საქართველოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები მკვეთრად იზრდება

338 Views Comment Off

რეკლამირების სხვადასხვა საშუალებებს შორის ინტერნეტ რეკლამა განვითარების ყველაზე მზარდი ტემპებით გამოირჩევა. 

ამერიკული მედია კვლევითი ორგანიზაცია Magna Global-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები მკვეთრად გაიზრდება და გლობალური სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების 30%-ს შეადგენს.

Magna Global-ი კიდევ უფრო შორს მიდის და ვარაუდობს, რომ 2017 წლისთვის ინტერნეტ რეკლამა უკან ჩამოიტოვებს სატელევიზიო რეკლამას. 

სარეკლამო კომპანიები ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების ზრდას ვარაუდობენ საქართველოშიც. სარეკლამო კომპანია Advertline-ის ინფორმაციით, საქართველოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება და 2014 წელს ზრდამ 64 პროცენტი შეადგინა. კომპანიის პროგნოზით, 2015 წლისთვის ზრდის მაჩვენებელმა 60%-ს უნდა მიაღწიოს.

”დაგეგმილთან შედარებით 2014 წელს ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ინტერნეტის ზრდა იყო 64%, მომავალი წლისთვის ველოდებით 60%-იან ზრდას. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ინტერნეტ რეკლამისთვის, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო ახლა ვითარდება საქართველოში. სატელევიზიო რეკლამისგან განსხვავებით, ინტერნეტში რეკლამის დამკვეთი მეტად თავისუფალია — არ არის შეზღუდული დროსა და შესაძლებლობებში, შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რამდენის საშუალებასაც ბიუჯეტი და ფანტაზია მისცემს”, — ამბობს ”ედვერთლაინის” წარმომადგენელი თეა თაბაგარი. 

სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ თუ ადრე კომპანიები სარეკლამო ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ტელევიზიისკენ მიმართავდნენ, ბოლო პერიოდში როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო კომპანიები ამცირებენ სატელევიზიო ბიუჯეტს და მას ინტერნეტ რეკლამის სასარგებლოდ ზრდიან.  ”საქართველოში ინტერნეტ რეკლამის ბაზარი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ დიდი კომპანიები აორმაგებენ კიდეც ინტერნეტ რეკლამის ბიუჯეტს და სულ უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს ინტერნეტ რეკლამის სასარგებლოდ ”, — აცხადებს ”ედვერთლაინის” წარმომადგენელი თეა თაბაგარი. 

მისივე თქმით, რეკლამის დამკვეთთა არჩევანზე გარკვეულ გავლენას ახდენს ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ინტერნეტი საშუალებას იძლევა, დამატებითი დანახარჯებისა და კვლევების გარეშე გვქონდეს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი დამთვალიერებელი ჰყავს ამა თუ იმ საიტს და შესაბამისად, იქ განთავსებულ რეკლამასაც.

რაც შეეხება ინტერნეტ რეკლამას ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით, ”ედვერთლაინის” ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ინტერნეტ რეკლამის ბაზარზე მნიშვნელოვნად გააქტიურდა ფარმაცევტული სექტორი. ამავდროულად, წინა წლების მსგავსად, კვლავაც აქტიური რჩება საბანკო სექტორი, სათამაშო ბიზნესისა და სამშენებლო სექტორი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო კომპანიები სულ უფრო მასშტაბურ ინტერნეტ კამპანიას მიმართავენ. 

”ედვერთლაინში” ასევე აღნიშნავენ, რომ მართალია ინტერნეტ რეკლამის ქართული ბაზარი ევროპულ და ამერიკულ ბაზარს ჩამორჩება, თუმცა რეგიონის თვალსაზრისით საკმაოდ კარგ პოზიციაზე იმყოფება.

bpn.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB