საქართველოს «ვაზისა და ღვინის შესახებ» კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება

131 Views Comment Off

აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

შეხვედრაში კომიტეტის წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მეცნიერები და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ექსპერტ-სპეციალისტები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენისას, ყურადღება ძირითადად იმ საკითხებზე გაამახვილა, რამაც მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოიწვია.

მომხსენებლის შეფასებით, ჯერ კიდევ 1998 წელს მიღებული კანონი, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული იყო, მაგრამ მასში შემდგომ წლებში შესულმა ცვლილებებმა, ევროკავშირთან დაახლოების პროცესის გააქტიურებამ, ევრორეგლამენტის მოთხოვნებმა დღის წესრიგში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა. მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტით არის მცდელობა, რომ ტერმინოლოგია და ცალკეული განმარტებები დაუახლოვდეს საერთაშორისო პრაქტიკას.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კანონის ის მუხლები, რომლებიც ეხება ვაზის გენეტიკური რესურსებისა და ადგილობრივი ჯიშების დაცვას, ვაზის სამეწარმეო ჯიშებს და კლასიფიკაციას, მევენახეობის ზონებს და ქვეზონებს,დაცული ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოებს და სხვა. სავალდებულო იქნება ყველა დაფასოებული ღვინის სერტიფიცირება, ამასთანავე ახალი წესი გაამარტივებს სერტიფიცირებას ადგილობრივ ბაზარზე და ა.შ.

კანონპროექტის ზოგადი პრინციპების გაცნობის შემდეგ, დისკუსია გაიმართა. მეცნიერთა აზრით, ცვლილებები დროულია და უნდა განხორციელდეს, თუმცა ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას საჭიროებს, მაგალითად, თუნდაც ქვეზონების. მეცნიერთა აზრით, საქართველოში მევენახეობის უფრო მეტი რაოდენობის ზონა და ქვეზონაა, ვიდრე ამას წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად გამოიკვეთა დაცული  ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოების საკითხი. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვრებში მოწეული ყურძნის გადამუშავება და ღვინის წარმოება მხოლოდ ამ დაცული გეოგრაფიული ადგილის შიგნით უნდა იყოს დაშვებული და ეს ფაქტი კანონით უნდა იყოს გამყარებული.

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ეს, ფაქტობრივად, ასეცაა — ყურძნის გადამუშავება და ღვინის წარმოება დაცული გეოგრაფიული ადგილის გარეთ მხოლოდ მაშინ იქნება დაშვებული, თუ კი ამას შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის წარმოების ინსტრუქცია არ შეზღუდავს, რასაც ითვალისწინებს კანონის მე-18 მუხლი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიგლა აგულაშვილს მიაჩნია, რომ რომელიმე ზონიდან ყურძნის გატანა-არგატანის საკითხი მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით, დღევანდელ ეტაპზე მაინც დიფერენცირებულ მიდგომას საჭიროებს, და თითოეული ჯიშის ყურძნისათვის შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ვინაიდან ეს საკითხი მეცნიერებში, მწარმოებლებში, სახელმწიფო სტრუქტურებში  დავის საგანს წარმოადგენს და კითხვებს აჩენს, იქნებ გარკვეული სახის კვლევაც ჩატარებულიყო სრული სურათის მისაღებად.

„საერთოდ, ეს საკითხი ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, გარკვეული ბალანსია მოსაძებნი. ზოგადად, იგი შეიძლება მაინც გრძელვადიან ამოცანად განვიხილოთ, ვინაიდან მყისიერი მოქმედებით სავსებით შესაძლებელია პრობლემა შეექმნას როგორც მრეწველობას, ასევე ადგილობრივებს“, — განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კანონპროექტის პარლამენტში ოფიციალურად საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირებამდე, მსგავსი შეხვედრები შედგება ასევე ფერმერებთან, ბიზნესმენებთან, უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვინც ღვინოს აწარმოებს, რათა პრობლემური საკითხები, თუ კიდევ  დარჩა რამე ყურადღების მიღმა, კანონპროექტის საბოლოო მიღებამდე დაზუსტებულ იქნას.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3679 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB