შინდის კულტურა და შინდის (სატყეო) ბიზნესის პერსპექტივა

შინდი

დედამიწაზე შინდისებრთა ოჯახიდან აღწერილია 49 სახეობა, ისინი გავრცელებულნი არიან თანაბრად ჩრდილო ამერიკის და ევრაზიის სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის მხოლოდ ერთი სახეობა იზრდება აფრიკაში, კამერუნის მთებში (პ.მ.ჟუკოვსკი, 1971). საქართველოში გავრცელებულია შინდისებრთა ოჯახის ერთი წარმომადგენელი (Cornus mas L.).

შინდის სასარგებლო თვისებები

შინდის ნაყოფი ძვირფასი ნედლეულია მაღალხარისხოვანი მრავალი დასახელების პროდუქტის დასამზადებლად.

შინდის ნაყოფი შეიცავს 10%-მდე შაქარს, 2-3,5% ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (განსაკუთრებით C) და მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (შ.ხიდაშელი, ვ.პაპუნიძე, 1985). შინდის რაყები თავისი ძლიერი ფესვთა სისტემით სხვადასხვა დაქანების ფერდობებზე ასრულებენ ნიადაგდაცვით ფუნქციებს (მ.ზედელაშვილი, 1979).

გამოკვლევებით დადგინდა, რომ შინდის ფოთოლი და ნაზი დუყები პრაქტიკულად შეიცავენ ყველა იმ ბიოლოგიურად აქტიურ და ენერგეტიკულ ელემენტებს, რასაც ნაყოფი.

ჰიპოკრატე ჯერ კიდევ V-IV საუკუნეში ჩვენს ერამდე შინდის ფოთლების, ტოტებისა და ნაყოფის ნაყენს იყენებდა კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ.

ფიტონციდების დიდი შემცველობის გამო, ნაყენი სპობს ტიფის, დიზინტერიის და სხვა დაავადებათა გამომწვევ ბაქტერიებს. იგი რეკომენდებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სისხლნაკლებობისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ.

შინდის ყვავილის სპირტიანი ნაყენი, აგრეთვე კურკის გამონახარში, გამოიყენება ციებ-ცხელების სამკურნალოდ (შ.ჭელიძე და სხვები, 1980).

შინდის გავრცელბის არე

შინდთან დაკავშირებულ კვლევებს ვატარებდით ჩვენს მიერ შემუშავებული და სატყეო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამით და მეთოდიკით.

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც ტარდებოდა წყვეტილებით 1980-1990 წლებში, შესწავლილია შინდის სივრცობრივი გავრცელება, მოსავლის ფორმირების თავისებურებანი, საბურველის გავლენა მსხმოიარობის დინამიკასა და ნაყოფის ხარისხზე, მავნებელ-დაავადებები და ა.შ.

კვლევებით დადგინდა, რომ შინდი საქართველოში გავრცელებულია ქვედა და შუა სარტყელების პირობებში ზღვის დონიდან 1300 მეტრამდე მუხნარების, ჯაგრცხილის, მუხნარ-ჯაგრცხილის კორომებში ქვეტყის სახით. იშვიათად გვხვდება სხვა ფორმაციებში.

აღნიშნულ სიმაღლეზე შინდის ნაყოფი სიმწიფეში ვერ შედის და მწვანე მდგომარეობაში რჩება ბუჩქზე, შემდეგ შავდება და იღუპება.

ამიტომ შინდის ვერტიკალური გავრცელების მალიმიტირებელ ფაქტორად ითვლება სითბური ბარიერი, ანუ სავეგეტაციო პერიოდში აქტიურ ტემპერატურათა ჯამის უკმარისობა (გ.ს.ძებისაშვილი და სხვები, 1989).

მაქსიმალურ წარმადობას შინდი აღწევს ღრმა და საშუალო სიღრმის ღია ადგილებში ზ.დ. 800 მეტრამდე. ასეთ პირობებში მისი სიმაღლე აღწევს 7-8 მეტრს, დიამეტრს ფესვის ყელთან 30- 35სმ, ვარჯის პროექცია 28-32მ2. ასეთი ხეების (ცალკეული) მოსავლიანობა აღწევს 28-32კგ თითო ძირიდან.

ნიადაგი

შინდი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის, კარგი ზრდა-განვითარებით ხასიათდება თხელ ნიადაგებზე და ღორღნარებზეც. იგი გვხვდება დიდი დაქანების ფერდობებზეც (50º). ექსტრემალურ პირობებში შინდის ნაყოფი მთლიანად იღუპება, ხოლო ზედაპირული ფიტომასა სიცოცხლისუნარიანობას არ კარგავს.

ნაყოფმსხმოიარობა

ჩვენს მიერ შესწავლილია გარემო პირობების და უბნების (კორომების) სატაქსაციო მაჩვენებლების გავლენა შინდის მოსავლიანობაზე. ამ მიზნით მუდმივ სანიმუშო ფართობებზე გაანალიზებულია 174 ბუჩქის ნაყოფმსხმოიარობა.

შინდის ბუჩქების საშუალო მოსავლიანობა განათებულ ადგილებში საკმაოდ მაღალია (8,6კგ), საბურველის მაღალი შეკრულობის პირობებში მსხმოიარობა მკვეთრად ეცემა, ხოლო ნაყოფის ხარისხი კარგავს სასაქონლო თვისებებს.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი მონაცემებისა, ცალკეული ბუჩქების (ხეების) მოსავლიანობა საკმაოდ მაღალია.

შინდს არ ახასიათებს მეწლეობა. მიუხედავად ასეთი თვისებისა, აღინიშნება წლები, როდესაც მოსავალი რაყებში ძალზე მცირეა, ანუ შეადგენს პოტენციალურის 30-40%.

როგორც მრავალწლიურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, ასეთ მოვლენას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ყვავილობის პერიოდში მკვეთრად ეცემა ჰაერის ტემპერატურე (წაყინვები) ან აღინიშნება ხანგრძლივი ნალექები.

ასეთი კლიმატური ანომალიების შემთხვევაში ყვავილების მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება, რაც საგრძნობლად ამცირებს შინდის რაყების საერთო მოსავალს.

შინდის რაყები (შინდნარი)

შინდის რაყებში აღინიშნება ფორმათა ნაირგვარობის ფართო სპექტრი. პრაქტიკულ ინტერესს წარმოადგენენ ფორმები, რომელნიც ყვავილობას იწყებენ 10-12 დღით გვიან, ვიდრე სხვა ბუჩქები.

ასეთი ფორმების ყვავილები კლიმატური ანომალიების შედეგად არ ზიანდებიან და სტაბილურად მსხმოიარობენ.

ნაყოფის ფორმის მიხედვით შინდის რაყებში გვხვდება მსხალისებური, მოგრძო, მრგვალი და მათ შორის გარდამავალი ფორმები. ასევე ფართო გამას წარმოადგენენ ნაყოფები შეფერილობის მიხედვით დაწყებული ღია წითელიდან და დამთავრებული ძალიან მუქი, ანუ თითქმის შავი ფერით.

ზემოთ ჩამოთვლილი ფორმათა ნაირგვარობის არასრული ნუსხიდან გვხვდება მსხვილნაყოფა წვრილკურკოვანი ეგზემპლარები (ფორმები), რომელთა რბილობი შეადგენს ნაყოფის მასის 65-75%-ს.

ასეთი ფორმების ნაყოფი ხასიათდება მაღალი სასაქონლო ღირებულებით და წარმოადგენენ შესანიშნავ მასალას შინდის სელექციისათვის.

შინდი საქართველოს ტყეებში გავრცელებულია გაფანტულად. მისი ნაყოფის მასობრივი დამზადება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ უბნებში, სადაც კონცენტრირებულია საკმაოდ დიდი მარაგი.

შინდის რაყები პირობითად ჩვენ დავყავით 3 ჯგუფად:

1. უბნები, სადაც კონკრეტულ სენოზში თითო ჰექტარზე შინდის ბუჩქების ოდენობა შეადგენს 60%-ზე მეტს, ანუ 60-90%;

2. უბნები, სადაც შინდის შერევა რაყებში შეადგენს თითო ჰექტარზე 30-60%-ს;

3. ფართობები, სადაც შინდის ბუჩქები გაფანტულნი არიან ერთეულად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მეჩხერებში შინდის ბუჩქის საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 8,6კგ., ხოლო ცალკეული ხეების 28-32კგ. საჰექტრო მინიმალური მოსავლის გაანგარიშებისათვის სავსებით მისაღებია 8კგ.

