მარწყვი — როგორ შევარჩიოთ ნაკვეთი მარწყვის დასარგავად

1733 Views Comment Off

მარწყვის გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება.

ესენია:

  • ნიადაგის ტიპი და ნაყოფიერება;
  • pH-ის დონე;
  • დრენაჟი;
  • ქარისგან დაცვა;
  • მზის სინათლე;
  • წყლის ხელმისაწვდომობა;
  • მოცემულ ადგილას მანამდე დარგული კულტურები.

მარწყვის გასაშენებლად უნდა შეირჩეს მზიანი ადგილი. მარწყვი არ უნდა დაირგას ხეების რიგების გასწვრივ ან შენობების ჩრდილში. ნაკვეთზე უნდა იყოს სათანადო აერაცია.

მიზანშეწონილი არ არის მარწყვის გაშენება ჩავარდნილ ტაფობებიან ნაკვეთზე, რათა არ ჩადგეს ნიადაგში ცივი ჰაერი და მარწყვი ყინვისგან არ დაზიანდეს.

უნდა მოერიდოთ ნიადაგს, სადაც მანამდე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის კულტურები (პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა, ბადრიჯანი) ან მარწყვი იყო გაშენებული.

ეს ნიადაგი შეიძლება შეიცავდეს ვერტიცილიური ჭკნობის დაავადების გამომწვევ ორგანიზმს, რომელსაც შეუძლია ნიადაგში მრავალი წლის განმავლობაში არსებობა და რომლის მიმართ მარწყვი ძალიან მგრძნობიარეა. ასეთ ადგილებზე მარწყვის გაშენებისას ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგის ფუმიგაცია.

ასევე არ არის რეკომენდებული მარწყვის გაშენება ისეთ ადგილებში, რომლებიც მანამდე საძოვრად გამოიყენებოდა.

ვინაიდან, ასეთი ნიადაგი, როგორც წესი, შეიცავს დიდი რაოდენობით ღრაჭებს, რომლებიც იკვებებიან მარწყვის ფესვებით. ამასთან, ადრე საძოვრებად გამოყენებულ ადგილებზე ხშირად მრავალწლიანი სარეველებია გავრცელებული.

ასეთ ადგილებზე მარწყვის გაშენება უნდა გადაიდოს მინიმუმ 1 წლით, ღრაჭების პოპულაციების შესამცირებლად და მრავალწლიანი სარეველების კონტროლის მისაღწევად.

ნიადაგის pH-ის მაჩვენებელი დიდ მნიშვნელობას ახდენს მარწყვის საკვები ელემენტებით მომარაგებასა და სიძლიერეზე.

მარწყვის ფესვთა ზონისთვის pH-ის ოპტიმალური მაჩვენებელია 6.5±0.5.

pH-ის ამ ზღვრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული დონე უარყოფითად აისახება მცენარის სიძლიერეზე. ნიადაგის ოპტიმალური pH დონის პირობებში შეიქმნება ისეთი გარემო, რომელშიც მარწყვის ფესვები შეძლებენ ელემენტების სათანადოდ შეთვისებას.

მარწყვი უნდა დაირგას კარგი დრენაჟის მქონე, ნაყოფიერ და ორგანული ელემენტების მაღალი შემცველობის (2-4%) მქონე ნიადაგში.

წყლის დაწრეტა მარწყვის გასაშენებელი ნაკვეთის შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან მარწყვის ფესვთა სისტემა შეიძლება რამდენიმე სახის სოკოვანი ლპობის დაავადებით დაზიანდეს. არასასურველია ცუდი დრენაჟის მქონე შეუღწევი შრის მქონე ნაკვეთები.

არსებობს მარწყვის გასაშენებლად ნაკვეთზე წყლის დაწრეტის შემოწმების მარტივი მეთოდი. გაზაფხულის დასაწყისში, როდესაც ნიადაგი წყლითაა გაჯერებული, მაგრამ არ არის გაყინული, დასარგვავ ფართობზე უნდა ამოიღოთ რამდენიმე ორმო, 75 სმ სიღრმის და 15 სმ სიგანის.

ამოღებულ ხვრელში უნდა ჩაისხას, დაახლოებით, 20 ლიტრი წყალი და ერთი საათის შემდეგ შემოწმდეს. თუ ხვრელის ძირში წყალი არ გაიწოვა, ნიადაგი, სავარაუდოდ, არასაკმარისად იწრიტება და მეტისმეტად ტენიანია მარწყვის ოპტიმალური რაოდენობით მოსაყვანად.

მარწყვი უნდა დაირგას სწორ ან ოდნავ დაქანებულ ნაკვეთზე. ძალიან მნიშვნელოვანია ნარგავების გარშემო ჰაერის სათანადო მოძრაობა. ჰაერის მოძრაობა ამცირებს ტენიანობას მცენარეების გარშემო და ხელს უშლის ფოთლების დაავადების განვითარებისთის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

ამას გარდა, ჰაერის მოძრაობა ამცირებს გაზაფხულზე მცენარეების მოყინვის საფრთხეს. როდესაც მცენარეები დარგულია შედარებით მაღალ, დაქანებულ ნაკვეთზე, ცივი ჰაერი მიემართება ქვევით, ნაკვეთის ყველაზე დაბალ შესაძლო წერტილში.

იმის გამო, რომ ცივი ჰაერი დაგუბდება ყველაზე დაბალ წერტილში, ჰაერის სათანადო მოძრაობის პირობებში ნაკლებ სავარაუდოა გვიანი გაზაფხულის ყინვებით ნარგავების დაზიანება. მეორე მხრივ, საჭიროა მარწყვის დაცვა ძლიერი ქარისგან, რომელიც ამცირებს მცენარეთა სიძლიერეს.

ასევე, გასათვალისწინებელია ნარგავების განლაგების ექსპოზიცია. მარწყვისთვის, საზოგადოდ, უფრო ხელსაყრელია დაცული ჩრდილოეთის ფერდობები ქვეყნის შედარებით გრილ მხარეებში.

შიდა ქართლში შეიძლება სამხრეთი ფერდობების გამოყენება, თუმცა ზამთარში დღის განმავლობაში მცენარეების ტემპერატურა შეიძლება მაღალი იყოს. იანვარ-თებერვლის პერიოდში არა ერთი თბილი დღის გამო შეიძლება კვირტების ზრდის სტიმულირება, შემდეგ კი აქტიურ ცივ პერიოდში კვირტები შეიძლება დაზიანდეს მოყინვით, თუ მარწყვი სათანადოდ არ დაიფარა.

მეორე მხრივ, სამეგრელოს შედარებით თბილი პირობები და სამხრეთი ფერდობები შეიძლება ხელსაყრელი იყოს მარწყვის გასაშენებლად ზამთრის პერიოდში, შესაბამისი მეთოდების გამოყენებითა და სათანადო კულტივარების დარგვით.

ავტორი: დევიდ პიჩა
წყარო: მარწყვის ბაღის გაშენება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB