ჩაი თუ ყავა?

ჩაი, ყავა

ჩაი თუ ყავა?

ჩვენს მენიუში მყარად დაიფუძნა ადგილი სასურსათო პროდუქტებმა, რომელიც არ წარმოადგენს „საკვებს“, ანუ არ აქვს კვებითი ღირებულება, მაგრამ სამაგიეროდ მასტიმულირებლად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ესენია: ჩაი, ყავა და სხვა მსგავსი მოქმედების სასმელები, რომელსაც „გამოსაფხიზებლად“, „ენერგიის მომატებისთვის“ ვსვამთ.

სინამდვილეში უშაქრო ჩაის და ყავას არ გააჩნია ენერგეტიკული ღირებულება (კალორიები), მაგრამ ისინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს გონებრივ აქტივობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობას. ყოველივე ამის მიზეზია ამ სასმელებში შემავალი ალკალოიდი კოფეინი. სწორედ კოფეინი გვეხმარება გამოვფხიზლდეთ, ვიყოთ უფრო პროდუქტიული, თუმცა მისი მოქმედების გასვლის შემდეგ ადამიანს დაღლილობა ეუფლება.

ალბათ ბუნებრივად დაგებადათ შეკითხვა: რომელი უკეთესად აფხიზლებს – ჩაი თუ ყავა? კოფეინის შემცველობა ყავის ნაყოფსა და ჩაის ფოთოლში (მშრალ წონაზე გადაანგარიშებით) დაახლოებით ერთნაირია – ზოგ ჩაის ფოთოლში კოფეინი მეტიც კია, ვიდრე ყავაში. თუმცა ამ კოფეინის შემცველობა ჩვენს მიერ დასალევ სასმელში მისი მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული.

ჩაის მომზადების მეთოდები უფრო “რბილია”, ყავა კი მომზადებამდე საკმაოდ ძლიერ ზემოქმედებას განიცდის – მოხალვა, მაღალი ტემპერატურის და ზოგჯერ მაღალი წნევის წყლის ზემოქმედება. შედეგად ყავის ჭიქაში კოფეინის შემცველობა საშუალოდ 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ჩაის ჭიქაში.

თავად ყავებშიც არის განსხვავება – როგორც წესი, კოფეინის შემცველობა უფრო მაღალია აპარატის ყავასა და ესპრესო-ყავაში და უფრო ნაკლებია ე.წ. “თურქულ ყავასა” ან ხსნადი ფხვნილისა თუ გრანულებისგან მომზადებული ყავაში. თუმცა ეს გასაშუალოებული მონაცემებია – ბევრია დამოკიდებული ყავის სორტზე, დამუშავებაზე და სასმელის მომზადებაზე.

გარდა კოფეინის შემცველობისა, ჩაისა და ყავას შორის განსხვავება ამ კოფეინის ზემოქმედების სისწრაფეშია. ყავის კოფეინი მომენტალური ზემოქმედებით ხასიათდება, თუმცა ის ასევე სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან (ყავა შარდმდენია. მისი მიღებიდან 3-5 საათში კოფეინი შარდთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან). ჩაიში შემავალი კოფეინის მოქმედება კი უფრო ნელი და ხანგრძლივია, რაც ჩაიში შემავალი ტანინებით არის განპირობებული. ამიტომ ყავა სწრაფად და შედარებით მოკლე პერიოდით გაფხიზლებთ. ჩაი კი უფრო რბილ, თუმცა უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ ეფექტს იძლევა.

და კიდევ ერთი: კოფეინი არ არის უვნებელი ნივთიერება! 10 გ კოფეინი ადამიანისთვის სასიკვდილო დოზაა. ამიტომ მის შემცველ ყველა სასმელთან მიმართებით უნდა დაიცვათ ზომიერება. ადამიანისთვის უვნებელ დოზად 150 მგ კოფეინი მიიჩნევა. ერთი ჭიქა ჩაი დაახლოებით 50 მგ კოფეინს შეიცავს, ერთი ჭიქა ყავა კი ორჯერ მეტს.

საბედნიეროდ, კოფეინი ორგანიზმიდან მალე გამოიდევნება, ამიტომ დასაშვებია დღეში 3-4 ჭიქამდე ყავის და 6 ჭიქამდე ჩაის დალევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა ერთდროულად არ უნდა დავლიოთ! (სასურველია ჭიქებს შორის 3-4 საათის ინტერვალი მაინც დავიცვათ).

ზომიერად უნდა ვიყოთ კოფეინის შემცველ ცივ სასმელებთან მიმართებაშიც, როგორიცაა ცივი ჩაი, ცივი ყავა, კოკა-კოლა, რედ-ბული და სხვა. განსაკუთრებით არასასურველია კოფეინის შემცველი სასმელების მიღება ალკოჰოლთან ერთად, ან დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

ყავის არჩევა

ყავა მზადდება მარადმწვანე Coffea-ს გვარის ხის მარცვლებისაგან. ეს გვარი 40-მდე სახეობას მოიცავს, მაგრამ სამრეწველო მნიშვნელობა ძირითადად ორი სახეობის ყავის ხეს _ არაბიკასა და რობუსტას გააჩნია. რობუსტის მარცვლები ხასიათდება კოფეინის მაღალი შემცველობით, მაგრამ უხეში გემოთი. არაბიკა უფრო არომატული და გემრიელია, მაგრამ მასში ნაკლებია კოფეინი. მიუხედავად ამისა, არაბიკას მარცვლები დაახლოებით ათჯერ უფრო ძვირია რობუსტისაზე.

სხვადასხვა ქვეყანაში მოყვანილი არაბიკისა და რობუსტის მარცვლების განსხვავებული თანაფარდობის ნარევებით იქმნება ყავის სორტები. სორტების სიმრავლეს განაპირობებს ის ფაქტი, რომ არაბიკა ნიადაგის, წყლის, კლიმატის და სხვა ფაქტორების გავლენით იძენს განსხვავებულ საგემოვნო და არომატულ თვისებებს.

ყავის სორტის სახელწოდება ძირითადად ეთანადება იმ ქვეყანას, ქალაქს, მთისა ან დაბლობის სახელწოდებას, სადაც იგი იყო მოყვანილი. მაღალი ხარისხის ყავა შედგება არაბიკისა და რობუსტის მინიმუმ 5-7 სახეობის კუპაჟისაგან (ნარევისაგან). თუკი უფრო ”ძლიერი” ყავა გინდათ, უნდა შეიძინოთ ის, სადაც რობუსტი მეტია, ხოლო თუკი უფრო გემრიელი გსურთ – მაშინ ის, სადაც არაბიკაა მეტი. ყავის სორტი ”ექსპრესო” რობუსტისა და არაბიკას თანაბარი (50/50) ნარევია.

დღევანდელ მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას ხსნად ყავას (Instant coffee) ანიჭებს, რომელიც ძირითადად რობუსტისგან მზადდება. გემოს განსხვავება კი ტექნოლოგიასა და გამოყენებული ყავის წარმომავლობაზეა დამოკიდებული

ტექნოლოგიის მიხედვით იწარმოება სამი სახის ხსნადი ყავა:

  • ფხვნილისებური (სპრეი). ამ სახის ყავა მიიღება ყავის ექსტრაქტის (გამონაწვილის) გაფრქვევით გაშრობით. ხსნადი ყავის სეგმენტში ეს ყველაზე იაფფასიანი პროდუქტია;
  • გრანულირებული (აგლომერატი), ყავის ეს სახეობა მიიღება ფხვნილის დასველებით და შემდგომ მისი გრანულირებით. ეს პროდუქტი შედარებით მუქი ფერის ”ხორკლიან” გრანულებს წარმოადგენს;
  • სუბლიმირებული (Freeze-dried coffee) ყავა შედარებით ღია ფერის, გლუვი გრანულებია. ეს პროდუქტი ხსნად ყავებში ყველაზე ძვირია და განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხასიათდება. მის მისაღებად ყავის ექსტრაქტი იყინება და შემდეგ შრება თხევადი ფაზის გავლის გარეშე. ამ ტიპის შრობით მიიღება ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სასმელი.

ხსნადი ყავა იოლი მოსამზადებელია, მაგრამ მისი წარმოების დროს ყავის არომატი ნაწილობრივ იკარგება, ამიტომ გურმანები როგორც წესი ე.წ. ”თურქულ ყავას” ან აპარატის ყავას ამჯობინებენ. მათ მოსამზადებლად კი ან მარცვლოვანი ან დაფქვილი ყავა უნდა შეიძინოთ.

მარცვლოვანი ყავის შეძენისას უნდა შეეცადოთ შედარებით ღია ფერის, ნაკლებად მოხალული პროდუქტი აირჩიოთ. რატომ? საქმე იმაშია, რომ დაძველებული ყავის მარცვლები არომატს კარგავს. მის აღსადგენად მარცვლებს რეცხავენ და ხელახლა ხალავენ.

ასე რომ რაც უფრო ბევრჯერ მოხალულია (მუქი ფერისაა) გასაყიდი ყავის მარცვლები, მით მეტია ალბათობა, რომ ყავა ძველია. გარდა ამისა, ყოველი მოხალვისას მარცვალში არსებული კოფეინის ნაწილი მარცვლის ზედაპირზე გამოიყოფა და თანდათან ორთქლდება . ამიტომ, რაც მეტჯერ არის მოხალული ყავა, მით ნაკლებია მასში კოფეინის შემცველობა.

მოკლედ ჩვენი რჩევა ასეთია: შეიძინეთ რაც შეიძლება ნაკლებად მოხალული ყავის მარცვლები და დაფქვის წინ თავად მოხალეთ ისინი. მაშინ ყავის ფინჯანს არომატიც კარგი ექნება და კოფეინიც საკმარისი იქნება მასში.

იმისთვის, რომ არ აგერიოთ, რომელ ყავას იძენთ, არაბიკას თუ რობუსტას – დაუკვირდით მარცვლის ფორმას. არაბიკა უფრო მოგრძო და ბრტყელია, რობუსტა კი – უფრო მომრგვალებული.

რაც შეეხება დაფქვილი ყავის შეძენას, აქ მთავარი ორიენტირია არომატი და შენახვის ვადა. გარდა ამისა:

  • თუ დაფასოებულ ყავას ყიდულობთ, უმჯობესია შეიძინოთ ვაკუუმშეფუთვაში დაფასოებული ყავა. შეძენისას კარგად დაათვალიერეთ, რომ შეფუთვა დაზიანებული არ იყოს (ვაკუუმ-ბრიკეტი ასეთ შემთხვევაში დარბილებული იქნება);
  • თუ ასაწონ დაფქვილ ყავას ყიდულობთ, ჯობს მარცვლები თქვენი თანდასწრებით დაფქვან;
  • ნუ შეიძენთ ქაღალდის პარკებში წინასწარ დაფასოებულ დაფქვილ ყავას, _ მას შესაძლებელია არომატი უკვე დაკარგული ჰქონდეს.

სამწუხაროდ ბაზარზე გვხვდება დაფქვილი ყავის ფალსიფიკაცია, რომელშიც ყავასთან ერთად სხვა მინარევები (მაგალითად რკოს, ვარდკაჭაჭს ძირების ან ყურძნის წიპწის ფქვილი) არის დამატებული. ამ ფალსიფიკაციის გამოვლენა საკმაოდ იოლია: ჩაყარეთ ცოტაოდენი დაფქვილი ყავა ცივ წყალში და მოურიეთ. ყავის ფხვნილი წყლის ზედაპირზე დარჩება, უცხო მინარევები კი ფსკერზე დაილექება.

სახლის პირობებში აგრეთვე საკმაოდ იოლია დაფქვილი ყავის სიძველის დადგენა: დაასხით ყავას მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 წუთი და დაყნოსეთ. თუ ყავა ძველია, მას სიმჟავის სუნი ექნება.

ჩაის არჩევა

პროდუქტი ”ჩაი” ჩაის ბუჩქის ნაზი ყლორტებისგან მზადდება. სამომხმარებლო ბაზარზე სხვადასხვა ჩაი იყიდება. შეგხვედრიათ ალბათ შავი ჩაი, ყვითელი ჩაი, მწვანე ჩაი და სხვა. ჩაის ფერი ფოთლის დამუშავების ტექნოლოგიით არის განპირობებული. რაც უფრო ღია ფერის არის ჩაი, მით უფრო ნაკლებად არის იგი დამუშავებული და მეტ სასარგებლო (ბიოლოგიურად აქტიურ) ნივთიერებებს შეიცავს. სამაგიეროდ უფრო მეტად დამუშავებული (უფრო მუქი) ჩაი უფრო არომატული და გემრიელია. კოფეინის შემცველობის მიხედვით შავი და მწვანე ჩაი არ განსხვავდება, ამიტომ გამომაფხიზლებელი ეფექტი ორივეს ერთნაირი აქვს.

ნებისმიერი ფერის ჩაი სხვადასხვა სახით შეიძლება იყიდებოდეს. კერძოდ შეიძლება იყოს ე.წ. ბაიხის ჩაი (ანუ ფანტია), დაწნეხილი ჩაი, ჩაი ერთჯერად პაკეტებში ან ჩაის ექსტრაქტი.

