სოფლის მეურნეობის პროდუქტების შრობის აქტუალური პრობლემები საქართველოში

104 Views

საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მკვეთრი ზრდა.

ამასთან დაკავშირებით აქტუალურია მიღებული მოსავლის მინიმალური დანაკარგებით ათვისება, რისთვისაც საკონსერვო ქარხნების აღორძინებასთან ერთად აუცილებელია ნედლეულის მიმღები (დამამზადებელი) პუნქტების აღჭურვა მაღალმწარმოებლური თანამედროვე საშრობი ტექნიკით.

შრობა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ერთ-ერთი წამყვანი პროცესია, რომელიც ამცირებს ნედლეულის დანაკარგებს და რიგ შემთხვევებში არის გასაშრობი ნედლეულის ხარისხის და სათესლე მასალის აღმოცენების უნარის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

საშრობი ტექნიკის სიმძლავრე და განვითარების დონე საქართველოში არ შეესაბამება სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი მასების შენარჩუნების თანამედროვე მოთხოვნებს. საშრობი პარკის საერთო სიმძლავრე არასაკმარისია. 90-იან წლებში საქართველოს კვების მრეწველობის საკონსერვო ქარხნებსა და „ცეკავშირის” სისტემაში წარმატებით მომუშავე მცირერიცხოვანი კონვეიერული საშრობები თითქმის მთლიანად გამოსულია მწყობრიდან.

ცნობილია, რომ ტენიანი მარცვლეულის შენახვისას მასში აქტიურდება სუნთქვის პროცესი, მიკროორგანიზმების და მავნებლების ცხოველქმედება, ინტენსიურად მიმდინარეობს თვითჩახურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მარცვლეულის მთლიანად გაფუჭება.

აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესანახი მარცვლეულის ტენიანობა არ აღემატებოდეს 14%-ს, მაშინ, როდესაც ხშირ შემთხვევაში აღებული მარცვლოვანი კულტურების ტენიანობა მერყეობს 18_30 %-ის ფარგლებში.

მარცვლეულის შრობა წონასწორულ ტენიანობამდე, შენახვის პროცესში მისი მდგომარეობის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემების და თვითჩახურების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანს დანაკარგებს მარცვლეულის შენახვისას.

უშუალოდ ნედლეულის ბაზასთან ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარების უქონლობა ხელს უშლის მოსავლის სრულ და უდანაკარგებოდ გამოყენებას. საკონსერვო ქარხნებში გამშრალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოების მექანიზებულ ხაზებში ჩართული საშრობის სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს სხვა შუალედური მანქანების (ინსპექცია, რეცხვა, დაჭრა, ბლანშირება და სხვა) სიმძლავრეებს.

გამშრალ ხილსა და ბოსტნეულზე დიდი მოთხოვნაა მასობრივი კვების საწარმოებში, არმიის კვებაში, თვითმოქმედ ტურიზმსა და ტურისტულ ლაშქრობებში, პერსპექტიულია მისი ექსპორტი.

შრობის უახლესი მეთოდების და საშრობების თანამედროვე კონსტრუქციების დანერგვასთან ერთად მნიშვნელოვანია მზის ენერგიის გამოყენება, თუმცა საქართველოს კლიმატური პირობები დიდი რაოდენობით ხილის გასაშრობად შუა აზიის რესპუბლიკების კლიმატურ პირობებთან შედარებით ნაკლებად მისაღებია.

გარდა ამისა, უშუალოდ მზეზე შრობა მოითხოვს მოპირკეთებული მოედნების დიდ ფართს და ძალზე შრომატევადია ნედლეულის ხელით ხშირი გადანიჩბვის აუცილებლობის გამო, თუ აღარაფერს ვიტყვით შრობის სეზონის პერიოდში ხშირ წვიმებზე, რომელთაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენონ წარმოებას. ამიტომ მზეზე შრობა შეიძლება გამოყენებული იქნას შრობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში.

მცირე და საშუალო სიმძლავრის ფერმერულ მეურნეობებში შეიძლება გამოყენებული იქნას ჰელიოსაშრობები, ისინი ხასიათდებიან დაბალი მწარმოებლურობით და ნაკლები ენერგოდანახარჯებით.

მათი უპირატესობა მზეზე შრობასთან შედარებით მდგომარეობს სარეზერვო კალორიფერებით აღჭურვაში, რომელნიც წარმატებით გამოიყენებიან უამინდობისას და გამორიცხავენ ისეთი გასაშრობი ნედლეულის გაფუჭებას, როგორიცაა მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, სანელებელ-არომატული და სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების ბალახოვანი მცენარეები.

მათ აქვთ რთული უჯრედული აგებულება და ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ქიმიური შედგენილობა. ამიტომ, თითოეული ნედლეულისთვის ქიმიური შედგენილობის და დანიშნულების მიხედვით შერჩეული უნდა იქნას შრობის ოპტიმალური პირობები: შრობის მეთოდი, სითბოს წყარო, შრობის რეჟიმი, საშრობი დანადგარის კონსტრუქცია. შრობის ოპტიმალური პირობების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს პროცესის ტექნო-ეკონომიკური მახასიათებლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობაში წარმოებული ნედლეული შეიძლება დაიყოს შემდეგ ძირითად ჯგუფებად:

→ ხილი და ბოსტნეული (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი და სხვა);

→ მარცვლეული კულტურები (ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვა);

→ სანელებელ-არომატული და სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების ნედლეული (ბაღის რეჰანი, კამა, ოხრახუში, ბარამბო, უსუპი და სხვა);

→ გარეული ხილი და კენკრა (მაჟალო, პანტა, ქაცვი, ასკილი და სხვა).

მომავალში პერსპექტიულია აგრეთვე თამბაქოს, ჩაის ფოთლის, ზეთოვანი კულტურების (მზესუმზირა და სხვა) და აბრეშუმის ჭიის პარკის შრობა.

კონკრეტული ნედლეულის შრობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენას საფუძვლად უნდა დაედოს გასაშრობ მასალაში და აორთქლების ზედაპირზე სითბოს და მასის ცვლის პროცესები, ტენის გასაშრობ მასალასთან კავშირის ფორმების გამოკვლევის შედეგები, ნედლეულის ქიმიური შედგენილობა, თბოფიზიკური და სტრუქტურული მახასიათებლები.

აქტუალურია საშრობის მწარმოებლობის გადიდება თბოგამტარის მაქსიმალურად დასაშვები ტემპერატურის დადგენის და შრობის უთანაბრობის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრის გზით.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დიდი ნაწილი წარმატებით მიმდინარეობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.

დამუშავდა სათანადო ნორმატულ-ტექნიკური დოკუმენტაცია და დაინერგა წარმოებაში ვაშლის, (მათ შორის უთესლბუდოდ გამშრალი ვაშლის), კაიფერის თესლნერგის მსხლის, ბადრიჯანის, რეჰანის, ბარამბოს, უსუპის, ნიორის, ქინძის, მწვავე წითელი ჭოტოსანი წიწაკის, ქონდარის, ასკილის, წიწაკის ნახევარფაბრიკატის და სხვათა შრობის რაციონალური ტექნოლოგიები.

ავტორი: ნ. ალხანაშვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი.

იხილეთ აგრეთვე: როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB