მაინც სასარგებლოა.

მდოგვი უნდა ჩაიხნას თესლის გამოღებამდე, რომ ის მწვანე საუქიდან ჩვეულებრივ სარეველად არ იქცეს.

ნაკლოვანებები: არ უყვარს გვალვა, ცუდი წინამორბედია კომბოსტოსა და ბოლოკისთვის.

ცულისპირა

ცულისპირა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთწლიანი, პარკოსანი საკვები ბალახია. იძლევა მაღალხარისხოვან მოსავალს და მარცვალს, რომელიც საუცხოო კონცენტრირებული საკვებია.

მწვანე მასას ჭამს ყველა სახეობის პირუტყვი. ძალიან ნელა აგროვებს უჯრედისს, ამიტომ სხვა კულტურებთან შედარებით მას საძოვრად უფრო ხშირად იყენებენ. ის უფრო მეტ ცილებს შეიცავს, ვიდრე იონჯა.

ცულისპირა უძველესი დროიდან მოჰყავთ სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და რუსეთში, უკრაინაში, აგრეთვე შუა აზიაში. საქართველოში მოიპოვება ტყისპირებში, აგრეთვე კულტურულ ნათესებში – 2000 მეტრამდე ზღვის დონიდან.

ცულისპირა კარგი სიდერატია (მწვანე სასუქი), თესლბრუნვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ბარდა

ბარდა – პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. ბარდის სამშობლოდ აღმოსავლეთი ავღანეთი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი ითვლება.

კულტურაში ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ბარდა (Pisum sativum), რომელიც ერთწლოვანი საგაზაფხულო ან საშემოდგომო მცენარეა.

ბარდა აქვს 30-180 სმ-მდე სიმაღლის ღერო, ფოთოლი წყვილფრთისებრია, ყვავილი ძირითადად თეთრი ან იისფერის გარკვეული ტონალობისაა, თვითდამმტვერავია. ბარდა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სასურსათო და საკვები კულტურაა.

ბარდა, როგორც სხვა პარკოსნებს მნიშვნელოვანი როლი აქვს, სოფლის მეურნეობაში, ის კარგი სიდერატი და წინამორბედი კულტურაა, ერთ ჰექტარზე ბარდის წარმოების შემდეგ ნიადაგში რჩება 50-100 კგ აზოტი. ეს დაახლოებით 300 კგ გვარჯილას ან 10-20 ტონა ორგანულ სასუქის ექვივალენტია.

რა არის სიდერაცია

სიდერაცია – ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სპეციალურად მოყვანილი მწვანე მცენარის ჩახვნას.

სიდერაცია არის ორგანულ ნივთიერებებით და აზოტით ნიადაგის განოყიერების ორგანული მეთოდი, რომელიც ხორციელდება ნაკვეთზე სპეციალურად ამ მიზნისთვის მცენარეების (უმთავრესად პარკოსნების) თესვითა და მათი მწვანე მასის ნიადაგში ჩახვნით.

სიდერაციისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:

  • ნიადაგი კარგად უნდა იყოს გაფხვიერებული თესლის თანაბრად და მცირე სიღრმეზე ჩასათესად;
  • არ შეიძლება სიდერატებად ჯვაროსნების გამოყენება, თუ შემდგომში ამავე ნაკვეთზე იგეგმება იმავე ოჯახის წარმომადგენლის, მაგალითად, კომბოსტოს მოყვანა;
  • მწვანე სასუქების ჩახვნა რეკომენდებულია მცენარეთა ყვავილობამდე, ვიდრე ისინი არ წარმოქმნიან აზოტით ღარიბი და ნახშირწყლებით მდიდარ უხეშ ღეროს, რომელიც ძნელად იშლება;
  • იმისათვის, რომ სიდერატი ადვილად დაიშალოს, მისი ჩახვნის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს მძიმე ნიადაგებზე -10სმ, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე – 15 სმ-ს;
  • ძირითადი კულტურა არ უნდა დაითესოს სიდერატის ჩახვნიდან ორი – სამი კვირის გასვლამდე;
  • მწვანე მასა თავის დროზე უნდა ჩაიხნას, რადგან  მის დასაშლელად გარკვეული პერიოდი არის საჭირო.

იხილეთ: რა არის მწვანე სასუქი (სიდერატები და სიდერაცია)

მწვანე სასუქის ეფექტურობას  ძირითადად მწვანე მასის მოსავალიგანმსაზღვრავს, რაც დამოკიდებულია გარემო პირობებზე, აგროტექნიკაზე, ნიადაგზე, მცენარეთა შეთავსებადობაზე, აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს სასიდერაციო მცენარეების ნიადაგში ჩახვნის ვადებს.

ნიადაგის თვისებებზე  და სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე მწვანე სასუქების მოქმედება  მრავალმხრივია და, სხვა ორგანულ სასუქებთან შედარებით, გააჩნია სპეციფიკური თვისებები.

მწვანე სასუქები ნიადაგს, უპირველეს ყოვლისა, ორგანული ნივთიერებებით და აზოტით ამდიდრებენ. სიდერატების მწვანე მასის ჩახვნით ნიადაგში გროვდება 150- 200 კგ/ჰა აზოტი, რაც პარკოსანი მცენარეების კოჟრის ბაქტერიების მიერ ჰაერიდან ფიქსირებული აზოტის ტოლფასია.

სიდერატებს იყენებენ: ხეხილის ბაღებში, სუბტროპიკულ მეურნეობაში, ვენახში, ჩაის პლანტაციებში, ციტრუსოვანთა ნარგავებში, სხვადასხვა ტექნიკურ კულტურებში და საძოვრებზეც.

მალხაზ ხაზარბეგიშვილი
„აგროკავკასიის“ მთ. რედაქტორი.

თქვენი რეკლამა