ყველაზე იოლი მოსახმარი და ამიტომ ყველაზე გავრცელებულია ერთჯერადი პაკეტების ჩაი. თუმცა, ვინაიდან მომხმარებელი ვერ ხედავს, თუ რა არის მოთავსებული პაკეტში, სამწუხაროდ ხშირია ამ ტიპის ჩაის ფალსიფიკაცია, როდესაც იყენებენ ძალზე დაბალი ხარისხის ჩაის მასალას, თითქმის მტვერს, რომელსაც გემოს, არომატისა და ფერის მისანიჭებლად სხვადასხვა საკვებდანამატებს უმატებენ.

ამ ფალსიფიკაციის გამოსავლენად ასეთ მეთოდს გთავაზობთ:

  • დაასხით ჩაის პაკეტს ცივი წყალი – ჩაის ნატურალური მღებავი ნივთიერებები ძნელად იხსნებიან ცივ წყალში, ხოლო დამატებული საღებავები კი უცებ;
  • თუ ჩაის ჭიქაში ჩაგდებულმა ლიმონის ნაჭერმა ნაყენის ფერი არ შეცვალა, თქვენ ფალსიფიცირებული ჩაი შეგიძენიათ.

კარგი ხარისხის ჩაის არჩევა თუ გინდათ, გირჩევთ ბაიხის (ანუ ფანტია, loose tea) ფოთლოვანი ჩაი შეიძინოთ. ასეთ შემთხვევაში კარგად ჩანს ჩაის მასა და უფრო რთულია ფალსიფიცირება.

შავი ჩაის არჩევისას დააკვირდით:

  • ჩაის ნაწილაკები (ფოთლები) მუქი და მბზინვარე უნდა იყოს;
  • ჩაის უნდა გააჩნდეს დამახასიათებელი მძაფრი არომატი და არ უნდა ჰქონდეს რაიმე უცხო სუნი (ხორცის, თევზის, პარფიუმერიის – ამ პროდუქტებთან ერთად შენახვისას ჩაი ძალიან იოლად იძენს მათ სუნს. ასეთი ჩაის დალევა კი ნამდვილად არასასიამოვნოა.
  • გირჩევთ, ნუ შეიძენთ ჩაის, რომელიც მხოლოდ მუყაოს კოლოფშია შეფუთული – ასეთ შეფუთვაში ჩაი ძალიან მალე კარგავს არომატს. კარგი ჩაი ფოლგაში ან ცელოფანში მაინც უნდა იყოს შეფუთული.
 ჩაის დაყენება
ყველამ ვიცით, რომ ჩაი ფერს მდუღარე წყლის რამდენჯერმე დასხმისასაც იძლევა, მაგრამ დაიმახსოვრეთ: სასარგებლო და გამომაფხიზლებელი მოქმედებით მხოლოდ ახალდაყენებული ჩაი ხასიათდება! შემდგომი დაყენების ჩაის სასარგებლო თვისებები კლებულობს.

კარგი ჩაის დასაყენებლად 1 ფინჯანი ჩაისთვის 1 ჩაის კოვზი ჩაი უნდა იანგარიშოთ. ჩაის დასაყენებლად არ გამოიყენოთ რკინის ჩაიდანი ან თერმოსი. ფერის დასაყენებელი ჩაიდანი ფაიფურის ან შუშის უნდა იყოს და ის წინასწარ ჯობს გაათბოთ. შავი ჩაის ფერის დასაყენებლად მდუღარე (90-95 გრად) წყალი გამოიყენება, მწვანე ჩაისთვის კი ნაკლები ტემპერატურის (65-80 გრად). ჩაიდანს დაახურეთ ნაჭერი და დააყენეთ. კარგი შავი ჩაის დაყენებას 5 წუთი უნდა, მწვანე ჩაის – დაახლოებით 3 წუთი.

წინა დღეს დაყენებული ჩაი ჯამრთელობას ნამდვილად არ დააზიანებს, მაგრამ გემო და არომატი ამ ნაყენს უფრო ნაკლები ექნება, ვინაიდან მათი განმაპირობებელი ეთერ-ზეთები ორთქლდება. ნაყენი აგრეთვე კარგავს თავის სასარგებლო თვისებებსაც – მასში შემავალი ვიტამინები იშლება, ნაყენში მატულობს პურინის ფუძეების შემცველობა, რაც ადამიანისთვის მავნეა. თუმცა ამავე დროს ნაყენში მატულობს კოფეინის რაოდენობაც, ასე რომ რამოდენიმე საათის დაყენებული ჩაი უფრო მეტად აფხიზლებს.

წყარო: momxmarebeli.ge

თქვენი რეკლამა