ჭიაყელების გავლენა ნიადაგის სტრუქტურასა და შედგენილობაზე

ჭიაყელა, წვიმის, ჭია

ჭიაყელების ნაწლავში გავლილი ნიადაგი არამარტო ერევა ერთიმეორეში, არამედ ხარისხობრივადაც იცვლება.

ჩაყლაპული ნიადაგი ჭიაყელების კუჭში ერევა ფოთლებთან და მცენარეულ სხვა ნარჩენებთან და განიცდის ქიმიურ გადამუშავებას ნაწლავების სხვადასხვა ნაწილის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სითხით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ერთგვაროვანი ფაფა.

განვიხილოთ, თუ რა გავლენას ახდენს ჭიაყელა ნაწლავში გავლილი ნიადაგის ჰუმუსის შემცველობაზე. ცნობილია, რომ ჭიაყელების მიერ ნიადაგის ჩაყლაპვისას ჰუმუსის შემცველობა მასში მცირდება, მაგრამ საჭიროა აღინიშნოს, რომ ჭიაყელები იკვებებიან არა მარტო ჰუმუსით, არამედ ნიადაგში მოხვედრილი მცენარის სხვადასხვა გამხმარი ნაწილებით, რომლებიც იფქვება ჭიაყელების ნაწლავში, შემდეგ კი გადამუშავდება ბაქტერიებისა და ბიოაქტიური ნივთიერებების მიერ ჰუმუსად.

აქედან გამომდინარე, ჭიაყელები შეიძლება განიხილებოდენ ერთდროულად ნიადაგის ჰუმუსით გამაღარიბებლებად და გამამდიდრებლებად.

ჭიაყელების მიერ გამოყოფილი გამონაყოფები შეიცავენ უფრო დიდი რაოდენობით ჰუმუსს გადაუმუშავებელ ნიადაგთან შედარებით, რომელშიც ისინი ცხოველქმედებენ, მაგრამ ჭიაყელებს ჰუმუსის წარმოქმნის პროცესში არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან მის წარმოქმნაში მთავარ როლს ასრულებენ ნიადაგის მიკროორგანიზმები.

ჭიაყელები იკვებებიან მცენარის ანარჩენებით, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ ბაქტერიული ლპობის პროცესი, აქედან გამომდინარე ისინი არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ჰუმუსის წარმოქმნის პიონერებად, რადგან მათ მიერ წარმოქმნილი პროდუქტი წარმოადგენს მხოლოდ ნახევარფაბრიკატს.

უფრო მნიშვნელოვანია ჭიაყელების არაპირდაპირი მოქმედება ნიადაგის ორგანულ ნივთიერებებზე. ქიმიური ანალიზით დადგინდა ჭიაყელების, გამონაყოფში ამიაკის, ნიტრატების, ფოსფორმჟავას, კალციუმის და მაგნიუმის დაგროვება.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ჭიაყელების ნაწლავებში კალციუმის დაგროვება ბიოგენური კალციტის სახით. კალციტი არის მინერალი, რომლიც წარმოადგენს ნახშირმჟავა კალციუმის კრისტალებს.

ამ კრისტალების წარმოქმნის ხერხი დაზუსტებული არ არის. მას შეიცავენ ჩამოცვენილი ფოთლები კალციუმის ოქსიდის სახით, რომელიც ჭიაყელას საყლაპავ მილში გარდაიქმნება ნახშირმჟავას მარილებად და განიცდის გადაკრისტალებას. კრისტალური კალციუმის სხვადასხვა მოლეკულები ნაწლავში გადაადგილებისას უერთდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან კომპლექსურ კენჭებს, რომელთა ზომა 1,5 მმ და მეტია.

ცნობილია, რომ მცენარის მკვდარი ნაწილების დაშლისას წარმოიქმნება მჟავები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჭიაყელების გამონაყოფებს ტუტე რეაქცია გააჩნიათ. თითქმის ასეთივე რეაქცია აქვს ნიადაგის ზედა ფენას, რომლის წარმოქმნაში მონაწილეობა მიიღეს ჭიაყელების გამონაყოფებმა. ტყის ნიადაგების ქვედა ფენა შეიძლება უფრო მჟავე აღმოჩნდეს, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ამ ფენებში ჭიაყელების რაოდენობის შემცირებით.

მთავარი როლი ჭიაყელებს ენიჭებათ ნიადაგის მარცვლოვანი სტრუქტურის შექმნაში. ჭიაყელების გამონაყოფების მექანიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ საწყის ნიადაგთან შედარებით ის შეიცავს უფრო დიდი რაოდენობით წვრილი მტვრის ფრაქციას, რომლის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ სტრუქტურული აგრეგატების ხელოვნური დაშლით.

მრავალრიცხოვანი ცდის მონაცემები ამტკიცებენ ნიადაგის წვრილი ფრაქციიდან საკმაოდ მსხვილი ნაწილაკების განუწყვეტლივ წარმოქმნას. ასეთი მსხვილი ნაწილაკის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს მათი მაღალი წყალგამტარობა, ე.ი. მათი უნარი, წინ აღუდგეს წყლით ჩარეცხვას.

საფიქრებელია, რომ ნიადაგის დაშლისადმი გამძლეობას ხელს უწყობს მცენარეთა ფესვთა სისტემის ჩონჩხის არსებობა. ამასთან, ნიადაგის ნაწილაკები ეწებებიან კალციუმის ოქსიდის კრისტალებს და ნახშირმჟავას მარილებს.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ გამონაყოფების მასა ნაკლებია ნიადაგის სხვა ფრაქციების მასაზე. ეს მეტყველებს გამონაყოფების დიდ წყალგამძლეობაზე. წყალმა შეიძლება შეაღწიოს გამონაყოფების შიგნით და იქიდან გამორეცხოს საკვები ელემენტების გარკვეული რაოდენობა, რომლიც გამოიყენება მიკროორგანიზმებისა და მცენარეთა მიერ საკვებად.

გამონაყოფებში ბევრად უფრო მეტი რაოდენობითაა მიკროორგანიზმები, ვიდრე ნიადაგის სხვა ფრაქციებში.

ავტორები: ამირან თხელიძე; თეო ურუშაძე; ზაირა ტყებუჩავა / ბიოჰუმუსი, მისი მნიშვნელობა, დამზადება და გამოყენება მიწათმოქმედებაში/

იხლეთ აგრეთვე: ჭიაყელები და მათი სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა

თქვენი რეკლამა