საბაღე ნაკვეთის მომზადება დარგვისთვის, ნერგის დარგვა

1260 Views Comment Off

საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის გაკულტურება უნდა ჩატარდეს წინამორბედი კულტურების (ტყე, ბუჩქნარი, საძოვარი, სათოხნი კულტურები) თავისებურებების გათვალისწინებით.

ამისათვის აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა, ნაკვეთის მოსწორება-მოშანდაკება, მარცვლოვანი კულტურების ან ბალახების თესვა, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა და პლანტაჟის ჩატარება.

ნაკვეთის გაკულტურების რამდენიმე მეთოდი არსებობს:

  • მთლიანი მეთოდი — მთელი ფართობის ღრმა საპლანტაჟო მოხვნასა და სასუქების ერთდროულ ჩაკეთებას გულისხმობს.
  • ზოლებრივი მეთოდი -პლანტაჟი და სასუქების შეტანა ხორციელდება მომავალი რიგების ადგილზე;
  • ადგილობრივი მეთოდი — (იხვნება ჩვეულებრივი გუთნით, ხოლო ნერგები ირგვება ღრმა ორმოებში).

დაპლანტაჟებულ ფენებში უმჯობესდება აერაცია, წყლის რეჟიმი, ძლიერდება ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობა.

საპლანტაჟე მოხვნა

უნდა ჩატარდეს ბაღის გაშენებამდე წლინახევრით ადრე, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება ხშირად დარგვამდე ნახევარი წლით ადრე ხდება. ხვნის სიღრმე შეადგენს 40-70სმ.

ღრმა პლანტაჟს არ იყენებენ 7-100 დახრილობის ფერდობებზე, ძლიერ კარბონატულ ნიადაგებზე, ძლიერი თიხნარი ქვენიადაგის მქონე ფართობებზე. პლანტაჟის ჩატარების რეკომენდებული პერიოდია აგვისტო-სექტემბერი.

საპლანტაჟე ხვნის მიმართ მოთხოვნა შეცვლილია ნაგალა ინტენსიური ბაღების გაშენების შემთხვევაში. თანამედროვე კვლევების თანახმად, ინტენსიური ტიპის ბაღის ფესვთა სისტემა განლაგებულია ზედაპირულად, ამიტომ მოხვნის სიღრმე ნაკლებ გავლენას ახდენს მოსავლიანობასა და პროდუქტიულობაზე, აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაში მიღებულია 20-25 სმ-ზე მოხვნა.

ბაღის გაშენებისას აკეთებენ პლანტაჟს, ხოლო პლანტაჟის პარალელურად ანოყიერებენ ნიადაგს, შეაქვთ ორგანული სასუქები (ნაკელი, კომპოსტი), ფოსფორიანი, კალიუმიანი ან კომპლექსური სასუქები. სასუქების შეტანის დოზები განისაზღვრება ანალიზის საფუძველზე, ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით.

პლანტაჟის დროს შესატანი ორგანული და მინერალური სასუქების დოზები

დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე, მჟავიანობის გასანეიტრალებლად, აუცილებელია კირის შეტანა.

ფართობის მომზადება და დარგვა

ხეხილის დარგვისას, ჯიშების შერჩევა ხდება იმ რაიონის ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, სადაც ბაღი შენდება და რეალიზაციის დანიშნულების მიხედვით (საადერო, საშუალო სიმწიფის პერიოდის, საგვიანო პერიოდის ხილის წარმოება).

გაშენებისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უკეთ გამოცდილ, დარაიონებულ და პერსექტიულ ჯიშებს.

მსხვილ სამრეწველო ბაღში აუცილებელია გავაშენოთ 3-4 კულტურა და თითოეული კულტურის 4-8 ჯიში. მცირე ზომის ბაღებში უკეთესია აქცენტი გაკეთდეს 1-2 კულტურაზე, თითოეული ჯურისათვის 2-4 ჯიშის შემადგენლობით.

დარგვის დრო

საქართველოში დარგვა შემოდგომაზე იწყება – ნოემბრის დასაწყისიდან და გრძელდება იმ დრომდე, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა.

ხეხილის დარგვა შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში, თუ ნიადაგი გაყინული არ არის და ამის საშუალებას იძლევა კლიმატური პირობები. გაზაფხულზე ხეხილის დარგვა ვეგეტაციის დაწყებამდე უნდა დამთავრდეს.

სარგავი მასალის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ნერგი უნდა იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, სწორი ღეროთი და არანაკლებ 140-160 სმ-ის სიგრძის. შტამბის დიამეტრიც ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე არა ნაკლებ 12-15 მმ. უნდა იყოს.

ნაკვეთის დაგეგმვა

დარგვის წინ აუცილებელია ნაკვეთის დაგეგმვა, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თვალზომით, ანუ ვიზუალურად, ნიშნულებიანი მავთულით და მექანიზებული წესით (მარკირებით).

სამრეწველო ხეხილის ბაღის გასაშენებლად გამოყოფილი ფართობი ჩვეულებრივ აიგეგმება ზუსტი გეოდეზიური ხელსაწყოს, თეოდოლიტის გამოყენებით. დაგეგმვის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი მოიცავს ნაკვეთის ფუძეზე მართი კუთხის შეუცდომლად აგებას.

ბაღის გაშენების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვარტლის ჯიშობრივ სტრუქტურას. როგორც წესი, კვარტალი ერთი კულტურით უნდა იყოს გაშენებული.

ზოგადად, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისათვის უმჯობესია, რომ ბაღის კვარტალი გაშენებული იყოს ერთი ჯიშით, მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ ჯიშების დიდი უმრავლესობა საჭიროებს ჯვარედინ დამტვრევას, მიზანშეწონილია, თითოეულ ჯიშს ჰქონდეს ორი დამამტვერიანებელი ჯიში მაინც.

დამამტვერიანებელი ჯიშის შერჩევისას ყურადღება ექცევა: ერთდროულ ყვავილობას, ურთიერთგანაყოფიერების მაღალ ხარისხს, ზრდის სიძლიერისა და სიმწიფის პერიოდების ურთიერთ დამთხვევას.

დამამტვერიანებელი ჯიშები არ სჭირდება ატამს, როგორც თვითდამმტვერავ კულტურას.

დამამტვერიანებელი ჯიშები ბაღში შესაძლებელია განლაგდეს ყოველი მეოთხე, მეშვიდე, მეათე რიგში ხე რიგში, ფართო ერთ ჯიშიან ზოლებად, კვარტლის გარშემო და სხვა.

დამამტვერიანებელი ჯიშების განლაგების სქემა

ორმოს ამოღება

ნერგის დარგვის წინ, სასურველია სარგავი ორმო გავთხაროთ რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი უნდა იყოს 50-60სმ-ია, ხოლო სიღრმე — 30-40 სმ.

დარგვა

დარგვის წინ ნერგები მიაქვთ ფართობში, ათავსებენ მზისგან დაცულ ადგილზე და ფესვების გამოშ-რობის თავიდან ასაცილებლად, აფარებენ სველ ტილოს.

დარგვის წინ ნერგი უნდა შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად წაეკვეცოს. ორმოს შუაგულში ყრიან მიწის ბორცვს, რომელზეც ათავსებენ ნერგს, ხოლო ფესვებს ორმოში კარგად შლიან.

ფესვებს შორის სიცარიელე რომ შეივსოს, საჭიროა მიეყაროს ფხვიერი მიწა და მიეტკეპნოს. მიწის მიყრისას ნერგს უნდა გავუფრთხილდეთ, უმჯობესია გარშემო ჯამის გაკეთება.

ნამყენი ირგვება იმ ვარაუდით, რომ ნიადაგის დაჯდომის შემდეგ ნერგის ნამყენი ადგილი მიწის ზედა-პირიდან 4-5 სმ-ის სიმაღლეზე მაინც უნდა განთავსდეს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაგალა საძირეებზე დამყნილი ვაშლის ნერგის ნამყენი ადგილი, რაც უფრო ზემოთ იქნება განთავსებული ნიადაგის ზედაპირიდან, მცენარე მით უფრო შეზღუდული ზრდის გამოვა და მალე დაიწყებს მოსხმას.

დარგვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ნერგის ვერტიკალურ მდგომარეობას, დაუტოტავი ნერგი გადაიჭრება 60-80 სმ. სიმაღლეზე დატოტვილი ნერგი კი შემდეგ ფორმირდება გასხვლა- ფორმირების წესების შესაბამისად.

დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყას მოღვრით ან წვეთოვანი ირიგაციის მეშვეობით თუ მორწყვა მაშინვე არ ხერხდება აუცილებელია წყლის დასხმა ერთ ნერგზე 25-30 ლიტრი წყლის გათვლით. ამ დროს მორწყვა გამეორდება დარგვიდან მეორე, მეოთხე და მეშვიდე დღეს.

ნამყენის დარგვის შემდეგ ნამყენს აკრავენ სარზე კანაფით, ციფრი რვიანის მსგავსად. ნაგალა ბაღის გაშენების დროს კი-შპალერის პირველ მავთულზე ან ინდივიდუალურ სარზე.

ავტორები: კუკური ძერია, სმ მეცნიერებათა დოქტორი;
ზვიად ბობოქაშვილი, სმ მეცნიერებათა დოქტორი.

იხილეთ აგრეთვე: საბაღე ადგილის შერჩევა — ხეხილის ბაღის გასაშენებლად

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB