ნუშის (Prunus dulcis) ეკოლოგია

ნუში, მცენარე, ეკოლოგია, მოსავალი

ნუშის (Prunus dulcis) კულტურა ქართულ უძველეს ისტორიოგრაფიულ წყაროებში მოხსენიებულია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინ, მნიშვნელოვანია ამ კულტურის ნაყოფების მაღალი სასაქონლო, სამეურნეო, კომერციული და კვებითი ღირებულებები, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამ კულტურის გაშენების მიზანშეწონილობას.

ნაყოფი ხასიათდება განსხვავებული ფორმებით, ძირითადად მრგვალი, კონუსისებური ან ოვალურია, მსხვილი და ბლაგვი წვერით. ნაჭუჭი სხვადასხვა სისქისა და სიმკვრივისაა, რომელშიც მოთავსებულია გული, რომელიც დაფარულია ღია-მოყავისფრო კანით. კანგაცლილი ნუშის გული მოგრძო-მომრგვალოა და თეთრი ფერისაა.

ნუში, სხვა კაკლოვან კულტურებთან შედარებით, უფრო მეტ სითბოს მოითხოვს და მეტი სიმშრალის ამტანია. იგი ფართოდაა გავრცელებული და გამოიყენება როგორც ნედლ ხილად-ნუგბარად, ისე საკონდიტრო მრეწველობაში და მედიცინაში. განსაკუთრებით ძვირფასია ნუშის ზეთი, რომელსაც მრავალმხრივი გამოყებნება აქვს.

ნუში ტიპიური სამხრეთი განედების კულტურაა. მის სამშობლოდ წინა და შუა აზია ითვლება, მეცნიერები მის სამშობოლოდ კავკასიასაც ასახელებენ. უფრო გვიან ის გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ამჟამად ეს კულტურა ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ტუნისში, სადაც გამოყვანილია რამდენიმე საინტერესო ახალი ჯიში.

ჩვეულებრივი ნუში ეკუთვნის საშუალო სიმაღლის მრავალწლოვან ფოთოლმცვივან ხე- მცენარეს, ვარჯის დამახასიათებელი ფორმა განიერპირამიდულია, ფოთოლი ლანცეტისებრია, ფოთოლთასიანი, წვრილად დაკბილული კიდეებითა და პატარა ყუნწებით. ნაყოფი კურკაა, რომელიც მოთავსებულია მწვანე მშრალ ნაყოფგარემოში – ლენჯოში, რომელიც მოფენილია ნაცრისფერი ხავერდოვანი ბუსუსებით. ნუშის დამწიფებისას ნაყოფგარემო სკდება, კურკა მას მთლიანად სცილდება და ძირს ვარდება.

ნუშის ნაჭუჭი სხვადასხვა სისქის არის – 0,5-დან 5 მმ-მდე და სხვადასხვა სიმაგრის, ზოგი სიფრიფანა და ზოგიც ისეთი მაგარი, რომ ჩაქუჩითაც ძნელად ტყდება. სხვადასხვა კაკლოვნების ნაყოფებთან შედარებით, გარჩეულ ნუშზე 21-ე საუკუნის დასაწყისიდან საერთაშორისო ფასები განსაკუთრებით გაიზარდა, მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის მოსავლიანი წლებისა და დონისა. ნუშის საქართველოდან ექსპორტისათვის საჭიროა პროდუქციას ჰქონდეს საერთაშორისო სერთიფიკატი Global GAP.

ნუშის ხე ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, ზრდასრული ხის ფესვები დაახლოებით 6 მეტრამდე ჩადის ნიადაგში და ვრცელდება ჰორიზონტალურადაც. ფესვის განვითარების ასეთი სიღრმე და სიგანე ნუშს საშუალებას აძლევს გამოიყენოს საკვები ელემენტების და წყლის ის უმცირესი მარაგიც კი, რომელიც სხვა მსგავსი კულტურებისათვის შესაძლოა მიუწვდომელი იყოს. ამ მხრივ ის ძალიან გავს ფსტას, რომელიც ანალოგიურ ფესვთა სისტემას ივითარებს. ეს თვისება მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ კულტურების გვალვაგამძლეობას. ნუში კარგად ვითარდება კირით მდიდარ ნიადაგებზე, ასევე კარგად ვითარდედა მცირედ დამლაშებულ ნიადაგებზეც, რამაც განაპირობა მისი ალაზნის ველზე გავრცელება.

ნუშის თავისებურებას წარმოადგენს მისი ძალზე ადრეული ყვავილობა, რაც დაკავშირებულია მისი მოკლე ბუნებრივი დასვენების პერიოდთან. რეგენერაცია და ყვავილობა ხშირ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს, ყვაილობის პერიოდიც გახანგრძლივებულია და 2 კვირამდე გრძელდება. ამიტომ ნუში ითვლება შედარებით ყინვაგამძლე მცენარედ, რადგან მას შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის ხანმოკლე დაცემა მინუს 250C გრადუსამდე.

ნუშის ჯიშების უმეტესობა თვითსტერილურია და ჯვარედინ დამტვერიანებას მოითხოვენ. ამიტომ ნუშის პლანტაციის გაშენებისას საჭიროა მეხუთედი ნერგებისა დაირგოს სხვა ჯიშის, როგორც ეს თხილის შემთხვევაში ხდება. სავეგეტაციო პერიოდი 200 დღემდე გრძელდება.

ნუშის თესლნერგები მსხმოიარობაში შედის დარგვიდან 4-5 წელიწადში, ხოლო ნამყენი ნერგები მე-3 წლიდან. 15 წლიანი ნუშის ხე, ნორმალური განვითარების შემთხვევაში შედის სრულ მსხმოიარობაში, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გრძელდება. 30-40 წლის შემდეგ ხეები იწყებენ მოსავლიანობის კლებას და შემდგომი 60 წელი დაბალ მოსავალს იძლევიან. საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში ვხვდებით საუკუნოვან ნუშის ხეებს.

შემდგენელი : ავთანდილ კორახაშვილი
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

იხილეთ: ნუში – გამრავლება, ბაღის გაშენება, ტექნოლოგიური რუკა

თქვენი რეკლამა