ვიტამინები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები

ვიტამინები

ვიტამინები ის ნივთიერებებია, რომლებიც პირველხარისხოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა ცვლაში, უნარჩუნებენ ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ, ენდოკრინულ სისტემებსა და სისხლწარმომქნელ ორგანოებს, აძლიერებენ ორგანიზმის მდგრადობას ინფექციურ დაავადებათა მიმართ.

ვიტამინების უკმარისობა ასუსტებს ორგანიზმს და ანვითარებს დაავადებებს – ჰიპო და ავიტამინოზებს. მცენარეული პროდუქტები შეიცავენ ადამიანისთვის აუცილებელი ვიტამინების უმეტესობას. ცნობილია 30-მდე სახის ვიტამინი.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი ვიტამინები:

ვიტამინი A (რეტინოლი) საჭიროა კანის, თვალის, ღვიძლის, ინფექციური დაავადებების, ჩიყვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების დროს.

ამ ვიტამინზე სადღეღამისო მოთხოვნილებაა 1,5 მგ. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ცხოველური პროდუქტები – თევზის ქონი, ღვიძლი, რძის პროდუქტები და სხვა.

მცენარეულ პროდუქტებში – A ვიტამინი არ არის, მაგრამ არის პიგმენტი კაროტინი, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად.

კაროტინი (პროვიტამინი A) 3-ჯერ სუსტია ვიტამინ A-ზე. კაროტინით მდიდარი პროდუქტებია: სტაფილო, წითელი წიწაკა, პამიდორი, ოხრახუში, სალათა, ისპანახი, მწვანე ხახვი, ატამი, გარგარი, ასკილი, ცირცელი, ქაცვი და სხვა.

ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინის რეზერვი შეიძლება 2-3 წელიწადში დაიხარჯოს, ამ ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეჩერება, გამოფიტვა, ნერვული სისტემის დარღვევა, კანის გარქოვანება,

ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება, A-ვიტამინის უკმარისობის სერიოზული გამოვლინებაა ჰემეროლოპია – „ქათმის სიბრმავე“, რომელიც გამოიხატება მხედველობის დაქვეითებით, განსაკუთრებით ბინდში და სიბნელეში.

სამკურნალო საშუალებად A ვიტამინს იყენებენ კანის, თვალის, ღვიძლის, ინფექციური დაავადებების, ჩიყვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების დროს.

ვიტამინი B1 (თიამინი, ანევრინი) მცირე რაოდენობით გვხვდება ბევრ მცენარეში, მაგრამ ამ ვიტამინით მდიდარია ხორბლის ჩანასახი, ბრინჯის ქატო, შვრია, წიწიბურას ბურღული, მიწის თხილი, მწვანე ბარდა. ბევრია ღორის ხორცში.

ამ ვიტამინზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილებაა 2-3 მგ. B1 ვიტამინი არ გროვდება ორგანიზმში, იგი საკვებთან ერთად უნდა რეგულარულად შედიოდეს ორგანიზმში, გაძლიერებული ფიზიკური მუშაობის, ძლიერი სიცხის დროს B1 ვიტამინზე მოთხოვნილება იზრდება.

ვიტამინი – B1 ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას, აწესრიგებს კუჭის პერისტალტიკასა და კუჭის წვენის მჟავიანობას, მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციაზე.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) არის სოკოში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, მიწის თხილში და სხვა. ამ ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია მწვანე ბარდა, წიწიბურა, ხორცი, ღვიძლი, თირკმელები, რძე, კვერცხი, მასზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილებაა 3,5 მგ.

B2 ვიტამინის უკმარისობის დროს ადამიანს ეწყება ტუჩების, პირის ლორწოვანი გარსისა და ენის ანთება, ენა წითლდება და სივდება, პირის კუთხეებში ჩნდება ნაოჭები და წყლულები, ჩნდება სახისა და მკერდის დერმატიტის, ქუთუთოების ლორწოვანი გარსისა და რქოვანას ანთება ცრემლდენითა და წვენით, ქვეითდება მადაც, B2 ვიტამინი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი, გულის, ენდოკრინული სისტემების, კანის, თვალისა და ინფექციური დაავადებების დროს.

