თივის დამზადების ტექნოლოგია

თივა, ტექნოლოგია

ცხოველთა ბაგურ კვებისას საკვები რაციონის 40-50% თივაზე მოდის. თივის ყუათიანობა, სხვა უხეშ საკვებთან შედარებით, მაღალია.

მრავალწოვანი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახების და მათი ნარევების 100 კგ კარგი თივა 50-60%-მდე საკვებ ერთეულსა და 10-15%-მდე მონელებად პროტეინს შეიცავს.

თივის მაღალი მოსავლისა და მასში ყუათიანობის შენარჩუნების მთავარი პირობა, მისი აღების ცალკეული პროცესის სწორად ჩატარებაზეა დამოკიდებული.

მაღალხარისხოვან თივის მიღების და მისი უდანაკარგოდ აღების მნიშვნელოვანი პირობაა: ბალახის დროზე გათიბვა, გათიბვის სიმაღლის დაცვა, მოთიბვის ტექნიკა, თიბვა, ნათიბის სწორი შეგროვება, შრობა, დაბულულება და თივის ძირებად დადგმა. ამასთანავე თივის აღების უმთავრესი პროცესების მექანიზაცია და თივის სათანადოდ შენახვა.

თიბვის ვადები

ბალახები ყველაზე მეტ საყუათო ნივთიერებებს მისი განვითარების ადრეულ პერიოდში შეიცავს. მარცვლოვანებში – ბარტყობის, აღერებისა და დათავთავების პერიოდში პროტეინის შემცველობა 15%-ს აღწევს; ხოლო პარკოსნებში – დაკოკრებისა და ყვავილობის დასაწყისში – 20%-ს.

ყვავილობისას მარცვლოვანებში პროტეინის შემცველობა 10%-მდე მცირდება, ხოლო პარკოსნებში 18%-მდე. მიუხედავად მცენარეში პროტეინის შემცველობის შემცირებისა, საკვებ ნივთიერებათა  ყველაზე მეტი მოსავალი მიიღება ბალახების ყვავილობის ფაზაში აღების დროს, რაც ამ პერიოდში თივის მეტი მოსავლით აიხსნება.

დაგვიანებული თიბვა იწვევს როგორ თივის მოსავლის, ასევე მისი კვებითი ღირებულების შემცირებას.

დროულად გათიბულ მცენარეში ყველა საკვები ნივთიერება თანაბრადაა განაწილებული. მცენარე უფრო ნაზია და ცხოველი მას ადვილად ინელებს. ყვავილობის შემდეგ, საკვები ნივთიერებანი ფოთლებიდან და ღეროებიდან ნაყოფის (თესლის) განვითარებას ხმარდება; ნაზი, კვებითი ღირებულებით ძვირფასი ფოთლები ხმება, ცვივა და ამგვარად უარესდება თივის ხარისხი.

გვიან გათიბული ბალახი უხეშდება და ცხოველი მას ცუდად ჭამს. ამასთანავე გვიანი თიბვა ხელს უწყობს სარეველების განვითარებასაც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივი სათიბების თიბვა მცენარეთა ყვავილობის დასაწყისში უნდა დაიწყოს და დამთავრდეს გაბატონებულ, ყველაზე ძვირფას საკვებ მცენარის ყვავილობის დამთავრებამდე. მრავალწლოვანი ნათესი ბალახები ითიბება მარცვლოვანების დათავთავების ან პარკოსნების დაკოკრების ფაზაში.

სათიბეებზე თიბვის ხანგრძლივობა 5-10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. დროულ თიბვაზეა დამოკიდებული სრულფასოვანი მეორე ნათიბის მიღებაც.

მართალია მეორე თიბვისას 25-50%-ით ნაკლები თივის მოსავალი მიიღება, პირველ თიბვასთან შედარებით, მაგრამ მეორე ნათიბის თივა გაცილებით ნაზია, ორჯერ მეტ ცილას შეიცავს, კარგად იჭმევა და მაღალ მონელებით ხასიათდება.

მოთიბვის სიმაღლე

თივის მოსავლიანობასა და ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს ბალახნარის მოთიბვის სიმაღლე. გამოკვლევებით დადგენილია, რომ თივის ყველაზე მაღალი და მყარი მოსავალი, ბალახნარის ნიადაგის ზედაპირიდან 4-6 სმ სიმაღლეზე თიბვისას მიიღება.

ბალახნარის 10 სმ სიმაღლეზე თიბვისას, ნედლი პროტეინის მოსავალი თითქმის ერთნახევარჯერ მცირდება, რაც გამოწვეულია მარცვლოვანების ძირის ფოთლების მაღალი კვებითი ღირებულებით. თუ ბალახნარი მეორედ ითიბება, მაშინ მიზანშეწონილია ბალახის 6-7 სმ სიმაღლეზე გათიბვა, რადგან უფრო დაბალზე ნათიბი მცენარეები ვერ შეძლებენ დააგროვონ პლასტიკური ნივთიერებათა აუცილებელი მარაგი, ზამთარში შესასვლელად.

მოთიბვის ტექნიკა

თივის აღების დანაკარგის ასაცილებლად და ყველა საჭირო სამუშაოთა შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსავლის აღების შრომატევად პროცესების მექანიზაციას, როგორიცაა: ბალახის თიბვა, მოგროვება. დაბულულება და ზვინად დადგმა.

ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საკიდ და ნახევრადსაკიდ თივის ამღებ მანქანებზე, თვითმავალი შასისა და ტრაქტორების გამოყენებით, რომელსაც 1 ადამიანი ემსახურება. ტრაქტორის სათიბელები, განსაკუთრებული მოწყობილობებით თიბვასთან ერთად ქმნიან ღვარეულებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს თივაში საყუათო ნივთიერებათა მაქსიმალური რაოდენობით შენარჩუნებაში.

მოთიბული ბალახის განათიბში ხანგრძლივი დროით დატოვება იწვევს დანაკარგებს, ამიტომ უკეთესია მისი გათიბვის დღესვე ღვარეულებში მოფოცხვა.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ თივის დანაკარგი მოფოცხვის 1 დღით დაგვიანებით, მოფოცხილთან შედარებით, შეადგენს – 12%-ს, 2 დღით დაგვიანებით – 18%-ს, 3 დღით დაგვიანებით – 25%, 4 დღით – 30%-ს. დანაკარგთან ერთად უარესდება თივის ფერი და სუნი.

ბალახის შრობა

მწვანე ბალახი მნიშვნელოვანი რაოდენობით (60-80%) შეიცავს წყალს.გათიბული ბალახის შრობის დროს წყალი უმთავრესად ფოთლებიდან ორთქლდება.

მოჭრილი მცენარის შრობის პერიოდში საკვებ ნივთიერებათა შედგენილობა იცვლება ორი, თანმიმდევრული, გავლილი პროცესების შედეგად. პირველი – ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური (მშიერი ცვლა) ბალახის შეჭკნობის პერიოდში და მეორე – ბიოქიმიური (ავტოლიზი) ბალახის შრობის პერიოდში.

ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიურ პროცესისას – ახლად მოჭრილ მცენარეში, თუმცა წყდება საკვებ ნივთიერებათა მატება, მცენარე მაინც აგრძელებს სიცოცხლეს. ადრე დაგროვილ შენაერთების ხარჯზე მასში გრძელდება ხანშირბადის, წყალბადის, ჟანგბადის და სხვათა ასიმილაცია. ამ დროს სინთეზი ჭარბობს დაშლას, მაგრამ დროთა განმავლობაში, საკვებ ნივთიერებათა და წყლის მიუწოდებლობის გამო, დაშლა აჭარბებს სინთეზს, რაც მცენარის უჯრედის ცხოველმოქმედებას წყვეტს.

„მშიერი ცვლის“ პეროდში იკარგება 50%-მდე კაროტინი და მიდის სუნთქვაზე ნახშირწყლების ენერგიული ხარჯვა, რომელთა დანაკარგი 20%-ს აღწევს. უჯრედის ცხოველმოქმედება, მასში ტენის 40-50%-მდე ჩამოსვლისას მთლიანად წყდება.

შემდეგ, ფიზიოლოგიურ-ბიოლოგიური პროცესი იცვლება ბიოქიმიურით (ავტოლიზი), რომლის დროსაც მკვდარ უჯრედში ნივთიერებათა შემდგომი დაშლა (ცილა, ამინომჟავა, სახამებელი, შაქარი და ა.შ.) მიმდინარეობს ფერმენტების მოქმედებით.

მცენარის ნორმალური შრობის დროს (მოკლე დროში) აზოტოვანი ნივთიერებანი არ განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, ხოლო ნელი შრობის დროს ამინომჟავა იშლება ამიდამდე, ზოგჯერ კი ამიაკის წარმოქმნამდე.

მცენარის მასის ხანგრძლივი შრობის დროს, მაღალი ტენიანობის (50-55%) პირობებში იკარგება ცილოვან ნივთიერებათა 25-30%. ცილის დაკარგვისა და ამინომჟავას დაშლის შედეგად მცირდება პროტეინის შემცველობა, მისი მონელებადობა და სრულფასოვნება. ამიტომ თივის შრობისას  საჭიროა მკვეთრად შემცირდეს „მშიერი ცვლისა“ და „ავტოლიზის“ პერიოდი. ბალახის მოკლე დროში შრობა ამცირებს საკვებ ნივთიერებათა დანაკარგებს.

თივად შრობის ყველაზე მეტად გავრცელებული წესია მინდვრის პირობებში შრობა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს.

კარგ ამინდში გათიბული ბალახი განათიბში რჩება 50-55% ტენის შემცველობამდე, რომლის შემდეგ მას ღვარეულებად აგროვებენ. როდესაც ტენის შემცველობა ბალახში 25-30%-ს მიაღწევს, მას აბულულებენ. ბულულებში თივა საბოლოოდ შრება, 3-5 დღის განმავლობაში, 16-17% ტენიანობამდე, რომლის შემდეგ მას აწყობენ ზვინებად ან ძირებად.

გათიბვისთანავე, ბალახის ღვარეულებში გაშრობის შედეგად მიღებული თივა შეიცავს მეტ პროტეინს, რადგან მასში მთლიანადაა შენარჩუნებული ფოთლები.

ღვარეულებში ბალახი შრება, ჩვეულებრივ, ერთი დღის განმავლობაში, რის შემდეგადაც თივა შეიძლება დაბულულდეს.

თივის არომატულობა წარმოიქმნება თივის ბულულებში, ძირებში, თივის შესანახებში, თანდათანობითი საბოლოო შრობის დროს, ფერმენტაციის შედეგად, ცვილის, ფისის, ეთეროვანი ზეთის და სხვა ნივთიერებათა შესაფერისი ტემპერატურული და ჰაერის ტენიანობის პირობებში.

თივის ძირებად დადგმა და შენახვა

თივა შესანახად მზადაა, თუ გადაგრეხვისას ღეროები რამდენადმე იმსხვრევა, ღეროების ნაწილი იმტვრევა და წყალს არ გამოყოფს.

თივის ზვინები კეთდება მრგვალი ან ოთხკუთხა ძირიანი ფორმის. უმეტესად რეკომენდირებულია ძირების შემდეგი ზომები: სიგანე – 4-5 მ, სიმაღლე – 6 მ, სიგრძე არა ნაკლები 8 მ. ზვინების: დიამეტრი – 4-5 მ, სიმაღლე – 6-6,5 მ, შეწვრილება სიმაღლის 2/3-დან.

ხანძრის საწინააღმდეგოდ ძირებს შორის მანძილი 30 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

თივის ზვინების ან ძირების დადგმამდე, დადგმის ადგილას აფენენ ლატანს, ძველ ნამჯას ან ფიჩხს, ხოლო ზვინს ზემოდან ხურავენ ნამჯით. ზვინის შუაგულში აწყობენ საუკეთესო თივას. შრობადაუმთავრებელ თივას აწყობენ პატარა ზვინებად.

თივის გადაზიდვის გასაადვილებლად მას წნეხავენ, რომლის დროსაც მოცულობა, დაუწნეხავთან შედარებით 5-ჯერ მცირდება. 1მ3 მოცულობის დაწნეხილი თივა საშუალოდ 350-400 კგ-ს იწონის, ხოლო დაუწნეხავის – 65-80 კგ-ს.

დაწნეხილი თივა უკეთ ინარჩუნებს სუნსა და ფერს, ნაკლებად ნესტიანდება. დაწნეხილი თივის ღია ადგილზე შენახვისას, „შტაბელის“ ქვეშ აფენენ ფიჩხს, ხის ყუა ფიცრებს, ლატნებს, ქვებს ან სხვა საფენებს.

თივის შეფასება

თივის შეფასება ხდება სახელმწიფო სტანდარტის და საბონიტირო შკალის მიხედვით.

სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით თივა იყოფა 2 ტიპად: ნათესი ბალახების თივა და ბუნებრივი სათიბების თივა. ყოველ ტიპს აქვს თავისი ქვეტიპები.

ნათესი ბალახების თივას აქვს 4 ქვეტიპი: 1) პარკოსნები (სამყურა, ესპარცეტი, იონჯა და სხვ.); 2) მარცვლოვანები (სათითურა, ტიმოთელა, სუდანურა, წივანა და სხვ.); 3) მრავალწლოვანი პარკოსან-მარცვლოვანები (სამყურა+წივანა, იონჯა+სათითურა და სხვ.); 4) ერთწლოვანი პარკოსან-მარცვლოვანები (ცერცველა+შვრია, ბარდა+შვრია, ქერი და სხვ.).

ბუნებრივი სათიბების თივა იყოფა შემდეგ 8 ქვეტიპად: 1) მდელოს მსხვილბალახოვანი: 2) მდელოს წვრილბალახოვანი; 3) მშრალობის მდელოს მსხვილბალახოვანი; 4) ტენიან მდელოს მაღალბალახოვანი; 5) სტეპის მსხვილბალახოვანი; 6) სტეპის წვრილბალახოვანი; 7) მლაშობი მდელოს მსხვილბალახოვანი; 8) მლაშობი მდელოს წვრილბალახოვანი.

თითოეული ტიპისა და ქვეტიპის თივა მცენარეული შედგენილობის, დროისა და აღების ხარისხის მიხედვით იყოფა პირველ და მეორე კლასად. მეორე კლასზე დაბალი ხარისხის თივა არასტანდარტულად ითვლება.

სტანდარტული თივა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს ახალი სურნელი (შმორისა და ობის სუნის გარეშე); ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 17%-ს; იყოს მტვრის გარეშე.

I კლასის თივა არ უნდა შეიცავდეს ჭამად უვარგის მინარევებს 5%-ზე მეტს, მათ შორის სარეველებს 1%-ზე მეტს.

II კლასის თივა არ უნდა შეიცავეს ჭამად უვარგის მინარევებს 10%-ზე მეტს, მათ შორის სარეველებს 2%-ზე მეტს.

თივის ბოტანიკური ანალიზისას გამოიყოფა შემდეგი ფრაქციები: 1) მარცვლოვანები; 2) პარკოსნები; 3) სხვა ჭამად ვარგისი ბალახები; 4) ჭამად უვარგისი ბალახები (შხამიანისა და მავნეს გარდა); 5) შხამიანი და მავნე ბალახები.

ავტორი: იოსებ სარჯველაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

თქვენი რეკლამა