რა უნდა ვიცოდეთ მცენარის ფესვის შესახებ

ფესვი, კოჟრის, მიკორიზა

ფესვი ძირითადი ვეგეტატიური ორგანოა; იგი განუვითარდათ მხოლოდ უმაღლეს მცენარეებს, ხმელეთზე გადმოსახლებასა და ახალ პირობებთან შესაგუებლად, ასევე სხეულის დანაწევრებასთან დაკავშირებით.

ფესვის ფუნქციას შეადგენს მცენარის მომარაგება ნიადაგიდან წყლით, მინერალური საკვებით და მისი დამაგრება ნიადაგში. სახეცვლილებასთან დაკავშირებით ფესვი მრავალ სხვა დანიშნულებასაც ასრულებს.

არსებობს მთავარი, გვერდითი და დამატებითი ფესვები.

მთავარი ფესვი ჩანასახოვანი ფესვის ზრდით და განვითარებით წარმოიქმნება. გვერდითი ფესვები ფესვის შინაგანი ქსოვილისგან ვითარდება და მთავარი ფესვის განტოტვაა.

ასხვავებენ პირველი, მეორე, მესამე და შემდეგი რიგის გვერდით ფესვებს. დამატებითი ფესვები წარმოიქმნებიან ღეროებიდან და ზოგჯერ მცენარის ფოთლებიდანაც. აგებულებით და ფუნქციით დამატებითი ფესვები ისეთივეა, როგორიც მთავარი და გვერდითი ფესვები.

ფორმის მიხედვით არსებობს ფესვის შემდეგი ძირითადი ტიპები: მთავარღერძიანი, ფუნჯა და ძაფნაირი.

მთავარღერძიან ფესვთა სისტემა შემდეგნაირად წარმოიქმნება – თესლის გაჯირჯვების შემდეგ, პირველად, თესლში არსებული ფესვის ჩანასახი იწყებს განვითარებას. იგი თესლის კანიდან თესლის ღივის სახით, გარეთ გამოდის.

როგორი მდებარეობაც არ უნდა ჰქონდეს თესლს და ფესვის ღივს, იგი აუცილებლად მიმართულებას ნიადაგისკენ აიღებს. შვეულად მოზარდი ფესვი იწყებს დატოტვას;

ტოტები თავის მხრივ კიდევ იტოტებიან და წარმოიქმნება პირველი, მეორე, მესამე და შემდგომი რიგის ფესვები. ჩანასახიდან წარმოქმნილი ფესვი სიმსხოთი განსხვავდება გვერდითი ფესვებისაგან. ასეთ ფესვს მთავარღერძიანი ფესვი ჰქვია. იგი უვითარდებათ ორლებნიან მცენარეებს.

ფუნჯა ფესვთა სისტემის წარმოქმნა სხვანაირად მიმდინარეობს. თესლიდან გამოსული ფესვის ღივი მალე კვდება და მის ნაცვლად თანაბარი სიმსხოს, დამატებითი ფესვები ვითარდება. ასე წარმოქმნილი ფესვი ძალიან ჰგავს სამხატვრო ფუნჯს, რის გამოც მას ფუნჯა ფესვი უწოდეს. ფუნჯა ფესვი აქვთ ერთლებნიანებს, მაგალითად მარცვლოვნებს: სიმინდი, ხორბალი, ქერი და ა.შ.

ძაფნაირი ფესვი ძაფივით წვრილი და დატოტვილი ფესვია, უვითარდება ხანმოკლე სიცოცხლის მქონე მცენარეებს _ ეფემერებს, რომლებიც მხოლოდ 2,5 თვეს ცოცხლობენ და გაზაფხულზე ყველა მცენარეზე ადრე აღმოცენდებიან (ჟუნჟრუკო).

ღეროსგან ფესვი შემდეგი მორფოლოგიური ნიშნებით განსხვავდება: იგი რედუცირებულ ფოთლებსაც კი არ ივითარებს (გამონაკლის მცენარეებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში), ფესვზე არც კვირტებია, ხოლო მისი წვერი შალითით არის დაფარული.

ფესვის განვითარების სიმძლავრე ნიადაგში ძალიან დიდია. ფესვების მიერ დაკავებული სივრცე მრავალჯერ აღემატება ვარჯის მიერ ჰაერში დაკავებულ სივრცეს.

არიან მცენარეები, რომელთაც მეტად ღრმა ფესვთა სისტემა უვითარდებათ; ცერცვეკალა, რომელიც გვალვიანი ველებისა და უდაბნოების ბინადარია და მიწისზედა ნაწილები 50 სმ სიმაღლეზე უვითარდება – მსუბუქ ნიადაგებში, ფესვებს 20 მ სიღრმეზე ივითარებს.

აბზინდა, რომელიც 60-120 სმ სიმაღლის იზრდება, ფესვებს 3,5 სმ სიღრმეზე ივითარებს. კომბოსტოს ფესვი სიღრმით 1,5 მ-ზე ჩადის, განზე კი 1-1,2 მ დიამეტრის მანძილზე ვრცელდება. ბალახების ფესვების მასა ხშირად იმდენია, რამდენიც მიწისზედა, ან მასზე მეტი.

საინტერესოა ვიცოდეთ, თუ რას უდრის ფესვის შემწოვი ზედაპირი. მაგალითად, ხორბლის ყველა ფესვის ზედაპირი უდრის 4,16 მ2-ს, აქედან შემწოვ ზედაპირზე მხოლოდ 1მ2 მოდის. საქმე იმაშია, რომ ფესვი მთელ თავის სიღრმეზე კი არ იწოვს ხსნარებს, არამედ მხოლოდ შემწოვ ზონაში.

ფესვის შემწოვი ანუ ბეწვებიანი ზონა. ფესვის ამ ნაწილში მფარავ ქსოვილს – კანის უჯრედებს გამონაზარდი ბეწვები აქვთ. შემწოვი ზონა რამოდენიმე მილიმეტრით ან სანტიმეტრით განისაზღვრება.

ფესვის ბეწვები, ოსმოსური წნევისა და უჯრედის შემწოვი ძალის გავლენით, ნიადაგიდან წყალხსნარს იწოვენ და ამით მცენარეს ამარაგებენ. ბალახოვანი მცენარეების ფესვის ბეწვები უფრო გრძელია, ვიდრე ხეების.

ფესვის აბსოლუტური სიღრმის გარდა, არჩევენ ფესვის სამუშაო სიღრმეს, ე.ი. სიღრმეს, სანამდეც აღწევს ნიადაგში ფესვების უმეტესი ნაწილი.

ფესვთა სისტემის სიმძლავრე და ზრდა დამოკიდებულია გარემო პირობებზე და მცენარის მემკვიდრულ ბუნებაზე. გარემო პირობებიდან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, სიმკვრივეს, სიფხვიერეს, ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობას, ტენითა და საკვებით უზრუნველყოფას, სითბოს და სხვა.

ზრდის დროს ფესვი იქით უფრო ისწრაფვის და ინტენსიურად იზრდება, საითაც მისთვის შესაფერისი ოპტიმალური პირობებია.

ფესვის ზრდის სიმძლავრეზე მემკვიდრულ ბუნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მემკვიდრული სუსტი ფესვი გარემო პირობების ხელოვნური გაუმჯობესებით შეიძლება მძლავრ ფესვად გარდაიქმნას.

