„Amphora Beer“ – ასპინძაში ქვევრის ლუდს ამზადებენ

ქვევრი, ლუდი

ასპინძაში ლუდის მოყვარულებმა სახლში, აქამდე არარსებული მეთოდით, ქვევრში ლუდის დამზადება დაიწყეს და იმდენად გემრიელი გამოვიდა, რომ გასაყიდად ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისსა და გუდაურშიც გაიტანეს.

„თავიდან მე და ჩემმა მამიდაშვილმა ჩვენთვის გავაკეთეთ, გავსინჯეთ და ისეთი გემოს ლუდი მივიღეთ, ორივემ გადავწყვიტეთ სერიოზულად მოგვეკიდა ამ საქმისთვის ხელი,“ – ასე დაიწყეს ალექსანდრე მელიქიძემ და მისმა მამიდაშვილმა, ზაზა ზედგინიძემ ლუდის წარმოება სახლში.

ალექსანდრე მელიქიძე წლების განმავლობაში ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, პოლიტიკის კეთებას ლუდის კეთება ამჯობინა და პირველად სახლში დამზადება 2016 წელს სცადა. ამის მერე გაჩნდა ლუდის ქვევრში დაყენების იდეაც: „ქვევრში ლუდის დაყენება ჩემმა მამიდაშვილმა ზაზამ მოიფიქრა, ეს საერთოდ ინოვაცია იყო, დღეს საქართველოში ქვევრის ლუდი, მხოლოდ აქ კეთდება“.

თავდაპირველად დიდი ხარჯის გაწევა მოუწიათ, იმის გამო, რომ ჯერ ტექნოლოგიების შესახებ ბევრი რამ არ იცოდნენ, 22 ტონა ლუდი გაუფუჭდათ: „ბევრი არაფერი ვიცოდით, თურმე ყველაფერი გაცილებით რთულად ყოფილა. ფერმენტაცია ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ ეშხში ვიყავით შესული და ვაგრძელებდით ლუდის დაყენებას, მერე გერმანიიდან 76 წლის ლუდის სპეციალისტი ჩამოვიყვანეთ. ყველაფერი მან გვასწავლა, ქვევრის იდეამ ისიც მოხიბლა, ჭკვიანური ჩანაფიქრიაო“, – გვიყვება ალექსანდრე.

ბიძაშვილ–მამიდაშვილები ასპინძაში ამჟამად ორი სახის, ქვევრის ღია და ქვევრის მუქ ლუდს ამზადებენ. მუქ გაუფილტრავ ლუდს „ოქტობერფესტი“ ჰქვია, მის დასამზადებლად სამი სახის ალაოს იყენებენ. ქვევრის ღიას კი ოთხი სახის ალაოსგან ამზადებენ. ორივე ლუდში ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 4.5%–ია.

როგორც მწარმოებელი გვიყვება, ლუდის დამზადების მთავარი ინგრედიენტები წყალი, ალაო, სვია და საფუარია. ლუდის გემოსა და მასში ალკოჰოლის შემცველობას კი ალაოს ხარისხი და რაოდენობა განსაზღვრავს. ალექსი მომავალი წლიდან ლუდის ახალი სახეობების დაყენებას გეგმავს: „ორი წელია რაც მხოლოდ ორ სახეობას ვაწარმოებთ, მომავალ წელს კი რვა სახეობის ალაო გვექნება და შვიდი სახეობის ლუდს გავაკეთებთ“.

მწარმოებლის თქმით, ადგილობრივი ბაზარი წარმატებით აითვისეს. ასპინძის ქვევრის ლუდი ამჟამად ვარძიაში, ახალციხეში, თბილისსა და გუდაურში იყიდება.

ქვევრი, ლუდი

ლუდის შესახებ ქვეყნის გარეთაც გაიგეს: „შარშან პრაღაში ლუდის ფესტივალზე მიგვიწვიეს, იყვნენ ამერიკის საელჩოდანაც, გერმანელები კი ყველაზე ხშირად ინტერესდებიან“, – გვიყვება ალექსანდრე.

ორწლიანი წარმოების შემდეგ, ალექსანდრე საკუთარ ეზოში მესხური ოდის სტილში ლუდის სადეგუსტაციო კუთხის და ბარის მშენებლობას გეგმავს: „აქ მოვლენ ლუდის მოყვარულები და მათთვის ლუდის სპას მოვაწყობთ. ასევე მოეწყობა ბარიც“.

ლუდის შეძენა სხვადასხვა ქალაქების რესტორნებსა და კაფე–ბარებშია შესაძლებელი, თუმცა მომავალ წელს, ქვეყნის პირველი ქვევრის ლუდი ასპინძის მაღაზიების დახლებზეც გამოჩნდება.

ქვევრი, ლუდი

ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ასპინძა
წყარო: sknews.ge

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.