ამ შემთხვევაში პირველი ჯგუფის რაყებში, თუ ვიანგარიშებთ თითო ჰექტარზე 70 ძირს, საჰექტრო მოსავლიანობა შეადგენს (8X70) 560კგ. იმ შემთხვევაში, თუ უბანი 5-10 ჰექტრიანია ჯამური მოსავალი შეადგენს 5-6 ტონას, ხოლო მეორე ჯგუფის რაყებში მის ნახევარს, ანუ 2,5-3 ტონას.

მავნებელ-დაავადებები

მავნებელ-დაავადებების მიმართ შინდი საკმაოდ მდგრადი სახეობაა. ხშირბუჩქოვან რაყებში გვხვდება სხვადასხვა მავნებლები: შინდის ფოთლის ტკიპა, შინდის მენაღმე ჩრჩილი, ზამთრის მზომელა, მსხლის წითელი ფარიანა და სხვა მავნებლები, ისინი მნიშვნელოვან ზარალს მოსავალს არ აყენებენ.

ნიადაგდაცვითი ფუქნციები

გარდა ნაყოფის განსაკუთრებული თვისებებისა, შინდის ბუჩქებს გააჩნია ძლიერი ნიადაგდაცვითი ფუქნციები. სატყეომელიორაციული თვალსაზრისით შინდი უტოლდება ღვიებს და ჯაგრცხილას.

ჩვენ შევისწავლეთ შინდის ფესვთა სისტემები დიდი დაქანების (30-35º) თხელ ნიადაგებზე და საშუალო დაქანების (12-15º) ფერდობებზე. ფესვთა სისტემების სრული გათხრის შედეგად აღმოჩნდა, რომ დიდი დაქანების თხელ ნიადაგებზე შინდს ახასიათებს 6-7 გვერდითი ფესვი, რომელთა სიგრძე დაღმართ და გვერდით მიმართულებით აღწევს 7- 8 მეტრს, ხოლო აღმართის მიმართულებით 4-5 მეტრს. მათ გააჩნია მეორე და მესამე რიგის განტოტვები უამრავი წვრილი შემწოვი ფესვურებით.

ისინი აქტიურად ითვისებენ მათ ირგვლივ არსებულ ნიადაგურ სივრცეს, აღწევენ კლდის ნაპრალებში, რაც იწვევს მათ გაფართოებას და ტენის შენარჩუნებას. საშუალო დაქანების ფერდობებზე შინდი ანვითარებს ღრმა ფესვს, რომლის სიგრძე აღწევს 1 მეტრს, ხოლო გვერდითი ფესვები 4-5 მეტრს.

შინდის (სატყეო) ბიზნესის პერსპექტივა

პერსპექტივაში შინდის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს გაუჩნდებათ სურვილი გარეული რაყების ტყე-ბაღებად ტრანსფორმირებისა უმარტივესი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებით (გასხვლა; არასასურველი ბუჩქების მოცილება, ახალი ნერგების შეტანა და ა.შ.). შინდნარებში მოსავლიანობა საგრძნობლად გაიზრდება და ნაყოფის ხარისხიც გაუმჯობესდება.

შინდის ჯაგნარები წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს. მარტო ბორჯომის რაიონის ტყეებში ყოველწლიურად შესაძლებელია 250-300 ტონა შინდის ნაყოფის დამზადება.

ტყის ნობათი (ხილკენკროვანები) არის ღმერთის მიერ ნაბოძები თვითგანახლებადი რესურსი, რომელსაც არ ესაჭიროება თოხნა და სხვადასხვა სახის მოვლა. მისი შეგროვება და გადამუშავება ხელს შეუწყობს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

იმ შემთხვევაში, თუ ტყის ჯაგნარებს უმარტივეს აგროტექნიკურ ღონისძიებებს ჩაუტარებენ, მათი მოსავლიანობა გაიზრდება, ხოლო ნაყოფის ხარისხი გაუმჯობესდება.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამჟამად მსოფლიო ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნილება ეკოლოგიურად სუფთა სასურსათო პროდუქციაზე, მათი ფასიც მაღალია.

შინდის (Cornus mas L.) ბუჩქების ნაყოფმსხმოიარობის და სატყეო მელიორაციული თავისებურებანი საქართველოს მთის პირობებში. სატყეო მოამბე.

ავტორები: მიხეილ ზედელაშვილი, ლილი კობახიძე, ნონა ლაბაძე

თქვენი რეკლამა