Wine Spectator Top 100-2014-ის პირველი ათი ღვინის დახასიათება

144 Views Comment Off

1988 წლიდან მოყოლებული, ჟურნალი Wine Spectator ასახელებს წლის 100 საუკეთესო ღვინოს. ჟურნალის რედაქტორები, მთელი წლის განმავლობაში, ათასობით ღვინიდან არჩევენ საუკეთესო ნიმუშებს და სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, შესაბამის ქულებს ანიჭებენ მათ.

2014 წლის 100 საუკეთესო ღვინის გამოსავლენად 15 ქვეყნის მიერ წარმოებული დაახლოებით 18 000 ღვინის ნიმუში გაისინჯა. ღვინოები შეფასდა 100-ქულიანი სისტემით, მათი ხარისხის, ფასისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. საერთო ჯამში, წლის საუკეთესო ასეულში მოხვედრილ ღვინოთა საშუალო ქულა 93-ია, ხოლო ფასი — 47 დოლარი. წარმოგიდგენთ Wine Spectator-ის 2014 წლის საუკეთესო ასი ღვინიდან პირველი ათეულის დახასიათებას.

1. Dow’s, Vintage Port, 2011      

ქულა 99, ფასი 82$, წარმოებულია 5 000 ყუთი

სიის პირველი ადგილის მფლობელი ღვინო პორტუგალიაში, Douro River Valley-ს სოფელ Pinhão-შია დაყენებული. ეს ადგილები ცნობილია შესანიშნავი ვენახებით, რომლებიც კლდოვან ტერასებზეა გაშენებული. ღვინის მწარმოებელია სიმინგტონების ოჯახი, რომლებიც ამ საქმიანობას 1882 წლიდან მოყოლებული მისდევენ. სიმინგტონების ოჯახი დუროში ყველაზე დიდი — 2 400 აკრზე გაშენებული ვენახის მფლობელია. დურო შემაგრებეული სადესერტო ღვინის — პორტოს — სამშობლოა. ხალისიანმა და არომატულმა პორტომ, ბოლო წლებში, დაკარგა პოპულარობა.

2011 წლის შესანიშნავმა მოსავალმა, რომელსაც ბოლო 50 წლის საუკეთესო წელი უწოდეს, მისი დიდება აღადგინა, რადგან ღვინო კვლავინდებურად ხილის არომატებით მდიდარი, ცოცხალი და დაბალანსებული დადგა. ბოთლებში ჩამოსხმამდე ღვინო 18 თვის განმავლობაში მუხის კასრებში ინახებოდა. ხასიათდება შავი ქლიავის, მწიფე ალუბლის, ჟოლოს, შოკოლადისა და აღმოსავლური სანელებლების გამოკვეთილი არომატით და ძალზე ხანგრძლივი დაბოლოებით. ღვინოს აქვს დაძველების შესანიშნავი პოტენციალი. სპეციალისტთა აზრით, მისი გახსნა და დალევა უმჯობესი იქნება 2030-2060 წლებში, როცა ღვინო კიდევ უფრო დაძველდება და გამდიდრდება არომატებით. წარმოებული 5000 ყუთიდან 2000 აშშ-შია ექსპორტირებული.

2. Mollydooker, Shiraz McLaren Vale Carnival of Love, 2012

ქულა 95, ფასი 75$, წარმოებულია 4 729 ყუთი

ესაა ავსტრალიაში, მაკლარენის რეგიონში მოწეული შირაზის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო. კომპანიის მფლობელები არიან სპარკ და სარა მარკიზები. ენაზე შეხებისთანავე იგრძნობა ღვინის სხეულიანობა და პირველივე ყლუპიდან ნათლად იკვეთება წითელი კენკრის, მწიფე ალუბლის, დარიჩინის არომატები. ღვინო ამერიკული მუხის კასრებშია დავარგებული და ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ ეს ღვინო უკვე მეექვსედ მოხვდა საუკეთესო ასეულში და მესამედ — ათეულში. მის დალევას სპეციალისტები 2022 წლის ჩათვლით გვირჩევენ.

3. Prats & Symington, Douro Chryseia, 2011

ქულა 97, ფასი 55$, წარმოებულია 2 400 ყუთი

ეს ღვინოც, სიის პირველი ადგილის მფლობელი ღვინის მსგავსად, პორტუგალიაში, დუროს რეგიონშია წარმოებული. მისი ისტორია 1998 წლიდან იწყება, როცა სემინგტონების ოჯახის პარტნიორმა ბრუნო პრატსმა უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინის წარმოება გადაწყვიტა. ღვინო ახალ ფრანგულ კასრებშია დავარგებული და შესანიშნავი ლალისფერი შეფერილობა აქვს. შავი ქლიავის, ჟოლოს, წითელი კენკრის, შოკოლადისა და შავი ზეთისხილის ნოტებით ხასიათდება, დაბოლოებაში კი თეთრი პილპილის ნოტები გამოსჭვივის. საუკეთესო დასალევი იქნება 2016-2022 წლებში.

4. Quinta Do Vale Meão, Douro, 2011

ქულა 97, ფასი 76$, წარმოებულია 2300 ყუთი

პორტუგალიაში, დუროს რეგიონში წარმოებული ღვინოა. მეღვინე ფრანცისკო ოლაზაბალმა ტრადიციული პორტუგალიური ჯიშების (Touriga Nacional, Touriga Franca, Tinta Barroca, Tinta Roriz) შესანიშნავი შეხამების შედეგად მიიღო მკვეთრი ლალისფერი შეფერილობის ღვინო, რომელიც წითელი ხილის, ნაღების და სანელებლების არომატით გამოირჩევა. დაბოლოებაში იკვეთება მინერალების და თეთრი პილპილის ნოტები. საუკეთესო დასალევი იქნება 2015-2022 წლებში.

5.  Leeuwin, Chardonnay Margaret River Art Series, 2011

ქულა 96, ფასი 89$, წარმოებულია 600 ყუთი

დასავლეთ ავსტრალიაში, შარდონეს ჯიშის ყურძნისგან დაყენებული კლასიკური ღვინოა. 2011 წლის შესანიშნავი ვინტაჟის წყალობით, მეღვინე პოლ ეტვუდმა მდიდარი, კომპლექსური არომატებით გაჯერებული, დელიკატური მჟავიანობის, დაბალანსებული ღვინო მიიღო. ღვინო ტროპიკული ხილის არომატებით გამოირჩევა, იკვეთება მსხლის, მანგოს, ყვავილების და სანელებლების სურნელი. სასიამოვნო, ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. საუკეთეო ფორმაში იქნება 2025 წლამდე.

6. Castello di Ama, Chianti Classico San Lorenzo Gran Selezione, 2010

ქულა 95, ფასი 52 $, წარმოებულია 8 000 ყუთი

მეღვინე მარკო პალანტის მიერ იტალიაში, ტოსკანაში დაყენებული კიანტი კლასიკოა. შესანიშნავი წითელი ფერით გამორჩეული ღვინოა, რომელშიც საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს სხეულიანობა და ელეგანტურობა. ღვინო სანჯოვეზეს, მალვაზია ნერასა და მერლოს ჯიშის ყურძნიდანაა დაყენებული და ველური ალუბლის, მარწყვის, ვარდის, ხის ნოტებით ხასიათდება. დაბოლოება ხანგრძლივი აქვს, თუმცა ტანინები შედარებით გვიან იგრძნობა. საუკეთესო დასალევი იქნება 2017-2030 წლებში.

7.  Clos des Papes, Châteauneuf-du-Pape, 2012

ქულა 97, ფასი 135 $, წარმოებულია 6 000 ყუთი

საფრანგეთში, მდინარე რონის სამხრეთ რეგიონში დაყენებული ღვინოა. მწარმოებელი ვინსენტ ავრილი ორგანული მეურნეობის მიმდევარია. ის  ღვინის დასავარგებლად არასოდეს იყენებს ახალ კასრებს. აღნიშნული ღვინო გრენაშის, მურვედრისა და სირას ჯიშის ყურძნისგანაა მიღებული. გადამწიფებული შავი მოცხარის, ალუბლისა და ქლიავის ნოტებით ხასიათდება, აშკარად გამოსჭვივის ნაღებისა და შოკოლადის მინანქრის, აგრეთვე ვაშლის ხის დამწვარი მერქნის არომატი. სხეულიანი, მომრგვალებული ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით. საუკეთესო დასალევი იქნება 2017-2030 წლებში.

8. Brewer-Clifton, Pinot Noir Sta. Rita Hills, 2012

ქულა 94, ფასი 40 $, წარმოებულია 1 226 ყუთი

კალიფორნიაში, სანტა ბარბარას რეგიონში წარმოებული ღვინოა. გრეგ ბრევერი და სტივ კლიფტონი უკვე 20 წელია მეღვინეობას მისდევენ და შესანიშნავი შედეგებიც აქვთ. მათი ტანინიანი ღვინო ველური კენკრის არომატებით ხასიათდება, გამოკვეთილია აგრეთვე ბროწეულის, ლავანდის, შავი ჩაისა და პიტნის ნოტები. საუკეთესო ფორმაში იქნება 2023 წლამდე.

9. Concha y Toro, Cabernet Sauvignon Puente Alto Don Melchor, 2010

ქულა, 95 ფასი 125 $, წარმოებულია 10 100 ყუთი

სახელგანთქმული ჩილიური კომპანიის ღვინო პუენტე ალტოს აპელასიონიდან. 2010 წელი ჩვეულებრივზე გრილი აღმოჩნდა, მაგრამ მეღვინე ენრიკე ტირადომ შეძლო და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნიდან, 3% კაბერნე ფრანის შერევით და ფრანგული მუხის კასრებში 15-თვიანი დავარგებით, შესანიშნავი ღვინო დააყენა. ელეგანტური, აბრეშუმისებრი ტანინებით გამორჩეული ღვინო მწიფე ქლიავისა და დაჭყლეტილი ალუბლის ტონებით ხასიათდება. იკვეთება აგრეთვე ნაღებისა და პაპრიკის არომატები, დაბოლოებაში კი კაკაოს ნოტები გამოსჭვივის. საუკეთესო დასალევი იქნება 2020 წლამდე.

10. Château Léoville Las Cases, St.-Julien, 2011

ქულა 95, ფასი 165 $, წარმოებულია 8 330 ყუთი

ფრანგული ღვინო ბორდოს რეგიონიდან. უკანასკნელი 10 ვინტაჟიდან 7-ჯერ დაიმსახურა 95 ქულა. ღვინო 76 % კაბერნე სოვინიონის, 12-12 % მერლოსა და კაბერნე ფრანის ნაზავია. დაჭყლეტილი ქლიავისა და მაყვლის კონფიტიურის ნოტებით გამოირჩევა და დაბალანსებული მჟავიანობით ხასიათდება. საუკეთესო ფორმაში იქნება 2018-2030 წლებში.

© ღვინის კლუბი /Weekend

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB