საკვები ელემენტების სიმცირისა და სიჭარბის სიმპტომები ხორბლის კულტურაში

ხორბალი, კვება, სიმპტომები

ხორბლის კულტურისათვის საკვები ელემენტების ფიზიოლოგიური როლი, მათი სიმცირისა და სიჭარბის გარეგნული სიმპტომები.

აზოტი

აზოტი ხორბლისათვის ერთ-ერთი ძირითადი საკვები ელემენტია. ის შედის ყველა მარტივი და რთული ცილების, ნუკლეინმჟავების, ქლოროფილის, ფოსფატიდების, ალკალოიდების, ვიტამინების, ფერმენტების და სხვა ორგანული შენაერთების შედგენილობაში. აქედან გამომდინარე აზოტით კვების პირობები დიდ გავლენას ახდენს ხორბლის ზრდა-განვითარებაზე.

აზოტის სიმცირის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს, შემოდგომაზე ბარტყობის ფაზის დაწყებისთანავე და გაგრძელდეს გაზაფხულზეც, რაც გამოხატულებას პოულობს მცენარის მიწისზედა ორგანოების და ფესვთა სისტემის ზრდის გაუარესებაში და დაკნინებაში, ბარტყობის ფაზის მკვეთრ შეფერხებაში.

მცენარე ინვითარებს მოკლე და წვრილ მუხლთშორისებს, მცირე ზომის თავთავს. საგრძნობლად მცირდება თავთუნებისა და თავთუნში ჩასახული მარცვლების რიცხვი. ამ ელემენტის სიმცირე განსაკუთრებით ძლიერ უარყოფითად მოქმედებს ფოთლების განვითარებაზე, რომელთაც ახასიათებთ მცირე ზომა და ღია მწვანე შეფერილობა.

ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში ქლოროფილის დაშლის გამო ქვედა ფოთლები მთლიანად ყვითლდება, თითქმის ჩერდება ზრდა- განვითარების, რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნის და მარცვლის დაპურების პროცესი, ჩქარდება მომწიფება.

აზოტით ხანგრძლივი შიმშილის დროს, ქლოროზით ავადდება და ხმება არა მარტო ქვედა, არამედ შუა და ზედა იარუსის ფოთლები, რომელთაც ყვითელ შეფერილობასთან ერთად ფოთლის ფირფიტის შუა ნაწილის ზემოთ გადაჰკრავს მოწითალო ელფერი. შემდგომში ასეთივე თანმიმდევრობით ხმება ყველა იარუსის ფოთლის ქსოვილები და მთლიანად მცენარე.

ხორბლის ზრდა-განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს აზოტით ცალმხრივი ჭარბი კვება. ის ხელს უწყობს მძლავრი სავეგეტაციო მასის წარმოქმნას, სამაგიეროდ მკვეთრად ამცირებს რეპროდუქციული ორგანოების ჩასახვასა და განვითარებას, შესაბამისად მარცვლის ხვედრით წილს.

ის ინვითარებს გრძელ და ნაზ თხელი უჯრედის კედლების მქონე მუქ მწვანედ შეფერილ ფოთლებსა და ღეროს, რის გამოც უხვნალექიან და ქარიან პერიოდში ადგილი აქვს ყანის მასიურ ჩაწოლას, რაც აძნელებს მექანიზებულ აღებას და იწვევს დიდი რაოდენობით მარცვლის ჩაცვენას. გარდა ამისა აზოტით მოჭარბებული კვების დროს, ფოთლის ფირფიტის კიდეები მუქდება, ეცემა მცენარის ყინვა, დავადებათა და ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა.

აზოტით ნორმალური კვების შემთხვევაში ხორბალი ნორმალურად იზრდება, ინვითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას, კარგად ბარტყობს, უმჯობესდება რეპროდუქციული ორგანოების ფორმირება და განვითარება, იზრდება თავთავის სიგრძე და თავთუნების რიცხვი, პროდუქტიულობა და მოსავლიანობა. ძლიერდება ცილების სინთეზი, ხანგრძლივდება ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობა, ჩქარდება ზრდა, რამდენადმე შენელებულია ფოთლების დაბერება.

ფოსფორი

ფოსფორი მონაწილეობს მცენარის ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში, როგორიცაა: ფოტოსინთეზის, სუნთქვის, დუღილის, გამრავლების, ნივთიერებათა ცვლის, ნახშირწყლების და ცილების წარმოქმნის და დაშლისა და სხვა პროცესები. ის შედის პროტოპლაზმის, ბირთვის, ჰორმონების, ვიტამინების, ფერმენტების ნუკლეინმჟავების, ნუკლეოტიდების, ნუკლეოპროტეიდების, ფოსფატიდების, ფიტინის, სახაროფოსფატების, მაკროერგული და სხვა ორგანული შენაერთების შედგენილობაში.

ფოსფორით ნორმალური კვება აჩქარებს ხორბლის ზრდა-განვითარებასა და მომწიფებას, უჯრედის კედლებს მატებს სიმტკიცეს, რის გამოც იზრდება მცენარის ჩაწოლის მიმართ გამძლეობა.

ფოსფორიანი სასუქების გავლენით, იზრდება მოსავალში მარცვლის ხვედრითი წილი, უმჯობესდება მისი ქიმიური შედგენილობა, იზრდება შაქრებისა და სახამებლის შემცველობა, რაც თავის მხრივ ადიდებს ჯეჯილის ყინვა გამძლეობას.

ფოსფორის სიმცირე აფერხებს მიწისზედა ორგანოებისა და ფესვთა სისტემის ზრდაგანვითარებას, აპირობებს მცენარის დაკნინებას, მისი უჯრედის კედლების გამსხვილებას და მოსავლის საგრძნობ შემცირებას.

ფოსფორის სიმცირის ნიშნები პირველ რიგში ვლინდება ქვედა ფოთლებზე, რომლებიც თავდაპირველად იღებენ მუქ-მწვანე შეფერილობას, დეფიციტის შემთხვევაში მომწვანო- მოცისფრო ან ალისფერს. შუა და ზედა იარუსის ფოთლები თავდაპირველად ინარჩუნებენ მუქ მწვანე შეფერვას, მაგრამ შემდგომში ისინიც იცვლიან შეფერილობას, ფერხდება ან საერთოდ ჩერდება რეპოროდუქციული ორგანოების წარმოქმნის და განვითარების, ყვავილობის და მოწიფების პროცესები.

მცენარე ინვითარებს პატარა ზომის თავთავს, მცირე რაოდენობით შეუვსებელი თავთუნებით. მარცვალიც შეუვსებელია, გაზრდილია ბჟირი მარცვლების რიცხვი, რომლებიც ადვილად ექვემდებარებიან ჩაცვენას.

თუ ამ ელემენტის დეფიციტი დიდხანს გაგრძელდა ფოთლის ძარღვთშორისი ქსოვილები იწყებენ კვდომას და გამუქებას. დავადების სიმპტომები შემდგომში შესაძლოა მთელ მცენარეზე გავრცელდეს.

ხორბლის ზრდა-განვითარებაზე არახელსაყრელ გავლენას ახდენს ფოსფორით ჭარბი კვებაც. ის ამცირებს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობას, მწვანე მასისა და შესაბამისად სასაქონლო პროდუქციის ოდენობას. მარცვალი ნაადრევად მწიფდება და მასში გროვდება დიდი რაოდენობით სინთეზურ პროცესებში გამოუყენებელი ფოსფორი. ფოთლები ნაადრევად ჭკნება და ხმება, მცენარე ადრე ამთავრებს ვეგეტაციას.

კალიუმი

ხორბლის მიერ გაცილებით დიდი რაოდენობით შეითვისება კალიუმი, ვიდრე აზოტი და ფოსფორი. ის მთავარ როლს ასრულებს ადენოზინტრიფოსფატის წარმოქმნაში, რომელიც ენერგიით ამარაგებს მცენარეში მიმდინარე ფოტოსინთეზის, შაქრებისა და ცილების და სხვა სინთეზურ პროცესებს.

კალიუმი ააქტიურებს ბიოლოგიურ პროცესებს, კერძოდ გავლენას ახდენს ფერმენტთა აქტიობაზე, არეგულირებს გარემო პირობების შესაბამისად ბაგეების გახსნას და დახურვას, ადიდებს აზოტიანი სასუქების ეფექტურობას. კალიუმის შემცველობა მეტია იმ ორგანოთა ქსოვილებში სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა, როგორიცაა მერისტემა, ახალგაზრდა ყლორტები და ფოთლები.

მისი სიმცირის დროს მუხრუჭდება უჯრედის დაყოფა, ზრდა და გაჭიმვა. ხორბლი ინვითარებს მოკლე მუხლთშორისებს, შეფერხებულია მისი ზრდა-განვითარება, მომწიფება, მცირდება მოსავლიანობა, გვალვა, ყინვა და სოკოვანი დავადებებისადმი გამძლეობა.

ამ ელემენტით ღარიბ ნიადაგზე სიმცირის ნიშნები შეიმჩნევა შემოდგომით ბარტყობის ფაზის დადგომისთანავე და პირველ რიგში ვლინდება ქვედა ფოთლებზე, რომლებიც იღებენ მუქ მწვანე შეფერილობას, არათანაბრად იზრდება ფოთლის ფირფიტა, რაც იწვევს მის დანაოჭებას. შიმშილის დროს ძველი ფოთლის კიდეების ქსოვილები თავდაპირველად ყვითლდებიან შემდგომში იწყებენ ხმობას და გამუქება- გაყავისფერებას.

ეს სიმპტომი იწყება ფოთლის წვერიდან და ვრცელდება ჯერ მთელ კიდეების გარშემოწერილობაზე, „კიდეების სიდამწვრე’’, შემდგომ მთელ ძარღვთშორისებზე. იზრდება შემჭკნარი და ძირს დაშვებული ფოთლების რაოდენობა, ყოვნდება ყვავილების განვითარება, ფერხდება მარცვლის მომწიფება. მცირდება ეპიდერმისის სისქე, რის გამოც ადგილი აქვს ყანის მასიურ ჩაწოლას.

კალიუმის დეფიციტი აპირობებს ნახშირწყლოვანი და ცილოვანი ცვლის დარღვევას, ადიდებს სუნთქვის პროცესში შაქრების დანახარჯს, აპირობებს ბჟირი მარცვლების წარმოქმნას, ამცირებს თესლის აღმოცენებასა და და სიცოცხლის უნარიანობას. კალიუმით ნორმალური კვების დროს, იცვლება მცენარის ანატომიური აგებულება, ჩალაში მატულობს სკლერენქიმებისა და ეპიდერმისის სისქე, რაც პურეულს უდიდებს ჩაწოლის მიმართ გამძლეობას, იზრდება სახამებლის წარმოქმნა და დაგროვება. კალციუმი.

ამ ელემენტით შიმშილის სიმპტომები ვლინდება მჟავე ნიადაგზე მცენარის ზედა ფოთლებზე, რომლთა ძარღვთშორისები უფერულდება და ფირფიტაზე ჩნდება ღია თეთრი შეფერილობის ადგილები. ქვედა ფოთლები კვლავ ინარჩუნებენ მწვანე შეფერვას.

ძლიერი დეფიციტის დროს ღეროს წვერი კარგავს ტურგორს და ახალგაზრდა ქსოვილების უჯრედის კედლის დასუსტების გამო ქვემოთ იხრება ზედა ფოთლებთან და ყვავილედებთან ერთად. დავადებული ქსოვილები ლორწოვანდება და ერთმანეთს ეწებება. ფესვისა და ყლორტის ზრდის წერტილები ხმება.

მაგნიუმი

მაგნიუმის სიმცირის ნიშნები ხორბალზე შემოდგომითვე ვლინდება მჟავე ნიადაგზე ბარტობის ფაზაში, რაც გამოიხატება ქლოროფილის დაშლაში და მისი შემცველობის შემცირებაში, რის შედეგადაც ქვედა იარუსის ფოთლის ძარღვთშორისები ზოლებად უფერულდება და ღია ყვითელი და მწვანე შეფერილობა ერთმანეთს ენეცვლება, ფოთლის ფირფიტა კი შესამჩნევად ეხვევა ზემოთა მხარეს.

ამასთან ერთად თავდაპირველად ფოთლის წვერის და შემდგომ კიდეების მთელ გარშემოწერილობაზე ჩნდება მუქი წითელი ან მოიისფრო ზოლი, რომელიც თანდათან ვრცელდება ფირფიტის შუა გულისაკენ.

მთელი მცენარე ქვემოთ არის დახრილი ამ ელემენტით ძლიერი შიმშილის დროს ქვედა ფოთლები ჯერ კიდევ შემოდგომაზე იწყებს ხმობას და გამოზამთრების პერიოდში მრავალი მცენარე იღუპება. დარჩენილი მცენარეები კი 8-12 დღით აგვიანებენ მომწიფებას.

ბორი

ბორის სიმცირით განპირობებული ფიზიოლოგიური დავადებები ვლინდება კარბონატულ, ახლად მოკირიანებულ და ჭაობიან ნიადაგებზე მცენარის ზედა მოზარდ ორგანოებზე. განსაკუთრებით ძლიერ იჩაგრება ყლორტებისა და ფესვების ზრდის წერტილები, რომლებიც ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში იღუპებიან.

ხორბალი ინვითარებს პატარა მახინჯ დატოტვილ თავთავს, შემცირებულია თავთუნების და გაზრდილია სტერილური ყვავილების რიცხვი, რადგან მის მტვრის მარცვლებს დაკარგული აქვთ განაყოფიერების უნარი, რის გამოც ამ ელემენტის სიმცირის დონის შესაბამისად გაზრდილია უმარცვლო თავთუნების რიცხვი. ბორის სიჭარბე აპირობებს მახინჯი თავთავების წარმოქმნას.

თუთია

ამ ელემენტით შიმშილი შეინიშნება კარბონატულ, მძლავრად მოკირიანებულ ნიადაგებზე და ფოსფორიანი სასუქების მაღალი დოზების გამოყენებისას, რის გამოც იჩაგრება მცენარის ახალგაზრდა ორგანოები, რომლებიც ქლოროფილის ბიოსინთეზის დარღვევის გამო იღებენ ძალზე ღია მოთეთრო-მოყვითალო შეფარილობას.

თუთიის ხანგრძლივი დეფიციტის შემთხვევაში ეს სიმპტომები ვრცელდება შუა და ქვედა იარუსის ფოთლებზეც, ფერხდება უჯრედების დაყოა, ფოტოსინთეზის, სახამებლისა და საქაროზას წარმოქმნის პროცესები, რაც აისახება ხორბლის ზრდა-განვითარებისა და მოსავლიანობის შემცირებაში.

მანგანუმი

ხორბლის ქვეშ მანგანუმით შიმშილი შეინიშნება კარბონატულ და ტორფიან ნიადაგებზე, აგრეთვე ხსნარში რკინის მოძრავი შენაერთების მაღალი შემცველობისას, რაც გამოიხატება ფოთლის ძარღვთშორისი ქლოროზის განვითარებაში, რის გამოც ფირფიტა ზოლებად უფერულდება, აჭრელებულია და იღებს ყვითელ ან მოყვითალო-მოწითალო შეფერილობას.

მანგანუმით შიმშილის გახანგრძლივებისას ადგილი აქვს ქლოროზით დავადებული ქსოვილების ხმობას და ყავისფერი ლაქების წარმოქმნას. ხანგრძლივი დეფიციტის პირობებში ქლოროზით ავადება ქვედა იარუსის ფოთლებიც.

მოლიბდენი

მჟავე ნიადაგებზე მოლიბდენი გადადის ძნელადხსნად ფორმაში, რის გამოც ასეთ პირობებში ხორბალზე ხშირად შეინიშნება მისი სიმცირის ნიშნები, რაც აისახება აზოტის ცვლის დარღვევის გამო ფოთლების ღია მწვანე შეფერილობის წარმოქმნაში.

მოლიბდენით შიმშილის დროს ადგილი აქვს ძარღვთშორისი ქლოროზის განვითარებას. დაძარღვა მწვანე შეფერილობის რჩება. ქლოროზით დავადებული ფოთლის კიდეები ზემოთა მხარეს არის ამოხვეული, ფირფიტის ქსოვილები ამობურცულია. შემდგომში დავადებული ფოთლები იწყებს ხმობას.

ავტორები: ა. თხელიძე; ც. სამადაშვილი; ხ.დობორჯგინიძე
/ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემა/

იხილეთ აგრეთვე: აზის კულტურა და მისი განოყიერების (კვების) სისტემა

თქვენი რეკლამა