ზრდის ხასიათის, ნიადაგში მისი სიღრმის და ჰორიზონტალურად ზრდის ინტენსივობის მიხედვით, ფესვის სისტემის ტიპები სქემატურად შეგვიძლია სამ ძირითად ტიპს მივაკუთვნოთ:

1. ღრმად მზარდი ფესვი, როდესაც მთავარი და გვერდითი ფესვები ნიადაგში სიღრმით იზრდება;

2. ჰორიზონტალურად მზარდი ფესვი. ასეთ შემთხვევაში, მთავარი ფესვი კვდება, გვერდითი და დამატებითი ფესვები კი ჰორიზონტალურად იზრდება;

3. შუალედური ტიპის ფესვი_ უფრო მიზანშეწონილი და ხელსაყრელი, რადგან ის იჭერს ნიადაგის დიდ მოცულობას და უკეთ იყენებს მას.

ფესვის ზონები

როგორც აგებულებით, ისე ფუნქციის შესრულებითაც ფესვი მთელ სიგრძეზე განსხვავებული ზონებისგან შედგება. როგორც მთავარი, ისე ყველა დანარჩენი ფესვების წვერი მკვრივი აგებულების ქსოვილით _ ფარით ანუ შალითით არის დაფარული.

ფარი (შალითა) ფესვის პირველ ზონას შეადგენს. ფარი სათითესავით არის წამოცმული მეორე ზონაზე, რომელსაც ჩანასახოვანი ზონა ეწოდება.

აქ პირველადი წარმომშობი ქსოვილია _ პირველადი მერისტემა. მისი ნაზი, ახალგაზრდა უჯრედები სიცოცხლის მანძილზე ინარჩუნებენ გაყოფის უნარს – იყოფიან, მრავლდებიან და დასაწყისს აძლევენ ფესვის ყველა ქსოვილს. სწორედ აქედან ეძლევა დასაწყისი ფესვის ზრდას. ამიტომაა, რომ ფესვი წვერით იზრდება და ყველაზე ნორჩი და ახალგაზრდა ნაწილები წვეროში აქვს.

ზრდის ზონა

მერისტემის მიერ ახლადწარმოქმნილი უჯრედების დაჭიმვა_ ზრდა ფესვის ამ ნაწილში ხდება. ამიტომ, ფესვის ზრდა ყველაზე მეტად აქ შეინიშნება.

ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ფესვის ღივს ტუშით თანაბარ ნაწილებად დავყოფთ. რამდენიმე ხნის შემდეგ დანაყოფები ყველაზე მეტად ჩანასახოვანი ზონის ზემოთ დაგრძელდება, რაც ამ ნაწილის ზრდაზე მიგვითითებს.

ფესვის სახეცვლილებანი

• კოჟრებიანი ფესვი

პარკოსანი მცენარის ფესვებზე სახლდებიან ე. წ. კოჟრის ბაქტერიები. ისინი ჯერ პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან, შემდეგ ამგვარ ცხოვრებას თავს ანებებენ და იწყებენ ატმოსფეროდან თავისუფალი აზოტის შეთვისებას, რომლითაც ამარაგებენ პარკოსან მცენარეებსაც.

ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად, ფესვებზე შემსხვილებები ჩნდება, რასაც კოჟრებს უწოდებენ. ამრიგად, კოჟრებიანი ფეხი სიმბიოზური ფესვია, სადაც კოჟრის ბაქტერია და პარკოსანი მცენარე თანაცხოვრობს.

კოჟრის ბაქტერიების დახმარებით პარკოსნები აზოტით უხვად მარაგდებიან, რის გამოც ისინი ცილებით მდიდარნი არიან. ცილების დიდი რაოდენობის შემცველობის გამო, პარკოსნები ძვირფასი სასურსათო და საკვები კულტურებია და ცხოველთა კვებაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

დიდია პარკოსნების აგროტექნიკური მნიშვნელობაც, რადგან ისინი ნიადაგში საკმაო რაოდენობით ტოვებენ აზოტს, რითაც ამაღლებენ ნიადაგის ნაყოფიერებას და საუკეთესო წინამორბედებს წარმოადგენენ ყველა კულტურისთვის.

• მიკორიზა (სოკოფესვა)

მიკორიზა (სოკოფესვა) სახეცვლილი სიმბიოზური ფესვია. ის უვითარდება ისეთ მწვანე მცენარეებს, რომელთაც ფესვებზე შემწოვი ბუსუსები არა აქვთ და ამიტომ, ნიადაგიდან წყლის შეწოვა უძნელდებათ.

მიკორიზა (სოკოფესვა) აქვთ: მკვრივბუჩქოვან მარცვლოვან ბალახებს, წიწვიანებს, მუხას და სხვა.

როდესაც სოკო დასახლდება მწვანე მცენარის ფესვებზე, სოკოს ჰიფებად_ძაფებად დატოტვილი სხეული, მთელი ზედაპირით იწოვს ნიადაგიდან წყალხსნარს და აწოდებს მწვანე მცენარეს.

მწვანე მცენარე მიწოდებულ წყალს გზავნის ფოთლებში, სადაც ხდება ფოტოსინთეზი და წამოქმნილ ორგანულ ნაერთებს იყენებს თვითონ და ასარგებლებს სოკოსაც. ასე მყარდება სიმბიოზი უქლოროფილო სოკოსა და ქლოროფილიან, მწვანე მცენარეს შორის.

• მკვებავი ანუ საკვებ ნივთიერებათა დამგროვებელი ფესვი

მკვებავი ფესვები აქვს: ჭარხალს, სტაფილოს, თალგამურას და სხვა ორწლიან მცენარეებს.

სიცოცხლის პირველ წელს ორწლიანი მცენარეები ფესვს იმსხვილებენ, სადაც სამარაგო ნივთიერებებს აგროვებენ, მეორე გაზაფხულზე საყვავილე ღერო ადრე ვითარდება ფესვში დაგროვილი საკვები მარაგის ხარჯზე. საყვავილე ღერო ყვავილობს და თესლსა და ნაყოფს იძლევა.

• პარაზიტული ფესვი

პარაზიტული ფესვი საწოვრად ან ჰაუსტორიუმადაა გადაქცეული. იგი უვითარდება პარაზიტ მცენარეებს, ე.ი. ისეთებს, რომლებსაც დაუკარგავთ ფოთოლიც, ქლოროფილიც და ფოტოსინთეზის უნარიც.

ამიტომ, საკვებად ისინი მზა ორგანულ ნივთიერებებს ითხოვენ, რომელთაც სხვა მცენარეებიდან იღებენ.

პარაზიტი მცენარე ემაგრება მწვანე მცენარეს, თავის სახეცვლილ ფესვებს _ საწოვრებს ათავსებს მწვანე მცენარის ლაფანში და საცრიანი მილებიდან იწოვს ორგანულ საკვებს.

არსებობენ ღეროზე მოპარაზიტე (აბრეშუმა) და ფესვზე მოპარაზიტე მცენარეები (კელაპტარა). პარაზიტული ფესვი აქვს ფითრსაც. ზამთარში ის ხშირად გვხვდება ფოთლებგაძარცვულ ხეებზე, მწვანე ბუჩქების სახით.

მისამაგრებელი ფესვი ახასიათებს ხვიარა ღეროს მქონე მარადმწვანე მცენარეს _ სუროს. სუროს წვრილი ღერო აქვს, რომელსაც სწორად დგომა არ შეუძლია. ამიტომ, სხვა მცენარეს ან საგანს ემაგრება. ხეზე დაყრდნობის სიმტკიცისთვის მას გამოუმუშავდა მისამაგრებელი ფესვები, რომლებიც კვებას არ ემსახურება. ნიადაგიდან საკვები ხსნარის შეწოვისთვის სუროს ჩვეულებრივი ფესვები აქვს ნიადაგში.

ავტორი: ილია მჭედლიძე, სმმ დოქტორი /მებოსტნეობა/

თქვენი რეკლამა