ვის შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროლიზინგით

1197 Views

შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა).

1. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროლიზინგით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ლიზინგის გამცემის მიერ ასეთი ტიპის ლიზინგის გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

2. ამ კომპონენტით ისარგებლებენ ის სასოფლო–სამეურნეო საწარმოები, რომლებიც გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს.

3. ამ კომპონენტით გათვალისწინებულია ახალი და არსებული სასოფლო–სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება, მათ შორის:

ა) გადამამუშავებელი საწარმოები:

ა.ა) ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

ა.ბ) ალკოჰოლური სასმელების წარმოება (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე);

ა.გ) ჩაის, დაფნის წარმოება და დაფასოება;

ა.დ) ხილის, ბოსტნეულის და კენკროვნების გადამუშავება;

ა.ე) ციტრუსის გადამუშავება;

ა.ვ) კაკლისა და თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

ა.ზ) მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე) წარმოება;

ა.თ) მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე);

ა.ი) თამბაქოს წარმოება;

ა.კ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ა.ლ) სასაკლაოს მოწყობა (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე);

ა.მ) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

ა.ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება;

ა.ო) მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა), მხოლოდ საგრანტო პროექტის ფარგლებში გაცემული აგროლიზინგის შემთხვევაში;

ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე):

ბ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

ბ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;

ბ.დ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;

ბ.ე) ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

ბ.ვ) ქვევრების წარმოება ღვინისთვის.

გ) პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოები (არ ვრცელდება საგრანტო პროექტის ფარგლებში გასაცემ აგროლიზინგზე):

გ.ა) მეცხოველეობის ფერმა;

გ.ბ) მეფრინველეობის ფერმა;

გ.გ) ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

გ.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

გ.ე) სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;

გ.ვ) თევზის წარმოება;

გ.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

გ.თ) საჩითილეები და სანერგეები;

გ.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.

შეღავათიანი აგრო ლიზინგით შესაძლებელია დაფინანსდეს ლიზინგის გამცემის მიერ:

ა) ახალი და/ან მეორადი მანქანა-დანადგარების იმპორტი;

ბ) საქართველოში უცხოური ან ადგილობრივი წარმოების ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა;

გ) ლიზინგის გამცემის ბალანსზე არსებული მეორადი მანქანა-დანადგარების ლიზინგის მიმღებზე გადაცემა იმ პირობით, რომ ლიზინგის საგანი არ არის შეძენილი ლიზინგის მიმღებისგან ან მასთან დაკავშირებული პირისგან.

4. ამ კომპონენტის ფარგლებში დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის ლიზინგი:

ა) მიწის ლიზინგი;

ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების ლიზინგი;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინის და სხვა), ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანის და სხვა) ლიზინგი;

დ) სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების ლიზინგი;

ე) საოფისე ფართის ლიზინგი.

5. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე ან არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

6. ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 12 000 აშშ დოლარითა და არაუმეტეს 600 000 აშშ დოლარით, ხოლო ლიზინგის მაქსიმალური ვადა – 84 თვით, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 500 000 აშშ დოლარით.

7. შეღავათიანი აგროლიზინგის ერთი პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია გაიცეს რამდენიმე ლიზინგი. აღნიშნულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 12 000 აშშ დოლარი და არაუმეტეს 600 000 აშშ დოლარი, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარი.

8. პროექტის ფარგლებში დასაშვებია ერთ ბენეფიციარზე ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტისა და შეღავათიანი აგროლიზინგის თანადაფინანსება, იმ პირობით, რომ ამგვარი ლიზინგ(ებ)ისა და სესხ(ებ)ის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 600 000 აშშ დოლარს, ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არაუმეტეს 500 000 აშშ დოლარს.

9. ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 15%-ს.

10. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 12%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაუხდის ლიზინგის მიმღებს მის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სალიზინგო საზღაურის გადახდის შემდეგ.

11. შეღავათიანი აგრო ლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი სალიზინგო საზღაურის 4%-ს. ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, შეღავათიანი აგრო ლიზინგის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში – სალიზინგო საზღაურის 2%-ს.

12. ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემისთვის აღნიშნულის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

13. ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია დაარიცხოს ლიზინგის მიმღებს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული სალიზინგო საზღაურის არაუმეტეს 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

14. სალიზინგო საზღაურის გადახდა ხდება ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით.

15. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსებული სალიზინგო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარკვევის მიზნით. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

16. მიზნობრივი თანადაფინანსება ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული სარგებლის 12%–ის ოდენობით, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, გაიცემა მას შემდეგ, რაც ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ხელი მოეწერება ლიზინგის ხელშეკრულებას და ლიზინგის მიმღები განახორციელებს სალიზინგო საზღაურის გადახდას.

17. თუ ლიზინგის გამცემი გადაწყვეტს რომელიმე სალიზინგო პროექტის განხილვას, მას შეუძლია სააგენტოს მიმართოს თხოვნით მიიღოს ინფორმაცია იმის თაობაზე, ხომ არ განიხილება მსგავსი პროექტი სხვა საფინანსო ინსტიტუტის ან ლიზინგის გამცემის მიერ, მაგრამ ამავდროულად, ვალდებულია აცნობოს სააგენტოს თავისი პროექტის შესახებაც. ხოლო საგრანტო პროექტის ფარგლებში ლიზინგის გაცემის შემთხვევაში, არ გასცეს ლიზინგი სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

18. სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება შეწყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის მთლიანი ფასის სრულად გადახდა;

ბ) ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ვადაგადაცილების დროს მიზნობრივი თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის გამოთხოვის შემთხვევაში – წყდება;

გ) ლიზინგის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად იზრდება სააგენტოს მიერ დადგენილი ლიზინგის მაქსიმალური ვადა და/ან მიზნობრივი თანადაფინანსების თანხა.

დ) ლიზინგის გამცემის მიერ დარღვეულ იქნა სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია ლიზინგის გამცემს დააკისროს პირგასამტეხლო და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

ე) საგრანტო პროექტის ფარგლებში აგროლიზინგის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში საწარმოს შეეცვალა პროფილი. პროფილის შენარჩუნება გულისხმობს საგრანტო პროექტის ფარგლებში შესაბამისი ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული საწარმოო გეგმის შესრულებას;

ვ) ლიზინგის გაცემისას დარღვევების დაფიქსირება. ასეთ დროს საფინანსო ინსტიტუტს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
საიტი: apma.ge

0Shares
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB