საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა შესაშური არ არის

442 Views Comment Off

მცირე მეწარმეები ვერ უძლებენ უთანასწორო კონკურენციას და ხშირ შემთხვევაში საქმიანობას წყვეტენ

მცირე ბიზნესის განვითარების აუცილებლობა ყველას კარგად ესმის. ბევრი რამ თქმულა მცირე მეწარმეთა პრობლემებზე, მათ სატკივარზე, თუმცა დრო გადის, პრობლემები პრობლემებად რჩება და არც მცირე მეწარმეთა შემოსავალი იზრდება, არც მათი რაოდენობა, სამაგიეროდ სწრაფი ტემპით ვითარდება მსხვილი ბიზნესი.

ეს კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებიდანაც: ”ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში გაიზარდა მსხვილი გადამხდელების რაოდენობა, რომელთა ბრუნვა 3 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო მათი შემოსავალი 4,5 მილიარდი ლარით გაიზარდა” -აღნიშნა ღარიბაშვილმა თავის ანგარიშში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამავე პერიოდში წვრილი და საშუალო ბიზნესის ბრუნვა არ შეცვლილა და კვლავ ერთი მილიარდია, ყველაფერი ნათელი ხდება.

ბუნებრივია, მცირე მეწარმეები ვერ უძლებენ უთანასწორო კონკურენციას და ხშირ შემთხვევაში საქმიანობას წყვეტენ. bpn.ge-მ რამდენიმე მცირე მეწარმე გამოკითხა. გიორგი ნ. ყვება, რომ პატარა მაღაზია ჰქონდა ვერაზე, ერთ მყუდრო ქუჩაზე, მაგრამ მისმა ბიზნესმა მხოლოდ ერთი წელი იმუშავა. ”მიზეზი უამრავი იყო.

პირველ რიგში მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი, ყოველ მეორეს ნისიად უნდოდა პროდუქტის წაღება, ამას ემატებოდა გადასახადები, ბოლოს კი, იქვე ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა, რამაც სულ გაგვიფუჭა საქმე. ჩემთან მარტო ისეთი ხალხი მოდიოდა, ვისაც სურსათის შეძენა ნისიად უნდოდა. შემოსავალი მაღაზიის ხარჯებს ვეღარ ფარავდა და იძულებული გავხდი, დამეხურა. ჩვენთან მცირე ბიზნესს განსაკუთრებული ხელშეწყობა არასოდეს ჰქონია და ეჭვი მაქვს, რომ არც ექნება”,-ამბობს რესპონდენტი.

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის აზრით, მცირე და საშუალო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ უყურადღებოდ არის მიტოვებული.

დემურ გიორხელიძე: ”მცირე ბიზნესი უმთავრესი ღერძია ხალხის დასაქმებისა. ამ სფეროში გაიწოვება ინდმეწარმეთა ლატენტური ფენები და მოსახლეობას შემოსავლის წყარო უჩნდება. მიუხედავად ტოტალური უმუშევრობისა, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე 22 წელია მიტოვებულია ხელისუფლების მიერ. ჩვენს ქვეყანაში ამ ბიზნესის განვითარების პოლიტიკა არ არსებობს. აქცენტი გადატანილია მონოპოლიურ სტრუქტურებზე.

ამ პროცესის კულმინაცია იყო წინა ხელისუფლების საქმიანობა, რომელმაც ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული გახადა და მცირე ბიზნესის სრული იგნორირება მოახდინა. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება: ჩვენ ვხედავთ, რომ 2 წლის განმავლობაში 4,5 მილიარდი ლარით გაიზარდა უმსხვილესი ფირმების შემოსავალი, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი იმავე დონეზე დარჩა. თუ ასე გაგრძელდება, არანაირი შანსი იმისა, რომ ქვეყანაში დასაქმება გაიზარდოს და სიღარიბე შემცირდეს, აღარ არსებობს.

პროგრამები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს, მიზერულია და მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების შანსს არ აძლევს. ეს არასწორად გათვლილი პროგრამებია, ამიტომ, რაიმე რადიკალურ ცვლილებებს სოციალურ- ეკონომიკური ფონის მხრივ ქვეყანაში არ უნდა ველოდოთ”.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მონოპოლისტური ჯგუფების მხარდაჭერის გზა აირჩია და მცირე და საშუალო ბიზნესი უყურადღებოდ დატოვა: ”ახლის გამოგონება შეუძლებელია, მსოფლიოში უკვე ყველაფერი გამოგონილია.

თუ ამერიკა და დასავლეთი მოგვწონს, მცირე ბიზნესისადმი დამოკიდებულებაც მათგან უნდა გადავიღოთ. ჩვენთან კი რა ხდება? — დავანებოთ თავი ოფიციალურად დაწესებულ გადასახადებს, მცირე ბიზნესის უბედურება კომუნალური გადასახადებიდან იწყება — ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის ძალიან მაღალია, ასევე მაღალია წყლისა და დასუფთავების გადასახადიც.

ეს არის წურბელა ორგანიზაციები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს მძიმე ტვირთად აწევს კისერზე, მათი ტარიფები უსამართლოა და მხოლოდ ვიწრო ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. ამ, და სხვა მიზეზების გამო მცირე ბიზნესს რჩება ძალიან მცირე თანხა იმისათვის, რომ განვითარდეს და ამიტომაც ვერ ვითარდება. ამას ისიც ადასტურებს, რომ საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა არ შეცვლილა.”

”საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის” დირექტორი თამაზ ვაშაკიძეც 
ფიქრობს, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა შესაშური სულაც არ არის: ”ვფიქრობ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ კანონი არა აქვს.

გადახედონ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობას და ნახავენ, რომ ყველას აქვს მიღებული კანონი მცირე მეწარმეთა მხარდასაჭერად და თუ არა აქვს, მაშინ ამ ქვეყანაში ევროკავშირის კანონმდებლობით სარგებლობენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არაფერს ნიშნავს.

მთავარია, ამ სამყაროსკენ რეალური ნაბიჯები გადავდგათ: არ შეიძლება ერთი და იმავე პროცენტული მაჩვენებლებით იბეგრებოდეს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესიც — მათ შორის, ნავთობპორდუქტების შემომტანი კომპანიები, რომლებიც მილიარდებს ატრიალებენ. რაც შეეხება მიკრომეწარმის სტატუსს, რომელიც ჩვენთან 2011 წელს შემოიღეს, ეს ვიღაც ავადმყოფის გონებაში მომწიფდა და დაიბადა, იმიტომ, რომ არ შეიძლება მეწარმე დაარქვა კაცს, რომელსაც 30 ათასი ლარის ბრუნვა აქვს წელიწადში, ეს მეწარმეობა არ არის. გაყონ ეს რიცხვი 365-ზე და ნახავენ, რა შემოსავალზეა საუბარი”.

თამაზ ვაშაკიძის აზრით, მეწარმეობა ვერ განვითარდა სახელმწიფო სექტორის გამოც: ”ამ სექტორში ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ, თანაც, იქ მუშაობს რამდენიმე კაცი, დანარჩენები კი, მუქთახორები არიან. საიდან უხდიან ამ ხალხს ხელფასს? — ისევ მეწარმეებს ბეგრავენ. ეს მაშინ, როცა არც ერთი ნორმალური წინადადება მცირე მეწარმეობის დასახმარებლად ჩვენი სამინისტროებიდან ჯერ არ წამოსულა.

არავინ ინტერესდება, მეწარმეები რა პირობებში არიან, როგორ ახერხებენ საქონლის შეძენას, რა ხარჯი სჭირდებათ, რომ თავისი საქმე შეინარჩუნონ. თანაც, ამ დიდმა მაღაზიებმა და სუპერმარკეტებმა დაახრჩო პატარა მაღაზიები. ბუნებრივია, ადამიანს ურჩევნია კეთილმოწყობილ სუპერმარკეტში შევიდეს, ვიდრე პატარა მაღაზიაში.

საქართველოში მონოპოლიების არსებობა ძალიან აფერხებს მცირე მეწარმეობის განვითარებას. შექმნილი სიტუაცია კი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ არა გვაქვს გააზრებული რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისათვის მცირე და საშუალო ბიზნესს”.

ხათუნა ჩიგოგიძე
bpn.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB