მცენარეთა კარანტინი – პათოგენებისგან და მავნებლებისგან დაცვის მეთოდი

კარანტინი, მცენარე

მცენარეთა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია მცენარეთა კარანტინი, ანუ მცენარეული კარანტინი.

მცენარეთა კარანტინი თანამედროვე წარმოდგენით, არის სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ისეთი დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების შემოტანისა და შემოჭრისაგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ გვხვდება, ან გვხვდება, მაგრამ უმნიშვნელოდაა გავრცელებული.

ამ სისტემაში შედის ღონისძიებები, რომლებმაც შეიძლება აღვკვეთონ დაავადების გადატანა ერთი რაიონიდან მეორეში ჩვენი ქვეყნის სხვა საზღვრებში, აგრეთვე საზღვარგარეთიდან შემოტანის შემთხვევაში, დაავადების წყაროს ლიკვიდაციის ღონისძიებები.

კარანტინის ბიოლოგიურ საფუძვლად ითვლება ბუნებაში ორგანიზმების განუწყვეტლივ მიმდინარე გეოგრაფიული გავრცელების პროცესი, ახალ გარემო პირობებთან მათი შეგუების უნარი და მრავალი პათოგენის გაზრდილი პარაზიტული აქტივობა ახალ რაიონებში, სადაც კულტურებისათვის მათ დიდი ზიანი მოაქვთ. ბუნებრივ პროცესში განსაკუთრებით ჩქარდება პათოგენების გეოგრაფიული გავრცელება ადამიანის ჩარევით, რაც განპირობებულია ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობათა განვითარებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სფეროში.

კარანტინის ძირითადი ამოცანაა – არ იქნას შეტანილი პათოგენები და მავნებლები იქ, სადაც ისინი არ არსებობენ. კარანტინი უნდა იყოს შერჩევითი, რადგან შეუძლებელია მთელი იმპორტირებული მცენარეული მასალის შემოწმება. პათოგენის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე შეიძლება მოხდეს მრავალი საშუალებით. ის შეიძლება არსებობდეს ცოცხალი მცენარის და სხვა სარგავი მასალის ზედაპირზე ან მის შიგნით.

პათოგენი შეიძლება იყოს ასევე იმპორტირებულ მარცვლეულზე, ხილზე, ბოსტნეულზე და სხვა მცენარეულ პროდუქტებზე, წარმოებაში გამოყენებულ მცენარეულ მასალაზე, მცენარეული წარმოშობის შესაფუთ მასალაში, შემთხვევით მიწებებული ნიადაგის ან მცენარეული ქსოვილების ნაწილებზე.

არის შემთხვევები, როდესაც ერთი კონტინენტიდან მეორეზე შეტანილი იქნა დიდი მავნეობის მქონე დაავადებები. მაგა ლითად, ამერიკიდან ევროპაში შეტანილ იქნა: კარტოფილის ფიტოფტოროზი (Phytophthora infestans), ვაზის ჭრაქი (Plasmopara viticola Berl. Et de Toni), მთელი რიგი ჟანგა სოკოები და ზოგიერთი სარეველები.

არსებობს ასეულობით დაავადება, რომლებიც არ გვხვდება ყველგან. მრავალ მათგანს შეუძლია დიდი მავნეობა გამოიწვიოს, თუ ისინი შეტანილი და აკლიმატიზებული იქნებიან იმ ზონაში, სადაც ჯერჯერობით არ არსებობენ. ამიტომ, მცენარეული მასალის ერთი გეოგრაფიული ზონიდან მეორეში გადატანის დროს, კონტროლისა და დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება კარანტინი.

არსებობს საგარეო და საშინაო კარანტინი. საგარეო, ანუ საერთაშორისო კარანტინის მიზანია დაიცვას ქვეყნის ტერიტორია ისეთი დაავადებების გამომწვევების შემოტანისა და გავრცელებისაგან, რომლებიც ჯერჯერობით არ არის ქვეყნის ტერიტორიაზე, ან ძალიან მცირედაა გავრცელებული.

საშინაო კარანტინი მოიცავს რაიონებს ქვეყნის შიგნით. მისი მიზანია გამოავლინოს ქვეყნის ტერიტორიაზე ლოკალურად გავრცელებული მცენარეთა ახალი მავნე ორგანიზმები და მოახდინოს მათი წყაროების ლიკვიდაცია.

მცენარეები და მისი პროდუქტები შემოტანილი უნდა იქნას ისეთი ქვეყნიდან, სადაც არ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც შემოტანის შემთხვევაში შეიძლება ძლიერ საშიში გახდეს. ეს პირობა რომ იქნას დაცული, უნდა გვქონდეს ინფორმაცია იმ ქვეყნების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესახებ, საიდანაც ხორციელდება იმპორტი.

საერთოდ, სასურველია შემოტანა მოხდეს ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მაღალ დონეზე დგას საკარანტინო სამსახური, რომელიც გამოგზავნის წინ ჩაატარებს პროდუქტის შემოწმებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომლითაც დადასტურებული იქნება, რომ პროდუქცია თავისუფალია მავნე ორგანიზმებისაგან.

სამწუხაროდ, ასეთი ფიტოპათოლოგიური სერტიფიკატი ყოველთვის არაა საიმედო. ამიტომ, იმპორტირებული საქონელი უნდა შემოწმდეს გულდასმით და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განადგურდეს ან შესაბამისად დამუშავდეს, რათა მოხდეს მასში არსებული პათოგენების და მავნებლების განადგურება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ პათოგენური სოკოებისა და ბაქტერიების კულტურების სამეცნიერო კვლევის მიზნით შემოტანის დროს. ასეთი კულტურებით სარგებლობის დროს აუცილებელია მათი გულდასმით შემოწმება.

თუ საკარანტინო სამსახურის შესაძლებლობები შეზღუდულია, პირველ რიგში უნდა ვეცადოთ არ დავუშვათ ისეთი პათოგენების შემოტანა, რომლებიც დააავადებს ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კულტურებს.

ეს ეხება განსაკუთრებით ძლიერ პათოგენებს, მაგრამ არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ პათოგენი, რომელიც ასრულებს მეორეხარისხოვან როლს ერთ ადგილზე, შესაძლებელია ფართოდ გავრცელდეს და დიდი ზიანი შექმნას მეორე ადგილზე თუ მას აქ დახვდება ხელსაყრელი კლიმატური და აგრო-პირობები, ან თუ ადგილობრივი კულტურულ მცენარეთა ჯიშები გამოირჩევიან დიდი მიმღებიანობით. ამ მიზეზით არ შეიძლება დავუშვათ ისეთი პათოგენების შემოტანა, რომლებიც ითვლებიან მეორეხარისროვნად, მაგრამ შეუძლიათ დააავადონ დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის კულტურები.

იმპორტი არ უნდა მოხდეს იმ ქვეყნებიდან, სადაც გავრცელებულია განსაზღვრული პათოგენები. იმპორტი შესაძლებელია ნებადართული იყოს პირობით, ე.ი. იმ შემთხვევისათვის, როდესაც მინდორში ან გაგზავნის პუნქტზე ერთი ან რამდენიმე შემოწმების შემდეგ ნაჩვენები იქნება, რომ მასალა თავისუფალია პათოგენებისაგან (ეს ფორმდება შესაბამისად). ამ პროცედურების ცოდნა დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ისეთი უსაფრთხო მცენარეული მასალა, რომლის იმპორტირებასაც აპირებენ მოცემულ ქვეყანაში.

თუ გასაგზავნ პუნქტში შემოწმების დროს მცენარეულ მასალაში აღმოჩნდა დაავადებები და მავნებლები, მაშინ ის უნდა განადგურდეს ან დამუშავდეს შესაბამისი პესტიციდებით. ზოგიერთი დაავადება შეიძლება განვითარდეს საქონლის ტრანსპორტირების დროს. ეს უნდა გაითვალისწინოს საკარანტინო ადმინისტრაციამ.

მიღებული მცენარეული მასალის შემოწმების ეფექტურობა დამოკიდებულია სპეციალისტების პროფესიონალიზმზე. იმის შემდეგ, როცა დავრწმუნდებით რომ იმპორტირებული მცენარეული მასალა თავისუფალია პათოგენებისაგან, შეიძლება მისი კულტივირება სივრცითი იზოლაციის პირობებში. შემდეგ ხდება დაკვირვება საკარანტინო სანერგეებში, რათა პათოგენი არ გამოგვეპაროს.

იმ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირი იმპორტი მეტისმეტად საშიშია, მიმართავენ შუალედურ კარანტინს რომელიმე მესამე ქვეყანაში და თუ ამის შემდეგ მასალა თავისუფალია პათოგენისაგან, აგზავნიან დანიშნულების ადგილზე. მესამე ქვეყნად შეირჩევა ისეთი, რომელშიც მოცემული პათოგენი თუ დაუსხლტა კარანტინს, სწრაფად ვერ შეძლებს გადარჩენას. ზოგჯერ კარანტინის დამთავრების შემდეგ, გაგზავნის წინ ხდება მცენარეული მასალის დამუშავება. მცენარეულ მასალაში პათოგენის გასანადგურებლად გამოიყენება ის მეთოდი, რომელიც მიღებულია მცენარეთა დასაცავად.

ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.
„ბიოაგროს“ სამეცნიერო ხელმძღვანელი.

იხილეთ გარეთვე: არახელსაყრელი ნიადაგური პირობებით გამოწვეული მცენარეთა დაავადებები

თქვენი რეკლამა