ბერლინში აგრარული საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“ მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2018″ (Gruene Woche 2018) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. აღნიშნული გამოფენა უკვე 83 წელია ყოველწლიურად იმართება. 

წელს, ,,მწვანე კვირეული 2018-ში“ (Gruene Woche 2017) სხვადასხვა ქვეყნის 1600-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას წარუდგენს მომხმარებელს. 

გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 400 000 -ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ბულგარეთი წარმოადგენს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ქართული კომპანიები.

წელს, საქართველოს სტენდზე 20-მდე კომპანიის  პროდუქცია — ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი, წვენი, ჩაი, თაფლი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელია წარმოდგენილი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი. 

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო Gruene Woche 2018-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია  მონაწილეობდა.

ნოდარ კერესელიძემ შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან, პეტერ ბლეზერთან, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან, ბელორუსიის რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იგორ ბრილოსთან და ბუნდესტაგის დეპუტატთან, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან კარენ შტრელცთან.

თქვენი რეკლამა