ჭიაყელები და მათი სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა

ჭიაყელები

ჭიაყელების სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა

ჩვენს პლანეტაზე, მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების გადიდებასთან და მოსახლეობის მიერ მათი მოხმარების ზრდასთან ერთად, რჩება დიდი რაოდენობით ორგანული ნარჩენები, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ეკოსისტემას და წარმოადგენენ გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად წყაროს.

ეს ანარჩენები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და ნაგავსაყრელების დიდ ფართობებს იკავებენ და ლპობის პროცესში ჰაერში გამოყოფენ დიდი რაოდენობით ამიაკს, გოგირდწყალბადს და სხვა არასასიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებებს. აბინძურებენ ნიადაგებს, ჰაერს და გრუნტის წყლებს და მნიშვნელოვან საშიშროებას უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას.

ამ ანარჩენების მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორგანულ სასუქად და შეტანილ იქნას ნიადაგში, მათმა დიდმა ნაწილმა კი შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის ნაყოფიერების სერიოზული დანაკარგი და დაბინძურება.

ამასთან, მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აზოტის წრებრუნვის შეჩერება. მაგრამ თუ მოხერხდება ამ ანარჩენების გადამუშავება, მაშინ ისინი გარდაიქმნებიან შესანიშნავ ბიოსასუქად, რომელიც არავითარ საშიშროებას არ ქმნის ნიადაგში შეტანისას.

სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დარჩენილი ანარჩენების ბიოსასუქად გარდაქმნა შესაძლებელია ნიადაგში მუდმივად მცხოვრები მრავალი, მიწათმოქმედთა უცვლელი დამხმარე ცხოველით, რომელთაგან მთავარია ჭიაყელები.

აქედან გამომდინარე, მიწათმოქმედთა მთავარ ამოცანას წარმოადგენს სასურველი პირობები შევქმნათ ჭიაყელების ცხოველმყოფელობის ამაღლებისა და გამრავლებისათვის, რათა ხელი შევუწყოთ მათ სასარგებლო მოქმედებას. ჭიაყელების მეშვეობით დიდდება ნიადაგში ორგანული ნივთიერების შემცველობა, უმჯობესდება მცენარეთა ზრდა–განვითარება, რაც ხელს უწყობს სტაბილური და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღებას.

ჭიაყელების მიერ გადამუშავებით მიღებულ ძირითად პროდუქტს ბიოჰუმუსი ანუ ჭიაყელების კომპოსტი ეწოდება, რომელიც წარმოადგენს მიკრობიოლოგიურ სასუქს და აჯანმრთელებს ნიადაგს.

ბიოჰუმუსში 4-8 ჯერ მეტია ჰუმუსის შემცველობა ნაკელთან და სხვა კომპოსტებთან შედარებით, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ფერმენტებს, ვიტამინებს, მცენარეთა დაცვის სტიმულატორებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ბიოჰუმუსის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 წელს.

ნაკელისგან განსხვავებით არ არის ინერტული, რის გამოც მცენარე რეაგირებს მისი შეტანისთანავე. მისი გამოყენებისას მცენარის სავეგეტაციო პერიოდი მოკლდება 1,5-3 კვირით. ბიოჰუმუსი არ შეიცავს სარეველების თესლს, არ აქვს სუნი, რის გამოც სასიამოვნოა მისი ხელში დაჭერა. შენახვის პერიოდში შრება, მაგრამ არ კარგავს თავის ხარისხს.

ჭიაყელების გავლენა ნიადაგწარმოქმნის პროცესებზე

ხმელეთის დიდი ნაწილი დაფარულია ნიადაგით, რომლის თვისებებს, კლიმატურ პირობებთან ერთად, განსაზღვრავს მცენარეული საფარი, რომლიც იკვებებიან ნიადაგში არსებული საკვები ელემენტებით. ამ უკანასკნელზე, თავის მხრივ, დამოკიდებულია ფიტოფაგი ცხოველების გავრცელებაც. ამრიგად, ნიადაგი არის სიცოცხლის საფუძველი.

ნაყოფიერი ნიადაგების არსებობა წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებისათვის. მთის ქანებისგან ნიადაგის წარმოქმნა და არსებული ნიადაგების ცვლილება ნიადაგწარმოქმნის პროცესთან ერთად დაიწყო და ამჟამადაც განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

ნიადაგწარმოქმნის პროცესი დამოკიდებულია მზის სხივების მოქმედებაზე, რომლებიც არათანაბრად ათბობენ მთის ქანებს, ატმოსფერულ ჰაერს, წყალს და წარმოადგენენ ამ პროცესის გეოლოგიურ ფაქტორს. შემდგომ ეტაპზე მოქმედებას იწყებენ და თანდათან წინა პლანზე გადაინაცვლებენ ბიოლოგიური ფაქტორები.

კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ნიადაგი წარმოადგენს ორგანული და მინერალური ნივთიერებების და ცოცხალი ორგანიზმების მთლიან კომპლექსს. მასში დასახლებული ორგანიზმების გარეშე, ცალკე აღებული მისი მხოლოდ არაცოცხალი შემადგენელი ნაწილი, უკვე არ წარმოადგენს ნიადაგს.

ჭიაყელების როლი ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებაში, ცნობილი იყო უძველესი დროიდან, მაგრამ ეს საკითხი პირველად ღრმად იქნა გაშუქებული ჩარლზ დარვინის მიერ. ამ საკითხისადმი მიძღვნილი თავის მნიშვნელოვანი გამოკველევებით დარვინი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იშვიათია სახეობები, რომლებიც ნიადაგწარმოქმნის პროცესში ასრულებდნენ ისეთ დიდ როლს, როგორც ჭიაყელები. შემდგომში ჭიაყელების როლი ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებაში უფრო ღრმად იქნა შესწავლილი მრავალი მეცნიერის მიერ.