ვიტამინი B3 (პანთოთენმჟავა) გვხვდება ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში. ეს ვიტამინი აუცილებელია ნივთიერებათა ნორმალური ცვლისათვის, გავლენას ახდენს ჟანგვით პროცესებზე, ხელს უწყობს ეპიდერმული ქსოვილების ზრდას.

ვიტამინი B3-ით მდიდარია კაკალი, კარტოფილი, პარკოსანი და მარცვლოვანი მცენარეები. ადამიანის დღიური ნორმაა 10 მგ.

ვიტამინი B6 (პიროდიქსინი) მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ბევრ ცხოველურ პროდუქტში და უმნიშვნელო რაოდენობით მცენარეებში (პარკოსნები, მარცვლოვნები, ბოსტნეული, ხილი და სხვა). მისი წყაროა ლუდის საფუარა ხორბალი, ქერი, ფეტვი, სიმინდი, ბარდა, ლობიო. განსაკუთრებით ბევრია იგი ბანანში.

მოზრდილმა ადამიანმა იგი უნდა მიიღოს დღეში 2 მგ. ეს ვიტამინი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას, ბუნებრივი იმუნიტეტის განვითარებას, ნაღვლის გამოყოფასა და კუჭის მჟავის წარმომქმნელ ფუნქციას.

B6 ვიტამინს წარმატებით იყენებენ ათეროსკლეროზის ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭის დაავადებების, ტუბერკულოზის მკურნალობისას.

ვიტამინი D (კალციფეროლი) – უმთავრესად კანში წარმოიქმნება მზის სხივების გავლენით. მოიპოვება საკვებშიც: რძესა და რძის ნაწარმში, თევზის ქონში, კვერცხის გულში.

ვიტამინის წინამორბედი (პროვიტამინი) ნაწილობრივ საკვების სახით ხვდება ორგანიზმში, ნაწილობრივ კი ორგანიზმშივე არსებული ქოლესტერინისგან წარმოიქმნება.

ვიტამინი D არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში და მისი მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა არის სოკოსა და ზოგიერთ მცენარეში. მას აქვს ანტირაქიტული თვისებები. ამ ვიტამინის უკმარისობა ბავშვებში იწვევს რაქიტს. მათში შეიმჩნევა კბილებისა და ფრჩხილების განვითარების შეფერხება, კუნთების მოდუნება და ამასთან დაკავშირებული მუცლის ზრდა.

ვიტამინი E (ტოკოფეროლი). ამ ვიტამინის საუკეთესო წყაროა მწვანე ცერცვი, მწვანე ბარდა, სალათა, შვრია, ხორბალი და სიმინდი. დიდი რაოდენობითაა მცენარეულ ზეთებში.

დღეღამეში მოზრდილ ადამიანს სჭირდება 20-30 მგ. ეს ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში. იგი აუმჯობესებს A ვიტამინის შეწოვასა და ათვისებას. ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას.

ის, როგორც სამკურნალო საშუალება გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად ნერვული და კუნთოვანი სისტემის დაავადების, თრომბოფლებიტის, ტროპიკული წლულების, ღვიძლის კანის, თვალების დაავადების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის დროს და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლილობისას.

ვიტამინი H (ბიოტინი) არის ბარდაში, სოიაში, ცერცვსა და ყვავილოვან კომბოსტოში, ხახვში, სოკოში, ხორბლის ფქვილსა და სხვა პროდუქტებში. განსაკუთრებით ბევრია ქათმის კვერცხის გულში, ძროხისა და ღორის თირკმელებსა და გულში.

ვიტამინი K (ფილოქინონი) არის ისეთ მცენარეულ პროდუქტებში, როგორიცაა ისპანახი, პომიდორი, მწვანე ბარდა, სტაფილო, ოხრახუში, პარკოსნები, მარცვლეული, კენკრა.

K ვიტამინი აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისათვის, იგი მონაწილეობს ღვიძლში პროთრომბინის წარმოქმნაში.

ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს კანქვეშ და კუნთებში მცირე სისხლჩაქცევებს, ტრავმების დროს კი სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენას, გარდა ამისა, K ვიტამინი აძლიერებს კუნთების კუმშვას, კუჭისა და ნაწლავის პერისტალტიკას, მონაწილეობას იღებს ყველა უჯრედის სუნთქვაში.

ამ ვიტამინს გამოიმუშავებენ ნაწლავში „სასარგებლო ბაქტერიები“.

ვიტამინი P (რუტინი) არის ბოსტნეულში, კენკრაში, ციტრუსებსა და ჩაიში. მას უნიშნავენ დიათეზის, რევმატიზმის, ჰიპერტონიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თვალისა და კანის ზოგიერთი დაავადების დროს.

ვიტამინი PP (ნიკოტინმჟავა) არის ბევრ მარცვლეულში, პარკოსნებში, ხილსა და ბოსტნეულში. უფრო მეტია ცხოველურ პროდუქტებში.

ამ ვიტამინზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილებაა 15-20 მგ. იგი შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ჟანგვით პროცესებში. ნიკოტინმჟავას ნაკლებობა იწვევს მადის დაქვეითებას, ტკივილებს კუჭის არეში, იწყება გულისრევა, ფაღარათი, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება.

PP ვიტამინს იყენებენ ათეროსკლეროზის, გულსისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ნერვული სისტემის, თვალის დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

ვიტამინი C (ასკორბინმჟავა) არის შავ მოცხარში, ასკილში, ცირცელსა და ქაცვში, ხურტკმელში, მარწყვსა და ფორთოხალში, ლიმონსა და ბევრ სხვა კენკროვანსა და ხილში.

ბოსტნეულიდან C ვიტამინით მდიდარია მწვანე და წითელი წიწაკა, მწვანე ხახვი, პირშუშხა, ოხრახუში, კამა, ისპანახი, პომიდორი და ზოგიერთი სხვა მცენარე.

მოზრდილ ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში ესაჭიროება 70 მგ C ვიტამინი. მძიმე ფიზიკური შრომის, ფეხმძიმობის დროს და მეძუძური ქალებისათვის ეს დოზა იზრდება 100-120 მგ-მდე. C ვიტამინი უზრუნ- ველყოფს კაპილარების ნორმალურ გამტარობას, ამაღლებს სისხლძარღვთა ელასტიურობასა და სიმტკიცეს.

იგი აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური დაავადებებისადმი, ხელს უწყობს კალციუმის შეთვისებას. C ვიტამინის ქრონიკულმა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს სურავანდი.

ვიტამინი F შედის საკვებ ზეთებსა (მზესუმზირის, სიმინდის, კაკლის, სოიას, ზეთისხილის) და ცხოველურ ცხიმებში.

ამ ვიტამინზე სადღეღამისო მოთხოვნილება მოზრდილი ადამიანისათვის არის 1-2 გ. F ვიტა-მინი ხელს უწყობს ცხიმების ათვისებას. მონაწილეობს კანის ცხიმოვან ცვლაში. გავლენას ახდენს ლაქტაციასა და გამრავლების პროცესებზე, გადააქვს ქოლესტერინი ხსნად ნაერთებში და ამით აადვილებს მის გამოყოფას. ამიტომ ამ ვიტამინს იყენებენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

იყენებენ აგრეთვე კანის ზოგიერთი დაავადების მკურნალობის დროს (ეგზემა, წყლულოვანი დაზიანებები და სხვა).

ვიტამინი U არის კომბოსტოსა და ბევრ სხვა ბოსტნეულში. აქვს წყლულის საწინააღმდეგო თვისება. არეგულირმებს ცხიმოვან ცვლას. ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ. თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თვალისა და კანის ზოგიერთი დაავადების დროს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი
ავტორ-შემდგენლები: აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები – ლიანა ჯიქია, რაისა ქარაია, ვანო პაპუნიძე, ვლადიმერ უგულავა, ტრისტან ჯობავა, ნონა მიქაია.

*მცენარეები სამკურნალოდ გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: სამკურნალო მცენარეები

თქვენი რეკლამა