საბაღე ადგილის შერჩევა — ხეხილის ბაღის გასაშენებლად

924 Views Comment Off

სამრეწველო მიზნით ბაღების გაშენების გადაწყვეტილების მისაღებად ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი როლი საბაღე ადგილის შერჩევას და გაშენების წესების დაცვას ენიჭება.

სწორად შერჩეული საბაღე ადგილი, შესაბამისად შერჩეული ხეხილოვან კულტურათა ჯიშური ასორტიმენტი, გაშენების დროის და წესების დაცვა განაპირობებს მცენარეთა დროულ განვითარებას, რაც მაღალხარისხოვანი და სტაბილური მოსავლის წინაპირობაა.

ადგილის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: კლიმატური პირობები, ნიადაგური მახასიათებლები, სიმაღლე ზღვის დონიდან, რელიეფი, გრუნტის წყლების დგომის დონე, მოცემულ ზონაში გავრცელებული ქარების მიმართულება და სიძლიერე.

დადგენილია, რომ განსხვავებული ექსპოზიციის ფერდობებზე დღეღამური ტემპერატურული რეჟიმი სხვადასხვაა, შედარებით თბილია სამხრეთის ფერდობები, აქედან გამომდინარე, ბაღების გაშენებისას სასურველია, სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის შერჩევა.

ხშირ შემთხვევაში, მასივების ცალკეულ მონაკვეთზე ადგილი აქვს ტემპერატურის რყევას, რომელთა გათვალისწინება ნაკვეთში კულტურების შიდასახეობრივი გაადგილებისას მეტად მნიშვნელოვანია.

რელიეფური პირობები გავლენას ახდენს ნიადაგში არსებულ ტენის რეჟიმზე. ცნობილია, რომ ფართობის ზედა და ქვედა ნაწილზე ტენიანობა განსხვავებულია და ამ მომენტის გათვალისწინებაც აუცილებელია ბაღის გაშენების დროს.

რელიეფური განსხვავების გათვალისწინებით, საქართველოს მეხილეობის სხვადასხვა ზონაში ხეხილის გასაშენებლად რეკომენდებულია:

  • მთიან რაიონებში, სადაც ხეხილის განვითარებისათვის სითბოს რეჟიმი არასაკმარისია, უპირატესობა უნდა მიეცეს სამხრეთის დაქანების მთის კალთებს. ამასთან, ნიადაგის ჭარბტენიანობის პირობებში, ყველაზე ხელსაყრელია ფერდობის შუა და ზედა მესამედი ნაწილი;
  • აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური მეხილეობის ზონებში ყველაზე ოპტიმალურია ბაღის განლაგება მცირე დაქანების (3-50) ფერდობებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთისა და დასავლეთის კალთები უფრო ტენიანია და საუკეთესოდ ითვლება. ასევე უპირატესობა ეძლევა მთის კალთების შუა ნაწილს.
  • დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენის და სითბოს დეფიციტი არ შეინიშნება, გასაშენებლად გამოდგება ყველა მიმართულების დაქანება, თუმცა, უფრო ხელსაყრელია დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებები.

ბაღის გაშენება შესაძლებელია 10-120-ზე მეტი დაქანების პირობებშიც, თუმცა მხოლოდ ტერასების მოწყობისა და სპეციალური ღონისძიებების (ხელოვნური დაკორდება, ნარგაობის სქემებისა და კონფიგურაციის შესაბამისი შერჩევა) გამოყენების გზით, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგში ეროზიული პროცესების განვითარების შეჩერებას.

საბაღე ფართობის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის წყლის დგომის დონის შესწავლას — სხვადასხვა კულტურის ფესვთა სისტემის ნიადაგში გავრცელების ინტენსივობიდან გამომდინარე. 1,5-3,0 მეტრზე მაღლა დგომის შემთხვევაში, რომელსაც ადგენენ ყველაზე დიდი ნალექების მოსვლის დროს სპეციალური ჭრილების გაკეთებით, აუცილებელია, მოეწყოს სადრენაჟო ქსელი.

იმ შემთხვევაში, თუ გრუნტის წყლები გამდინარეა, იქ შესაძლებელია, კულტურათა შერჩევით, 60-70 სმ სიმაღლეზე ამოსვლის დროსაც, ბაღების გაშენება.

ხეხილოვანი კულტურებისათვის საუკეთესოა: კარგი ფიზიკური, თბური, ტენიანი, კარგი აერაციის, ღრმა სტრუქტუროვანი ნიადაგები. რაც შეეხება ქვენიადაგებს, მათ ხელი უნდა შეუწყონ მცენარის ფესვთა სისტემის ნორმალურ განვითარებას და უნდა ხასიათდებოდნენ ტენშეკავებისა და წყალგამტარიანობის უნარით, რაც უნდა დადგინდეს ნიადაგის სპეციალური ანალიზის ჩატარების შედეგად.

საბაღე ნიადაგის სწორად შესარჩევად აუცილებელია მისი დეტალური გამოკვლევა. ხეხილოვანი კულტურების გაშენება უმჯობესია მდელოს ყავისფერ, ტყის ყომრალ, რუხ ყავისფერ, შავმიწისებრ და შავმიწა ნიადაგებზე.

საბაღე ფართობის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ზონის ეკოკლიმატური პირობები: ტემპერატურის მინიმუმი და მაქსიმუმი, წლის ცალკეული თვეების მიხედვით ნალექების რაოდენობა, უყინვო ამინდების ხანგრძლივობა, ქარების ინტენსივობა, სიძლიერე და მიმართულება.

ზღვის დონიდან სიმაღლე დიდ გავლენას ახდენს ხეხილოვან მცენარეთა გავრცელებაზე. ხშირ შემთხვევაში, ვერტიკალური ზონალობის მიხედვით ნაყოფის მომცემი კულტურული მცენარეები 2000 მეტრ სიმაღლემდეც აღწევს. მეხილეობის კლასიკურ ზონად მიღებულია 400—დან 800 მეტრამდე. თუმცა, სამრეწველო მიზნით ბაღების გაშენება შესაძლებელია ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე.

საბაღე ფართობის შერჩევის დროს აუცილებელია სარწყავი წლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება, რისთვისაც უნდა მოეწყოს სპეციალური სარწყავი სისტემა, მორწყვის თანამედროვე წესების გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანია რეგიონში გავრცელებული ქარების მოქმედების ხასიათი, ვინაიდან მათი მოქმედება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნიადაგში ტენის დაგროვება-შენარჩუნებაზე, ბაღში ნარგავების დგომის სისწორეზე, ინტენსივობაზე და აგროტექნიკური მოვლის ისეთ სახეებზე, როგორიცაა მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

ამიტომ, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საბაღე ფართობი უმჯობესია შეირჩეს ქარებისაგან შედარებით დაცულ ადგილებზე. ასეთი ადგილების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, მიმართავენ სპეციალური ბაღსაცავი ზოლების გაშენებას, რაც მნიშვნელოვნად არეგულირებს ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების უარყოფით ზეგავლენას და ხელს უწყობს რეგულარულად მაღალი და ხარისხოვანი მოსავლის მიღებას.

ავტორები: კუკური ძერია, სმ მეცნიერებათა დოქტორი;
ზვიად ბობოქაშვილი, სმ მეცნიერებათა დოქტორი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB