გლადიოლუსი, ხმალა – თქვენი ეზოს მშვენება

გლადიოლუსი, ყვავილები, ხმალა

გლადიოლუსი, ხმალა (Gladiolus) მრავალწლოვან გორგლ-ბოლქვიან მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა (Iridaceae) ოჯახისა. ცნობილია ხმალას დაახლოებით 200-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება 7 სახეობა.

დეკორატიულ მებაღეობაში ფართოდაა გავრცელებული ჰიბრიდული ხმალა (ლათ. Gladiolus hybridus), რომელიც გამოირჩევა ყვავილობის ხანგრძლივობით, დიდი ზომის ყვავილედითა და ყვავილით, ნაირგვარი ფერადოვნებით.

გვარის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისგან „gladus“ – დაშნა და ეწოდა ფოთლების ფორმის გამო. გვარი აერთიანებს დაახლოებით 200 სახეობას, რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, აღმოსავლეთ და შუა აზიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.

ხმალა მრავალწლოვანი, ტუბერბოლქვოვანი მცენარეა. ღეროები ვერტიკალურია, დაუტოტავი, მარტოული, შეფოთლილი, 50-150 სმ სიმაღლის. ფოთლები ხაზური, ან მახვილისებურია, 50-80 სმ სიგრძის. ფოთოლი თავისი ფუძით ღეროზეა შემოხვეული, რაც მეტ სიმტკიცეს ანიჭებს ამ უკანასკნელს.

გლადიოლუსი, ხმალა

ყვავილები შეკრებილია ცალმხრივ, ორმხრივ ან სპირალურ თავთავისებურ, 80 სმ სიგრძის მეჩხერ, საშუალო სიმკვრივის, ან მკვრივ ყვავილედად. ყვავილები მჯდომარეა, ფორმით ძაბრისებური, სხვადასხვა ზომის, ძირში შეზრდილი, 6 ფურცლისგან შემდგარი ყვავილსაფარით. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია, რომელშიც დიდი რაოდენობით მრგვალი ან ოვალური, ყავისფერი თესლი ვითარდება.

ტუბერბოლქვი მრგვალია. მისი განახლება ყოველწლიურად ხდება. დაფარულია აპკისებური, თეთრიდან შავ-ალუბლისფრამდე შეფერილობის ქერქებით.

ხმალას სახეობების გულდასმით შესწავლა და კულტურაში შეტანა დაიწყო XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც განხორციელდა აფრიკული ექსპედიციები. აქაური სახეობები მნახველს აოცებდა თავისი ზომებითა და რაც მთავარია, ყვავილების ფერთა სიუხვით.

გლადიოლური, ხმალა

1739 წელს სამხრეთ აფრიკიდან ევროპაში ინტროდუცირებული პირველი სახეობა იყო ნაღვლიანი ხმალა (G. tristis) პატარა მოყვითალო-კრემისფერი ყვავილებით, ჟასმინის მსუბუქი სურნელით.

დიდყვავილიანი ფორმების მისაღებად გამოყენებულ იქნა სახეობები: უხვადმოყვავილე ხმალა (G. floribundus Jacq.) თეთრი ყვავილებით და კარდინალის ხმალა (G. cardinalis Curt.) თეთრლაქებიანი დიდი ზომის წითელი ყვავილებით.

ბოტანიკური აღწერა

გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ცენტრალურ ევროპასა და აზიაში. სხვადასხვა სახეობების შეჯვარებით მიღებულია ჰიბრიდული ხმალას თანამედროვე ჯიშები.

ტუბერბოლქვოვანი მრავალწლოვანი მცენარეა. დამოკლებული ტუბერბოლქვი მიიღება ღეროს ქვედა მუხლთშორისების შეზრდით. ის წამოადგენს სამარაგო და ვეგეტატიური განახლების ორგანოს, რადგან მასზე, ფოთლების უბეებში წარმოიქმნება კვირტები, საიდანაც ხდება მცენარის მიწისზედა ორგანოების განახლება.

ფოთლები ხმლისებურია, ფართო, ბრტყელი, ზოგჯერ ლეგა ნაფიფქით. არჩევენ ორი ტიპის ფოთლებს: ქვედა ანუ მფარავი, და ზედა – ასიმილაციის უნარის მქონე. ხმალას სულ 7-10 ნამდვილი ფოთოლი უვითარდება. მათგან 3-4 განვითარებულ საყვავილე ღეროს ემაგრება და დამატებით სიმტკიცეს ანიჭებს.

გლადიოლური, ხმალა

ყვავილედი თავთავისებურია, ყვავილები – მჯდომარე. ყვავილედი შედგება 12-დან 28-მდე ყვავილისაგან, რომელთაგანაც ერთდროულად გაშლილია მხოლოდ 25-50%. ყვავილედის სიგრძე შეადგენს საყვავილე ღეროს სიგრძის 1/3-1/2-ს.

ყვავილების განლაგების მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ ყვავილედის რამდენიმე ტიპი: ერთრიგიანი, ორრიგიანი, მორიგეობითი, ორმხრივი და სპირალური. ყვავილი ზიგომორფულია, მარტივი, შედგება 6 ერთმანეთისაგან განსხვავებული, ფუძეში მილად შეზრდილი ფურცლისაგან.

ყვავილის ზომების მიხედვით ხმალას ყოფენ 5 კლასად:

→ მინიატურული _ დიამეტრი 6 სმ-ზე ნაკლები;

→ წვრილყვავილა _ დიამეტრი 6-9 სმ;

→ საშუალოყვავილა _ დიამეტრი 9-11 სმ;

→ მსხვილყვავილა _ დიამეტრი 11-14 სმ;

→ გიგანტური _ დიამეტრი 14 სმ-ზე მეტი.

აგროტექნიკა

ესაჭიროება ქარისაგან დაცული, მზიანი ადგილები და კარგად დრენირებული ნიადაგი. თუ ნიადაგი თიხნარია, ცოტა ქვიშა უნდა დაემატოს. გამოსადეგია ნაკვეთები, სადაც გრუნტის წყლები ზედაპირთან ახლოს მდებარეობს და ტაფობი, ჭაობიანი ადგილები.

ყვავილების დაავადებებისაგან დასაცავად ხმალა რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ ადგილზე არ უნდა დაირგოს. დარგვამდე რამდენიმე კვირით ადრე ტუბერბოლქვები სათანადოდ უნდა მომზადდეს: ისინი სუფთავდება ქერცლებისაგან და მოწმდება მავნებელ-დაავადებებზე.

დასარგავად უვარგისია გამომშრალი, დარბილებული, დაობებული ან წყლულებით დაფარული ტუბერბოლქვები. მათ უნდა ჰქონდეთ სწორი, გლუვი და მბრწყინავი ზედაპირი. მომავალი მცენარე ძლიერი რომ იყოს, ტოვებენ მხოლოდ ერთ ნაზარდს, დანარჩენებს კი ფრთხილად ატეხავენ, რის შემდეგაც ჭრილობას ბრილიანტის მწვანით ამუშავებენ.

გლადიოლუსი, ხმალა

გადარჩეულ ტუბერბოლქვებს, ზემოთ მიმართული კვირტებით, თბილ და ნათელ ადგილზე ალაგებენ, რომ ცოტათი წამოიზარდონ. ისინი დასარგავად მზადაა მაშინ, როცა ნაზარდი 1-დან 10 სმ-ს მიაღწევს.

მავნებელ-დაავადებებისაგან დასაცავად ტუბერბოლქვებს დარგვამდე კალიუმის პერმანგანატის გაჯერებულ ხსნარში ათავსებენ. მორწყვა საჭიროა კვირაში რამდენჯერმე, ამინდიდან გამომდინარე.

1მ2-ზე საჭიროა 10-15 ლ წყალი. სასურველია ფოთლებს წყალი არ მოხვდეს. ზრდის ფაზიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებითი საკვების მიცემას, სეზონის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ.

ყვავილობაზე უარყოფით გავლენას ახდენს სარეველები და მათში მომრავლებული ლოქორები, ამიტომ ზაფხულის მანძილზე 3-4-ჯერ მაინცაა საჭიროა გამარგვლა. მრავლდება ტუბერკვირტების თესვით, ტუბერბოლქვების დაყოფით, თესლით (ეს უკანასკნელი უმთავრესად გამოიყენება სელექციური მიზნებისთვის).

გამოყენება. გამოიყენება ჯგუფურ ნარგაობებში, მიქსბორდერებში, ბორდიურებად, ასაჭრელად.

გლადიოლური, ხმალა

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი; ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

იხილეთ აგრეთვე: ტიტას ხე – ლირიოდენდრონი, ხეტიტა

თქვენი რეკლამა