ამჟამად ჭიაყელების როლი ნიადაგწარმოქმნის პროცესში სპეციალისტების ეჭვს აღარ იწვევს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს სათანადო პოპულარობით ბიოლოგებსა და ნიადაგმცოდნეებს შორის, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან მიწათმოქმედებასთან, მეთესლეობასთან, მეტყევეობასთან.

საკმაოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ ჭიაყელებს გარკვეული ზიანის მიყენება შეუძლიათ მცენარისათვის. საქმე იქამდეც მიდის, რომ ზოგიერთი ფერმერი ბაღ-ბოსტნებში აგროვებს ჭიაყელებს და ანადგურებს მათ.

იმისათვის, რათა გავიგოთ, როგორ მიმდინარეობს ნიადაგწარმოქმნის პროცესი და სწორად შევაფასოთ ჭიაყელების როლი ამ პროცესში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნიადაგწარმოქმნელ სხვა უამრავ ფაქტორთა მოქმედება, რადგან ნიადაგწარმოქმნის პრობლემა წარმოადგენს თანამედროვე ნიადაგმცოდნეობის ძირითად შემადგენელ ნაწილს და რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის სარგებლობს სხვადასხვა მეცნიერების — გეოლოგიის, ბოტანიკის, მიკრობიოლოგიის, ნიადაგის ზოოლოგიისა და სხვა მონაცემებით.

ჭიაყელების გავლენა ნიადაგის აერაციის და წყლის რეჟიმზე

ჭიაყელების მიერ ნიადაგში გაკეთებული ხვრელები ცვლის მათ თვისებებს: რაც მეტი ხვრელი იქნება გაკეთებული ნიადაგში, მით უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება ჰაერის გადანაცვლებისა და წყლის ჩაჟონვისათვის, რომლებიც საჭიროა ნიადაგში ქიმიური პროცესების წარმართვისათვის.

ჰაერი და წყალი კი წარმოადგენს აუცილებელ პირობას ნიადაგის ცოცხალი ორგანიზმების – ბაქტერიების, სოკოების სიცოცხლისათვის, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ უმაღლეს საფეხურზე მყოფი მცენარეების აუცილებელი ქიმიური ნივთიერებებით მომარაგების საქმეში.

ნიადაგის ნეშომპალას შემადგენელობაში შემავალი ნივთიერებები მიკროორგანიზმების მიერ გარდაიქმნებიან ხსნად, მცენარის ფესვთა სისტემისათვის აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და სხვა ელემენტების შესათვისებელ ქიმიურ შენაერთებად. ჰაერს დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგში მიკროორგანიზმების აზოტოვანი შენაერთების წარმოქმნაში.

ამრიგად, ჭიაყელები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ აზოტის წრებრუნვაში, ნიადაგში ჰაერის ცირკულაციის გადიდებასა და მის ღრმა ფენებში ჩაღწევაში. ამას გარდა, ნიადაგში არსებული სხვადასხვა ზომის ხვრელები წარმოადგენენ ძირითად საცხოვრებელ ადგილს ნიადაგში მცხოვრები უხერხემლოებისათვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ როგორც ნეშომპალის წარმოქმნაში, ისე მის შემდგომ გარდაქმნაში.

ჭიაყელებით დასახლებული ნიადაგი დაქსელილია მათ მიერ გაკეთებული ხვრელებით. მარტო ერთ ჭიაყელას შეუძლია ხვრელების მთელი სისტემა შექმნას, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი მიმართულება. ხვრელების კედლები დაფარულია ჭიაყელების მიერ გამოყოფილი ლორწოს ფენით, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან წყლით დაშლას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჭიაყელების ცხოველმყოფელობა უზრუნველყოფს ნიადაგს ნაყოფიერებისათვის აუცილებელი აერაციითა და დრენაჟით. აერაციისა და სათანადო დრენაჟის არმქონე ნიადაგებში ჭიაყელები არ ფიქსირდებიან და აგრონომიული თვალსაზრისით, ძალზე დაბალი ხარისხის არიან, მაგრამ თუ ნიადაგში ცხოველმყოფელობენ ჭიაყელები, მათი ღირებულება კიდევ უფრო იზრდება ჭიაყელების მიერ ნიადაგში გაკეთებული უამრავი ხვრელებით.

ჭიაყელების მიერ გაკეთებული ხვრელების მნიშვნელობა ნიადაგში კიდევ უფრო დიდია გვალვიან რაიონებში, სადაც მცენარეების ფესვთა სისტემას წყლით უზრუნველყოფისათვის ნიადაგის ღრმა ფენებში — 2 მ სიღრმეზე უწევს ჩაღწევა. ეს პროცესი უკეთესად მიმდინარეობს ჭიაყელების მიერ გაკეთებული ხვრელების დახმარებით.

ჭიაყელების მიერ გაკეთებული ხვრელებით ნიადაგის ღრმა ფენებში ხვდება არა მარტო ჰაერი და მცენარის ფესვები, არამედ მიკროორგანიზმები, რომლებიც ხვრელების კედლებზე სახლდებიან და როგორც უკვე ითქვა, განსაკუთრებულ როლს–ასრულებენ ნიადაგწარმოქმნის პროცესში.

ავტორები: ამირან თხელიძე; თეო ურუშაძე; ზაირა ტყებუჩავა / ბიოჰუმუსი, მისი მნიშვნელობა, დამზადება და გამოყენება მიწათმოქმედებაში/

იხილეთ აგრეთვე: ბიოჰუმუსი (ჭიაყელების კომპოსტი) – შესატანი ნორმები, აგროკალენდარი

თქვენი რეკლამა